ალბათ გსმენიათ ძველი გამონათქვამი: „ნუ მოათავსებ ყველა კვერცხს ერთ კალათში.“ ეს ბრძნული სიტყვები ფერმერის ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებს ეხება, მაგრამ ისინი მიწათმოქმედების ფარგლებს სცდება. ცნობილი ფრაზა შესანიშნავად ასახავს იდეას, რომ მთელი თქვენი ფული ერთ ინვესტიციაში არ უნდა ჩადოთ.
ერთ-ერთი გზა რისკის შესამცირებლად საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციაა. დღეს კი სწორედ ამ საკითხის შესახებ ვისაუბრებთ და შემოგთავაზებთ სამ რჩევას, რომელიც თქვენი ინვესტიციების დივერსიფიცირებაში დაგეხმარებათ.
რა არის პორტფელის დივერსიფიკაცია და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
დივერსიფიცირებული პორტფელი ინვესტიციების ფართო ნაზავს უნდა შეიცავდეს. წლების განმავლობაში ბევრი ფინანსური მრჩეველი რეკომენდაციას უწევდა პორტფელის 60/40 პროპორციებით ჩამოყალიბებას – კაპიტალის 60% აქციებისთვის, ხოლო 40% ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინვესტიციებისთვის, როგორიც არის ობლიგაციები. იმავდროულად, სხვები ამტკიცებდნენ, რომ საჭირო იყო აქციების მეტი წილი, განსაკუთრებით ახალგაზრდა ინვესტორებისთვის.
დივერსიფიცირებული პორტფელის ერთ-ერთი გასაღები მრავალფეროვანი აქციების ფლობაა. ეს ნიშნავს ტექნოლოგიური, ენერგეტიკული, ჯანდაცვის და სხვა ინდუსტრიების აქციების ნაზავის შექმნას. ყველა სექტორის აქციების შეძენა აუცილებელი არ არის, მაგრამ ყურადღება მაღალი ხარისხის კომპანიების ფართო სპექტრზე უნდა გაამახვილოთ. გარდა ამისა, უნდა განიხილოთ დიდი მცირე და დიდი კაპიტალიზაციის მქონე, დივიდენდური, მზარდი პოტენციალის და ღირებულებითი აქციები.
დივერსიფიცირებული პორტფელის ფლობის გარდა, ინვესტორებმა უნდა განიხილონ არაკოლერირებადი ინვესტიციების ფლობა (მაგალითად, რომელთა ფასებიც საფონდო ბირჟის ინდექსების ყოველდღიურ მოძრაობებთან ერთად არ იცვლება). არასაფონდო დივერსიფიკაციის ვარიანტები მოიცავს ობლიგაციებს, საბანკო სადეპოზიტო სერტიფიკატებს, ოქროს და უძრავ ქონებას.
3 რჩევა დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელის შესაქმნელად
დივერსიფიცირებული პორტფელის შექმნა შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ, რადგან ირგვლივ უამრავი საინვესტიციო არჩევანია. ქვემოთ მოცემული სამი რჩევა კი დამწყებთათვის ამ ამოცანას გააადვილებს.
- შეიძინეთ მინიმუმ 25 აქცია სხვადასხვა ინდუსტრიიდან ან ჩადეთ ინვესტიცია საინდექსო ფონდში
დივერსიფიცირებული პორტფელის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზა არის რამდენიმე აქციაში ინვესტირება. სასურველია მინიმუმ 25 განსხვავებული კომპანიის აქციის ფლობა.
თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ეს აქციები სხვადასხვა ინდუსტრიებს წარმოადგენდეს. მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, ცნობილ ტექნოლოგიურ გიგანტებში ინვესტირება მაცდური იყოს, ეს სათანადო დივერსიფიკაციით არ უზრუნველგყოფთ. თუ ეკონომიკური შენელების ან ახალი სამთავრობო რეგულაციების გამო ტექნოლოგიების მიმართულებით ხარჯვა შემცირდება, შესაძლოა, ყველა ამ კომპანიის აქციების ფასებმა ერთიანად დაიკლოს. ამის გამო, ინვესტორები უნდა დარწმუნდნენ, რომ თავიანთი ფული რამდენიმე ინდუსტრიაზე გადაანაწილეს.
