ნებისმიერი სახის ინვესტიციის შემთხვევაში ინვესტორის მიზანი არის აქტივის დაბალ ფასად შეძენა და შემდგომში მისი უფრო ძვირად გაყიდვა. ინვესტირებისას ლეგენდარული უორენ ბაფეტის წესები ასეთია — წესი ნომერი 1: არასოდეს დაკარგოთ ფული; წესი ნომერი 2: არასოდეს დაივიწყოთ წესი ნომერი 1. თუ, მაგალითად, აქციას შეიძენთ იმაზე ნაკლებ ფასად, ვიდრე მას გაყიდით, მოგებას გამომიმუშავებთ, მაგრამ ამის თქმა უფრო ადვილია, ვიდრე — შესრულება. ბევრი ადამიანისთვის შეიძლება ძალიან რთული იყოს რეალურ დროში იმის ყურება, თუ როგორ მცირდება მისი ინვესტიციის ფასი. ინვესტირებით დაინტერესებულთათვის კი ნამდვილად ღირს ბაზრის ფსიქოლოგიის, ქცევითი ფინანსების და გავრცელებული საინვესტიციო შეცდომების საფუძველში არსებული მამოძრავებელი ძალების შესწავლა. დღეს სწორედ ამ საკითხის შესახებ ვისაუბრებთ და კონკრეტულად ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას — ძვირად ყიდვას და იაფად გაყიდვას — შევეხებით.
რატომ ყიდულობენ ადამიანები ძვირად და ყიდიან იაფად?
ქცევითი ფინანსები წარმოაჩენს ინვესტორებისა და ბაზრების ურთიერთქმედების მრავალფეროვან ფსიქოლოგიურ ეფექტებს. კვლევის ერთ-ერთი ასეთი სფეროა ის, თუ რატომ ყიდულობენ ინდივიდები აქციებს რეკორდულად მაღალ ფასებში და რატომ ყიდიან მათ ზარალით.
ეს ფსიქოლოგიური ფენომენი შეიძლება ბრბოს ქცევამდე დავიყვანოთ. ეს უკანასკნელი წარმოადგენს შემთხვევას, როდესაც ინდივიდთა ჯგუფი ერთობლივად ახორციელებს ქცევას, მაგალითად, ყიდულობს GameStop-ის აქციებს. ასეთი კოლექტიური და საყოველთაო ქმედების დროს იქმნება აღქმა, რომ ეს ადამიანები აკეთებენ რაღაც ღირებულს და ჯგუფმა შეიძლება იცოდეს ის, რაც თქვენ არ იცით. ეს ფსიქოლოგიური ეფექტი კი სხვებსაც მსგავსი ქმედების განხორციელებისკენ უბიძგებს.
ბრბოს ქცევა არის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა, რომელიც რაიმეს გამოტოვების შიშის (FOMO) უკან დგას. FOMO ინვესტირება არის ფენომენი, როდესაც ინდივიდს ეშინია, რომ, შესაძლოა, ხელიდან მნიშვნელოვანი ფინანსური შესაძლებლობა გაუშვას. FOMO-ს შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს საინვესტიციო პრაქტიკაზე და გამოცდილი ინვესტორებიც კი აცდუნოს, რაც საბოლოოდ ირაციონალურ ენთუზიაზმს გამოიწვევს. ამ უკანასკნელს ფუნდამენტური შეფასების რეალური საფუძველი არ გააჩნია, ამის ნაცვლად ის ფსიქოლოგიურ ფაქტორებს ეფუძნება. ეს ხდება მაშინ, როდესაც ინვესტორებს მიაჩნიათ, რომ უახლოეს წარსულში ფასების ზრდა მომავალს წინასწარმეტყველებს. ისინი ისე იქცევიან, თითქოს ბაზარზე გაურკვევლობა არ არსებობს.
ყოველთვის იარსებებს აღმავლობისა და ვარდნის პერიოდები, ეკონომიკური ბუშტები, დანაკარგები ინდუსტრიის მასშტაბით, პანიკური გაყიდვები და სხვა მოულოდნელი მოვლენები. ფიქრი, რომ წარსული წინასწარმეტყველებს მომავალს, ზედმეტი თავდაჯერებულობის ნიშანია. როდესაც ინვესტორების საკმარისი რაოდენობა ზედმეტად თავდაჯერებული ხდება, საქმე გვაქვს ამერიკელი ეკონომისტის — ალან გრინსპენის „ირაციონალური ენთუზიაზმის“ ფენომენთან. ამ დროს ინვესტორები ზედმეტ თავდაჯერებულობას მიჰყავს სიხარბემდე, შედეგად ბაზარი იზრდება იქამდე, რომ უზარმაზარი კორექტირება გარდაუვალი ხდება. ინვესტორები, რომლებიც ამ მოვლენის დროს ყველაზე მეტად ზარალდებიან არიან ისინი, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ ბაზრის ზრდა სამუდამოდ გაგრძელდება.
