ეკონომიკური აღდგენა ეწოდება რეცესიის შემდგომ ფაზას, რომელიც ხასიათდება ბიზნეს აქტივობის გაუმჯობესების სტაბილური პერიოდით. როგორც წესი, ეკონომიკური აღდგენის დროს, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) და შემოსავლები იზრდება, ხოლო უმუშევრობის დონე მცირდება.
აღდგენის პერიოდში ეკონომიკა გადის რამდენიმე მნიშვნელოვან პროცესს, როგორებიც არის რეცესიის გამომწვევი ფაქტორების კორექტირება, ახალ პირობებთან ადაპტაცია, მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების მიერ რეცესიის საპასუხოდ განხორციელებული ახალი პოლიტიკისა და წესების ზემოქმედება.
სამუშაო ძალა, საწარმო საშუალებები და სხვა პროდუქტიული რესურსები, რომლებიც რეცესიის დროს წარუმატებელ ბიზნესებზე იყო მიბმული, ახალ დანიშნულებას პოულობს — უმუშევარი ადამიანები ახალ სამსახურში საქმდებიან, ხოლო წარუმატებელ ფირმებს სხვა კომპანიები ყიდულობენ ან ინაწილებენ. აღდგენა ეკონომიკის მიერ ზიანისგან განკურნებას წარმოადგენს და ეს ქმნის საფუძველს ახალი ექსპანსიისთვის.
ეკონომიკური აღდგენის გააზრება
საბაზრო ეკონომიკა აღმავლობასა და დაცემას რამდენიმე მიზეზის გამო განიცდის. შეიძლება ეკონომიკაზე გავლენა იქონიოს ყველა სახის ფაქტორმა, მათ შორის რევოლუციებმა, ფინანსურმა კრიზისებმა და გლობალურმა მოვლენებმა. ზოგჯერ, შესაძლოა, ბაზრებზე ამ ცვლილებებმა შეიძინოს ისეთი ნიმუში, რომელიც შეიძლება ერთგვარ ტალღებად ან ციკლებად მივიჩნიოთ — ექსპანსია, პიკი, ეკონომიკური კრიზისი, რეცესია და შემდგომ აღდგენა.
ეკონომიკურ აღდგენას ადგილი აქვს რეცესიის შემდეგ, რადგან ეკონომიკა აკორექტირებს და აღადგენს რეცესიის დროს დაკარგული ზრდის ნაწილს. შემდეგ ეკონომიკა საბოლოოდ გადადის ნამდვილ ექსპანსიაზე, როდესაც ზრდა ჩქარდება და მშპ ახალი პიკისკენ მიიწევს.
ნელი ზრდის ან თუნდაც შეკუმშვის ყოველი პერიოდი არ არის საკმარისად მძიმე იმისთვის, რომ მას რეცესია ეწოდოს. აშშ-ში გავრცელებული პრაქტიკული წესია, რომ ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) უარყოფითი ზრდის დაფიქსირება რეცესიას ნიშნავს, თუმცა ამ მოვლენის განსასაზღვრად უფრო რთული ფორმულებიც გამოიყენება. რეცესია ხანდახან მხოლოდ რამდენიმე თვე გრძელდება, მაგრამ ეკონომიკამ შეიძლება წინა ექსპანსიის დროს დაფიქსირებულ პიკს წლების განმავლობაში ვერ მიაღწიოს.
აღდგენის პროცესი
რეცესიის დროს, ბევრი კომპანია მარცხდება და ტოვებს ბიზნესს, ხოლო „გადარჩენილთა“ ნაწილი ასუსტებს საქმიანობას, რათა შენელებული მოთხოვნის საპასუხოდ, ხარჯები შეამციროს. გარდა ამისა, ფირმები ხშირად ათავისუფლებენ სამუშაო ძალას, ხოლო ბიზნეს აქტივებს ნაწილ-ნაწილ ყიდიან. ზოგჯერ ბიზნესის მფლობელები იძულებულნი არიან, საქმიანობა საერთოდ შეწყვიტონ.
ამ საწარმოო საშუალებების ნაწილი ხვდება სხვა და ზოგჯერ სრულიად ახლად წარმოქმნილი ბიზნესის ხელში, რომელსაც მათი პროდუქტიულად გამოყენება შეუძლია. ზოგჯერ ეს რესურსები მსგავს კომპანიაში ან სრულიად განსხვავებულ საწარმოში გამოიყენება. რეცესიის დროს წარუმატებელი ბიზნესების საკუთრებისგან გათავისუფლების შემდეგ, ახალ კომბინაციებად დახარისხების პროცესი, ახალი საკუთრების პირობებში და ახალ ფასებში წარმოადგენს სწორედ ეკონომიკური აღდგენის არსს.
მეწარმეებმა, პროდუქტიული სამუშო ძალისა და კაპიტალის ხელახლა ორგანიზების პროცესში, ეკონომიკაში მომხდარი ცვლილებები უნდა გაითვალისწინონ.
