საკუთარ თავში ინვესტირება ცხოვრების გაუმჯობესებაში, უნარების დახვეწაში და მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. თუ საკუთარ თავში ინვესტიციას ჩადებთ, შეგიძლიათ გახდეთ უფრო გამოცდილი, განვითარებული ადამიანი და კვალიფიციური სამუშაო კადრი. დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ საკითხის შესახებ ვისაუბრებთ და საკუთარ თავში ინვესტირებისთვის სასარგებლო რჩევებს შემოგთავაზებთ.
დაისახეთ მიზნები
მიზნების დასახვა დაგეხმარებათ, უკეთ განსაზღვროთ საბოლოო დანიშნულების პუნქტი. ჩამოწერეთ მიზნები, წარმოიდგინეთ მათი განხორციელების გზები და ეს საშუალებას მოგცემთ, შექმნათ რეალური სამოქმედო გეგმა, რომელიც თქვენი სურვილის განხორციელებაში დაგეხმარებათ.
იყავით კრეატიული
კრეატიულობა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოვლინდეს, როგორიცაა ხატვა, მუსიკის შექმნა ან წერა. შემოქმედებითობის გაზრდამ შეიძლება უფრო მოაზროვნე პიროვნებად ჩამოგაყალიბოთ, რაც, თავის მხრივ, პრობლემების გადაჭრაში და ინოვაციურობაში დაგეხმარებათ.
იყავით თავდაჯერებული
თავდაჯერებულობა ხშირად ის თვისებაა, რომელსაც დამსაქმებლები კანდიდატებში ეძებენ. საკუთარ თავში მის ასამაღლებლად განსაზღვრეთ ის მიმართულებები, რომლებშიც ძლიერი ხართ. მათზე კონცენტრირება მხნეობას შეგმატებთ და საკუთარი უნარების დაფასებას გასწავლით.
მეტი იკითხეთ
კითხვა არის აქტივობა, რომელიც გონებას ავითარებს. კითხვა აზრების სტიმულირებაში და ლექსიკის გამდიდრებაში დაგეხმარებათ. მრავალი წარმატებული ადამიანი მას დიდ დროს უთმობს, ერთ-ერთი ასეთია ლეგენდარული ინვესტორი — უორენ ბაფეტი, რომელიც დღის 80%-ს კითხვაში ატარებს.
მეტი წერეთ
ყოველდღიური წერა აზრების ორგანიზებაში დაგეხმარებათ და ამასთან, ეს შეიძლება სხვადასხვა რთული სიტუაციიდან ჯანსაღი ემოციური გამოსავალი იყოს. შეგიძლიათ აწარმოოთ დღიური ან თუნდაც საკუთარი ესეები წეროთ, მთავარია ყოველდღიურად ამ პროცესს გარკვეული დრო დაუთმოთ.
ჯანსაღად იკვებეთ
ჯანსაღი დიეტა კვებავს თქვენს სხეულს და გონებას, რაც დაგეხმარებათ, უფრო პროდუქტიული და ენერგიული იყოთ. ჯანსაღი კვების ჩვევის დასანერგად შეგიძლიათ, სამსახურში ატაროთ სახლში მომზადებული საჭმელი, რომელიც შეიცავს ჯანსაღ ინგრედიენტებს, როგორებიც არის ხილი, ბოსტნეული და ა. შ.
ივარჯიშეთ
ვარჯიში, ჯანსაღ კვებასთან კომბინაციაში, დაგეხმარებათ გაზარდოთ ენერგიის დონე თქვენს ორგანიზმში და გახდეთ უფრო პროდუქტიული. ვარჯიშს შეუძლია აამაღლოს თქვენი ბედნიერების ხარისხი, ხოლო მისი ფიზიკური სარგებელი დაგეხმარებათ, თავი უფრო თავდაჯერებულად იგრძნოთ.
იზრუნეთ საკუთარ თავზე
ფსიქიკური ჯანმრთელობა თქვენი ზოგადი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს. საკუთარ თავზე ზრუნვის პრაქტიკა შეიძლება მრავალი სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს, როგორიც არის ახალი ჰობის აღმოჩენა, რეკრეაციულ აქტივობებში მონაწილეობა ან ამ სტატიაში ჩამოთვლილი სხვადასხვა პუნქტის გათვალისწინება.
აითვისეთ ახალი უნარები
ახალი უნარების ათვისებამ შეიძლება გაზარდოს თქვენი ცოდნა და შესაძლებლობები, რაც ძალიან სასარგებლო იქნება ახალი გამოწვევების გადასალახად, უკეთესი სამსახურის საპოვნელად და ა. შ. ახალ უნარებში შეიძლება იგულისხმებოდეს დროის მართვა, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა ან ნებისმიერი რამ, რაც თქვენთვის საინტერესო და საჭიროა.