მოდით, ისევ FOMO-ს დავუბრუნდეთ. რაიმეს გამოტოვების შიში იწვევს იმპულსურობას, გრძელვადიანი პერსპექტივის ნაკლებობას, ინვესტირებას სათანადო ფიქრისა და განხილვის გარეშე. ასეთ შემთხვევებში სპეკულაცია და ემოციები სჭარბობს სტრატეგიასა და საფუძვლებს. FOMO-ს, სხვა ფსიქოლოგიურ ხელშემწყობებთან ერთად, კვებავს შიში, ზედმეტი თავდაჯერებულობა, ეჭვიანობა, სიხარბე, მოუთმენლობა და შფოთვა. ის ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს საინვესტიციო მოგების დაფიქსირებით, სიახლეებით, ჭორებით და სოციალური მედიის სპეკულაციებით.
საზრიანმა ინვესტორებმა იციან, რომ ინვესტიციის ზარალით გაყიდვის დრო არ არის მაშინ, როდესაც მისი ფასი გაცილებით დაბალია, ვიდრე ფუნდამენტური მონაცემები მიგვითითებს. თუმცა ძალიან ხშირად ინდივიდები იმპულსურ გადაწყვეტილებას იღებენ და, კიდევ უფრო დიდი დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით, პოზიციებს ზარალით ყიდიან. იაფად გაყიდვა, ისევე როგორც ძვირად ყიდვა, შეიძლება გამოწვეული იყოს ბრბოს ფსიქოლოგიით, ფინანსური ზარალის შესახებ არსებული შიშითა და შფოთვით.
ინვესტორებს, რომლებიც აქციებს გაყიდვისას დანაკარგებს განიცდიან, ხშირად ახასიათებთ ზარალის მიუღებლობის მიკერძოება. ეს კიდევ ერთი ძლიერი ფსიქოლოგიური ფაქტორია, რომელიც საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს. ადამიანებისთვის ხშირად ზარალისგან განცდილი ტკივილი უფრო მძაფრია, ვიდრე მოგებით გამოწვეული სიხარული. ამან შეიძლება განაპირობოს იმპულსური გადაწყვეტილებები ინვესტიციების გაყიდვის შესახებ, როგორც კი მათი ღირებულება შემცირებას დაიწყებს. ამ მიკერძოების მქონე ინვესტორებმა შეიძლება დაიჯერონ, რომ ამჟამინდელმა დამარცხებულმა აქციებმა შეიძლება მალე წარმატებული აქციების წარმადობას აჯობოს. ამან შეიძლება არაეფექტიანი კვლევა და დანაკარგები გამოიწვიოს.
მიუხედავად ამ ფსიქოლოგიური ეფექტებისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ როგორც მაღალ ნიშნულზე ყიდვა, ისე იაფად შეძენა, შეიძლება, კონკრეტულ შემთხვევებში სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები იყოს. პირველი ფაქტი შეიძლება გამართლდეს მაშინ, თუ აქტივის ფასი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, ხოლო მეორე შემთხვევის გამართლება შემდგომი დანაკარგების თავიდან აცილებაა.
როგორ ვაკონტროლოთ ემოციები და შევინარჩუნოთ სტრატეგია ინვესტირების დროს?
ყოველი ინდივიდი განსხვავებულია, ხოლო თითოეული გარემოება — უნიკალური, შესაბამისად, გარკვეულმა სტრატეგიებმა შეიძლება ერთი ადამიანისთვის უკეთ იმუშაოს, ვიდრე — სხვისთვის. გასათვალისწინებელია რამდენიმე რჩევა:
- იქონიეთ გეგმა და წესები, რომლებსაც დაიცავთ
- არ ჩადოთ ინვესტიცია იმაში, რაც არ გესმით
- ყოველთვის ჩაატარეთ საკუთარი კვლევა და ანალიზი
- გაანალიზეთ რისკისა და ჯილდოს თანაფარდობა
- ნუ დააბანდებთ ფულს, რომელიც არ გაქვთ ან რომლის დაკარგვასაც ვერ გასწვდებით.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.