როგორც წესი, ბიზნესებს უწევს უფრო არახელსაყრელ საკრედიტო პირობებთან გამკლავება, ვიდრე პიკის პერიოდში, რომელიც რეცესიას წინ უძღოდა. გარდა ამისა, კომპანიებს შეიძლება დასჭირდეს ახალი ტექნოლოგიების ან ორგანიზაციული ფორმების დანერგვა. სხვადასხვა ეკონომიკური ციკლის განმავლობაში, თითქმის ყოველთვის, მთავრობის ფისკალური და მარეგულირებელი გარემო, რომელშიც ბიზნესები ოპერირებს, იცვლება.
საბოლოო ჯამში, აღდგენას შეუძლია შეცვალოს აქტივობის შაბლონები ეკონომიკაში, ზოგჯერ მკვეთრად, ხოლო ზოგჯერ — თითქმის შეუმჩნევლად. ეკონომიკა ბიზნეს ციკლის წინა ეტაპებზე მიყენებულ ზიანს კურნავს რესურსების გადანაწილებით, ხელახალი გამოყენებით და გადამუშავებით ისევე, როგორც სხეული აღადგენს მკვდარ ქსოვილს ახალი, ჯანსაღი უჯრედებით.
საბოლოოდ, აღდგენის ეს პროცესი იწვევს ზრდისა და ექსპანსიის ახალ ფაზას მას შემდეგ, რაც რესურსები ეკონომიკაში ძირითადად ან სრულად გადანაწილდება.
აღდგენის ინდიკატორები
ეკონომიკის ბიზნეს ციკლის ფაზის განსაზღვრაში ეკონომისტები ხშირად დიდ როლს ასრულებენ. შესაფასებლად, თავიანთ ანალიზში, ისინი იყენებენ როგორც „წინმსწრებ“, ისე „დაგვიანებულ“ მაჩვენებლებს.
წინმსწრები ინდიკატორი შეიძლება იყოს, მაგალითად, საფონდო ბირჟა, რომელიც ხშირად იზრდება ეკონომიკური აღდგენის დაწყებამდე. ეს, როგორც წესი, იმიტომ ხდება, რომ მომავლის პოზიტიური მოლოდინები აქციების ფასებზე დადებითად ზემოქმედებს. მეორეს მხრივ, დასაქმება, როგორც წესი, გარკვეულწილად დაგვიანებული მაჩვენებელია. უმუშევრობა ხშირად ინარჩუნებს მაღალ დონეს, მაშინაც კი, როდესაც ეკონომიკა აღდგენას იწყებს, რადგან ბევრი დამსაქმებელი არ დაიქირავებს სამუშო ძალას მანამ, სანამ გონივრულად არ დარწმუნდება, რომ ამის გრძელვადიანი საჭიროება არსებობს.
მშპ, როგორც წესი, ეკონომიკური ფაზის მთავარი ინდიკატორია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში მშპ-ს უარყოფითი ზრდა რეცესიაზე მიუთითებს. გასათვალისწინებელი სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები შეიძლება მოიცავდეს მომხმარებელთა ნდობასა და ინფლაციას.
მნიშვნელოვანი საკითხები
მარეგულირებლების მიერ განხორციელებული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ქმედებები ხშირად ეკონომიკის ბიზნეს ციკლით არის გამოწვეული. რეცესიის დაწყებისთანავე, ეს პოლიტიკა ძირითადად იმ ბიზნესების, ინვესტორებისა და მუშაკების დახმარებაზეა მიმართული, რომლებიც დაზარალდნენ. მთავრობებს შეუძლიათ განახორციელონ პირდაპირი დახმარება ან მოთხოვნის სტიმულირება საპროცენტო განაკვეთების შემცირებით, დაკრედიტების წახალისების მიზნით. მათ შეუძლიათ უზრუნველყონ დაფინანსება, რომელიც მიზნად ისახავს საფრთხის ქვეშ მყოფი ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერას. ამ პოლიტიკამ შეიძლება ასევე გამოიწვიოს აღდგენის შეფერხება წარუმატებელი ბიზნესების ლიკვიდაციის თავიდან აცილების გამო.
იმ ბიზნეს ღონისძიებების, ინვესტიციებისა და ინსტიტუტების მხარდაჭერა, რომლებიც ეკონომიკურ რეალობას არ ასახავს, რესურსების ხელახალი გადანაწილების და მათი ახლებურად გამოყენების პროცესს აჭიანურებს. ამას ასევე შეუძლია მუდმივი ზიანი მიაყენოს საზოგადოებას ხალხისა და ბიზნესების წახალისებით, რეალური რესურსები გაფლანგონ ისეთი ეკონომიკური საქმიანობით, რომელიც არ არის მომგებიანი ან ეფექტური ახალ ეკონომიკურ პირობებში.