დახვეწეთ უკვე ათვისებული უნარები
თქვენს ამჟამინდელ უნარებზე მუშაობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ახალი უნარების ათვისება. წარსულში შეძენილი უნარების დახვეწაზე მუშაობა საშუალებას მოგცემთ, ისინი უფრო მეტად გაითავისოთ და პრაქტიკაში გამოიყენოთ.
გახდით ორგანიზებული
ორგანიზებულობა ცხოვრების უკეთ მართვაში დაგეხმარებათ. ეს შეიძლება მოიცავდეს თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტს, იქნება ეს სამუშაო კუთხის მოწესრიგება, დროის უკეთ მართვა, თუ დასახული მიზნების მისაღწევად კონკრეტული, თვალსაჩინო გეგმის არსებობა.
შექმენით ბიუჯეტი
ბიუჯეტის შექმნაც ორგანიზებულობის ერთ-ერთი ასპექტია. ფინანსების გააზრებულად მართვა დაგეხმარებათ, ცხოვრებაში უსაფრთხოების განცდა შეიქმნათ. თუ კონკრეტულ გეგმას მიჰყვებით, შეგიძლიათ, ფული გონივრულად გამოიყენოთ, რათა ფინანსური ვალდებულებები დაფაროთ და გარკვეული თანხა საკუთარი საჭიროებების დასაკმაყოფილებლადაც გამოყოთ.
დაიწყეთ დაზოგვა
ფულის თანმიმდევრული დაზოგვა ფინანსური სტაბილურობის საფუძველია. დაზოგვის ჩვევად ქცევა საშუალებას მოგცემთ, საფუძველი ჩაუყაროთ უსაფრთხო ფინანსურ მომავალს.
დაიწყეთ ფულის ინვესტირება
ინვესტირება გულისხმობს ფულის დაბანდებას ისეთ აქტივებში, რომლებსაც დროთა განმავლობაში ღირებულების ზრდის პოტენციალი გააჩნია. ძირითადი საინვესტიციო ვარიანტები მოიცავს აქციებს, ობლიგაციებს, უძრავ ქონებას და ურთიერთდახმარების ფონდებს. დაზოგვისგან განსხვავებით, რომელიც კაპიტალის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული, ინვესტირების უპირველესი მიზანი სიმდიდრის დაგროვებაა. საფონდო ბირჟაზე ინვესტირება საშუალებას მოგცემთ, დროთა განმავლობაში მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებელი მიიღოთ.
იმოგზაურეთ და გამოიკვლიეთ განსხვავებული კულტურები
მოგზაურობა მსოფლმხედველობის გაფართოებაში დაგეხმარებათ, ამასთან საშუალებას მოგცემთ, ყოველდღიური რუტინისგან პაუზა აიღოთ. მოგზაურობა ასევე საკუთარ თავში მეტი მოტივაციისა და შემოქმედებითობის აღმოჩენაში დაგეხმარებათ. დაფიქრდით თქვენი ბიუჯეტის ფარგლებში წელიწადში ერთი ან ორი უცნობი ადგილის მონახულებაზე.
ამასთან, სხვადასხვა კულტურის გამოკვლევა დაგეხმარებათ, გარშემო არსებული სამყაროს შესახებ მეტი ცოდნა შეიძინოთ. ახალი წეს-ჩვეულებების გაცნობამ და ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფთან შეხვედრამ შეიძლება უფრო ემპათიური და გულისხმიერი გაგხადოთ.
შეისწავლეთ ახალი ენა
ორი ან სამი ენის ფლობა შეიძლება სამსახურში ძალიან გამოგადგეთ. ამასთან, რამდენიმე ფრაზის ან სიტყვის ცოდნაც კი შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს საერთაშორისო კლიენტებთან მოკლე კომუნიკაციის დასამყარებლად. შეგიძლიათ ყოველ დღე გარკვეული დრო დაუთმოთ ახალი ენის შესწავლას, რაც ამ მიმართულებით სტაბილურად განვითარების საშუალებას მოგცემთ.
დაიცავით ძილის გრაფიკი
სრულყოფილი ძილი მნიშვნელოვანია თქვენი პროდუქტიულობისთვის და ენერგიის დონის გაზრდისთვის. ეცადეთ, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დაიძინოთ და გაიღვიძოთ. ეს თქვენს ორგანიზმს საშუალებას მისცემს, გარკვეული გრაფიკი შეიმუშაოს და უფრო ორგანიზებული გახდეს.