მონოპოლისტური კონკურენცია არსებობს მაშინ, როდესაც ბაზარს ბევრი კომპანია სთავაზობს კონკურენტ პროდუქტებს ან მომსახურებებს, რომლებიც მსგავსია, მაგრამ ისინი ერთმანეთის სრულყოფილ შემცვლელებად არ გამოდგება.
მონოპოლისტურ კონკურენტულ ინდუსტრიაში შესვლის ბარიერები დაბალია და რომელიმე ფირმის გადაწყვეტილებები პირდაპირ არ ზემოქმედებს მის კონკურენტებზე. კომპანიები საკუთარ პროდუქტს სხვებისგან ფასებისა და მარკეტინგული გადაწყვეტილებების საშუალებით განასხვავებენ.
მონოპოლისტური კონკურენციის გააზრება
მონოპოლისტური კონკურენცია წარმოადგენს ერთგვარ ბალანსს მონოპოლიასა და სრულყოფილ კონკურენციას შორის. ის აერთიანებს თითოეულის ელემენტებს და მოიცავს კომპანიებს მსგავსი, მაგრამ არა იდენტური შეთავაზებებით.
რესტორნები, სილამაზის სალონები, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტანსაცმლის მაღაზიები მონოპოლისტური კონკურენციის ინდუსტრიის მაგალითებია.
ასეთ ინდუსტრიებში პროდუქტებსა და მომსახურებებზე მოთხოვნა ძალიან ელასტიურია. კონკურენტი კომპანიების მთავარი სტრატეგია კი ხშირად ფასწარმოქმნაზე ფოკუსირებაა. ერთმა ფირმამ შეიძლება დაბალი ფასი დააწესოს და უარი თქვას მოგების მაღალ მარჟაზე იმ იმედით, რომ გაყიდვები გაიზრდება. სხვამ კი, შესაძლოა, ფასი გაზარდოს და გამოიყენოს ისეთი შეფუთვა ან მარკეტინგი, რომელიც უკეთეს ხარისხზე ან დახვეწილობაზე მიუთითებს.
კომპანიები ხშირად იყენებენ განსხვავებულ მარკეტინგულ სტრატეგიებს და ბრენდინგს თავიანთი პროდუქტების სხვებისგან გამოსარჩევად. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა პროდუქტი ერთსა და იმავე მიზანს ემსახურება, ხშირად რიგითმა მომხმარებელმა არ იცის ზუსტი განსხვავებები სხვადასხვა პროდუქტს შორის ან ის, თუ როგორ განსაზღვროს, რა შეიძლება იყოს სამართლიანი ფასი.
მონოპოლისტური კონკურენციის უპირატესობები და ნაკლოვანებები
მონოპოლისტურ კონკურენციას, მომხმარებლებისთვის და კომპანიებისთვის, გააჩნია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები.
უპირატესობები:
- ბაზარზე შესვლის მცირე ბარიერები ახალი კომპანიებისთვის;
- მრავალფეროვანი არჩევანი მომხმარებლებისთვის;
- კომპანიებისთვის ფასწარმოქმნისა და მარკეტინგის მიმართულებით გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება;
- პროდუქტის თანმიმდევრული ხარისხი მომხმარებლებისთვის.
ნაკლოვანებები:
- ბევრი კონკურენტის არსებობა ზღუდავს წვდომას მასშტაბის ეკონომიაზე;
- კომპანიის არაეფექტიანი ხარჯები მარკეტინგის, შეფუთვისა და რეკლამირების მიმართულებით;
- მომხმარებლებისთვის ზედმეტად ბევრი არჩევანის არსებობა მეტი კვლევის საჭიროებას ნიშნავს;
- შეცდომაში შემყვანი რეკლამა ან არასრულყოფილი ინფორმაცია მომხმარებლებისთვის.
რამდენად კარგია მონოპოლისტური კონკურენცია?
ზოგადად, რაც უფრო ახლოს არის ინდუსტრია სრულყოფილ კონკურენციასთან, მით უკეთესია ის მომხმარებლებისთვის. ხოლო ინდუსტრიის მონოპოლიასთან სიახლოვე უკეთესია ბიზნესებისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ მონოპოლისტური კონკურენცია ამ ორ სტრუქტურას შორის გარკვეულ ბალანსს წარმოადგენს, ის შეიძლება იყოს ერთგვარი ოქროს შუალედი როგორც კომპანიებისთვის, ისე მომხმარებლისთვის.
სხვა რა სახის საბაზრო სტრუქტურები არსებობს?
საბაზრო სტრუქტურის ოთხი ძირითადი ტიპი არსებობს. ესენია: მონოპოლისტური კონკურენცია, სრულყოფილი კონკურენცია, ოლიგოპოლია და მონოპოლია.
ინდუსტრიების უმეტესობა მონოპოლისტური კონკურენციას ან ოლიგოპოლიას წარმოადგენს. სრულყოფილი კონკურენციისა და მონოპოლიის მაგალითები პრაქტიკაში ნაკლებად გვხვდება.
სრულყოფილი კონკურენციის პირობებში პროდუქტები იდენტურია, არ არსებობს ბაზარზე შესვლის ბარიერები და მყიდველებს გააჩნიათ სრულყოფილი ინფორმაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასებს ადგენს ბაზარი და არა — კომპანიები. სრულყოფილი კონკურენციის საუკეთესო მაგალითებია ზოგიერთი სასაქონლო ბაზარი ისეთი საგნებისთვის, როგორებიც არის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები და ნედლეული.
ოლიგოპოლიური ბაზარი შემოიფარგლება რამდენიმე მსხვილი კონკურენტით. აქედან გამომდინარე, აქ შესვლის ბარიერები, როგორც წესი, მაღალია, ხოლო საფასო კონკურენცია ნაკლებია. ოლიგოპოლიური ბაზრის ერთ-ერთი მაგალითია მედია. აშშ-ში არსებობს რამდენიმე დიდი მედია კომპანია, რომელიც დომინირებს სატელევიზიო და ვიდეო გართობის ბაზარზე, მათ შორის არიან Netflix, Disney და Warner Bros. Discovery.
დაბოლოს, მონოპოლიის პირობებში, ბაზრის დომინანტურ წილს ფლობს ერთი კომპანია, რაც მას საშუალებას აძლევს, ბაზარზე შესვლისთვის დიდი ბარიერები შექმნას და მოგების მაღალი მარჟა გამოიმუშაოს. მონოპოლიის ერთ-ერთი მაგალითია Alphabet-ის Google Search, რომელიც ბევრ ბაზარზე 90%-ზე მეტ წილს ფლობს.
მონოპოლისტური კონკურენციის მაგალითი
მონოპოლისტური კონკურენცია გვხვდება ისეთ რესტორნებში, როგორებიც არის Burger King და McDonald’s. ორივე სწრაფი კვების ქსელია, რომელიც გვთავაზობს მსგავს პროდუქტებსა და სერვისებს, ამასთან ორივეს სამიზნეს მსგავსი ბაზარი წარმოადგენს. ეს ორი კომპანია აქტიურად ეჯიბრება ერთმანეთს და ცდილობს განასხვაოს საკუთარი პროდუქტი ბრენდის ცნობადობის გაზრდის, ფასების, სხვადასხვა საკვებისა და სასმლის პაკეტების შეთავაზების საშუალებით