მათთვის, ვისაც ინდივიდუალური აქციების შესასწავლად დრო არ აქვს, ამის გაკეთების მარტივი გზა საინდექსო ფონდში ინვესტირებაა. მაგალითად, S&P 500-ის საინდექსო ფონდი მიზნად ისახავს S&P 500-ის წარმადობას შეესაბამებოდეს. საინდექსო ფონდების სარგებელი ის არის, რომ ისინი საშუალებას გაძლევთ, თავი აარიდოთ დამღლელ სამუშაოს და მყისიერ დივერსიფიკაციას მიაღწიოთ. მაგალითად, S&P 500-ის საინდექსო ფონდი აშშ-ში არსებული 500 უმსხვილესი კომპანიის აქციებზე გაძლევთ წვდომას.
საინდექსო ფონდების კიდევ ერთი დადებითი თვისება ის არის, რომ მათი საკომისიო გადასახადები ძალიან დაბალია.
- საინვესტიციო პორტფელის ნაწილი ფიქსირებული შემოსავლისკენ მიმართეთ
პორტფელის დივერსიფიცირებისას გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის კაპიტალის გარკვეული ნაწილის ინვესტირება ფიქსირებული შემოსავლის მქონე აქტივებში, როგორიც არის ობლიგაციები. მიუხედავად იმისა, რომ ეს პორტფელის მთლიან შემოსავალს შეამცირებს, ასევე შემცირდება რისკი და არასტაბილურობა. ქვემოთ ნაჩვენებ ცხრილში მოცემულია რისკისა და ანაზღაურების მონაცემები პორტფელის განაწილების სხვადასხვა მოდელისთვის.
პორტფელის ნაზავი | საშუალო წლიური ანაზღაურება | საუკეთესო წელი | ყველაზე ცუდი წელი | წლები დანაკარგებით |
100% ობლიგაციები | 5.3% | 32.6% | -8.1% | 93-დან 14 |
80% ობლიგაციები და 20% აქციები | 6.6% | 29.8% | -10.1% | 93-დან 13 |
40% ობლიგაციები და 60% აქციები | 8.6% | 36.7% | -26.6% | 93-დან 22 |
20% ობლიგაციები და 80% აქციები | 9.4% | 45.5% | -34.9% | 93-დან 24 |
100% აქციები | 10.1% | 54.2% | -43.1% | 93-დან 26 |
მიუხედავად იმისა, რომ ობლიგაციების დამატება პორტფელის საშუალო წლიურ ანაზღაურებას ამცირებს, ასევე მცირდება ზარალი ყველაზე ცუდ წლებში და ზარალის მქონე წლების რაოდენობა.
მიუხედავად იმისა, რომ ობლიგაციების არჩევა შეიძლება აქციების არჩევაზე რთული იყოს, ფიქსირებულ შემოსავალზე წვდომის მისაღებად მარტივი გზები არსებობს. ერთ-ერთი მათგანია ობლიგაციებზე ორიენტირებული ETF-ში ინვესტირება.
- განიხილეთ ფულის ნაწილის უძრავ ქონებაში ინვესტირება
ინვესტორებმა, რომლებსაც თავიანთი პორტფელის დივერსიფიკაციის შემდეგ დონეზე აყვანა სურთ, უძრავ ქონებაში ინვესტირება უნდა განიხილონ. ისტორიულად, უძრავმა ქონებამ პორტფელის მთლიანი შემოსავალი გაზარდა და მისი საერთო არასტაბილურობას შეამცირა.
ამის გაკეთების მარტივი გზა არის ინვესტირება უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტში (REIT), რომელიც შემოსავლის მომტან კომერციულ უძრავ ქონებას ფლობს. სექტორს შესანიშნავი გამოცდილება აქვს. 2019 წელს დასრულებულ 25-წლიან პერიოდში, REIT-ებმა ამ დროიდან 15 წლის შემთხვევაში S&P 500-ის წარმადობას აჯობა და ჯამში 10.9%-ის ტოლი საშუალო წლიური შემოსავალი გამოიმუშავა. რამდენიმე კვლევამ დაადგინა, რომ ოპტიმალური პორტფელის 5%-15% REIT-სგან შედგება.
დივერსიფიკაცია ყველა კვერცხის გატეხის რისკს ამცირებს
დივერსიფიკაცია ამცირებს თქვენს ფულზე ერთი აქციის ან ინდუსტრიის ზემოქმედებას. მიუხედავად იმისა, რომ ამან შეიძლება თქვენი პოტენციური ანაზღაურება შეამციროს, ასევე მცირდება არასტაბილურობა და, რაც მთავარია, ცუდი შედეგის დადგომის რისკი. ინვესტორები დივერსიფიკაციას სერიოზულად უნდა მოეკიდონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საფონდო ბირჟაზე ინვესტირება აზარტულ თამაშებს დაემსგავსება.