კონკურენტული უპირატესობა გულისხმობს ფაქტორებს, რომლებიც კონკრეტულ კომპანიას საშუალებას აძლევს, საქონელი ან მომსახურება, კონკურენტებთან შედარებით, უკეთესად ან უფრო იაფად აწარმოოს. ამ ფაქტორების წყალობით მწარმოებელი სუბიექტი გამოიმუშავებს მეტ გაყიდვებს ან უფრო დიდ მარჟას მის საბაზრო კონკურენტებთან შედარებით. კონკურენტული უპირატესობები მოიცავს მრავალ ფაქტორს, მათ შორის ხარჯების სტრუქტურას, ბრენდირებას, პროდუქციის შეთავაზების ხარისხს, სადისტრიბუციო ქსელს, ინტელექტუალურ საკუთრებას და მომხმარებელთა მომსახურებას.
კონკურენტული უპირატესობის გააზრება
კონკურენტული უპირატესობები ქმნის უფრო დიდ ფასეულობას კომპანიისთვის და მისი აქციონერებისთვის. კონკურენტული უპირატესობების ორი ძირითადი ტიპი არსებობს — შედარებითი და დიფერენციალური.
შედარებითი უპირატესობა გულისხმობს მდგომარეობას, როდესაც კომპანიას შეუძლია პროდუქციის წარმოება უფრო ეფექტიანად და დაბალ ფასად, ვიდრე მის კონკურენტებს.
დიფერენციალური უპირატესობის დროს კი ფირმის პროდუქტები ან მომსახურება განსხვავდება მისი კონკურენტების შეთავაზებებისგან და მათთან შედარებით აღმატებულად აღიქმება. დიფერენციალური უპირატესობა მოიცავს მოწინავე ტექნოლოგიებს, პატენტით დაცულ პროდუქტებს ან პროცესებს, ბრენდის ძლიერ იდენტურობას და ა. შ. ეს ფაქტორები მხარს უჭერს მოგების მაღალ მარჟას და ბაზრის დიდ წილს.
მაგალითად, Apple განთქმულია ისეთი ინოვაციური პროდუქტების შექმნით, როგორიც არის iPhone. ამასთან, კომპანია ბაზარზე მოწინავე პოზიციას, ელიტური ბრენდის შესაქმნელად, საზრიანი მარკეტინგული კამპანიების საშუალებით ამყარებს. კიდევ ერთი მაგალითია მედიკამენტების მწარმოებელი დიდი კომპანიები. მათ შეუძლიათ ბრენდირებული პრეპარატების გაყიდვა მაღალ ფასებში, რადგან ისინი დაცულია საპატენტო უფლებებით.
როგორ უნდა შექმნას კომპანიამ კონკურენტული უპირატესობა?
კონკურენტული უპირატესობის შესაქმნელად კომპანიას შეუძლია სამი ძირითადი მეთოდიდან ერთ-ერთი გამოიყენოს:
ღირებულება: მომხმარებლებს პროდუქტი და მომსახურება ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზოს.
დიფერენციაცია: წარმოადგინოს შეთავაზებები, რომელთა ხარისხი, სერვისი ან ფუნქციები კონკურენტებისას აღემატება.
სპეციალიზაცია: შექმნას შეთავაზებები, რომლებიც მორგებულია სამიზნე ბაზარზე.
შესაძლოა, საფასო კონკურენტული უპირატესობა ეფექტიანი იყოს, მაგრამ თუ კომპანია ფასებს ზედმეტად შეამცირებს, შეიძლება მოგების მარჟა ძალიან დაბალ დონემდე დაეცეს. ბევრი ფირმა არჩევს სხვა გზებით დიფერენცირებას, რაც ხელს უწყობს მათი მოგების მარჟის შენარჩუნებას ან გაფართოებას.
კონკურენტული უპირატესობის სარგებელი
როდესაც კომპანია ქმნის მდგრად კონკურენტულ უპირატესობას, ის საკუთარ თავს გამოარჩევს კონკურენტებისგან, უზრუნველყოფს ფასეულობით როგორც მომხმარებლებს, ისე დაინტერესებულ მხარეებს. სასურველი პროდუქტის ან სერვისის წარმოებით, რომელიც მის კონკურენტებზე უკეთესი ან უფრო იაფია, კომპანიას შეუძლია გაყიდვები გაზარდოს, მეტი შემოსავალი გამოიმუშაოს და მაღალი მოგება მიიღოს.