ორგანიზებულობის ნაკლებობამ შეიძლება თქვენს ფინანსებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს. სიტუაციის უკონტროლობა საბოლოოდ სავალალო შედეგებამდე მიგიყვანთ და თქვენი ფინანსური მიზნების მიღწევაში ხელს შეგიშლით. დღეს სწორედ ამ საკითხის შესახებ ვისაუბრებთ და შემოგთავაზებთ ნაბიჯებს, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
დაისახეთ ფინანსური მიზნები და შეადგინეთ ბიუჯეტი
კონკრეტული მიზნების გათვალისწინება მოგცემთ მიმართულებას, რაც ეფექტური დაზოგვისთვის აუცილებელია, ბიუჯეტის შედგენა კი ფულის წარმატებულად მართვისთვის საკვანძო ეტაპს წარმოადგენს. პირველ რიგში დაიწყეთ შემოსავლებისა და ხარჯების შეფასებით, სახსრები კი ამის შესაბამისად გაანაწილეთ. დაახარისხეთ ხარჯები, თითოეული კატეგორიისთვის რეალისტური ლიმიტები დააწესეთ და ისინი რეგულარულად აკონტროლეთ.
ბიუჯეტს ყოველთვიურად გადახედეთ
თვიდან თვემდე შეიძლება ჩვეულებრივი გადასახადებიც შეიცვალოს. მაგალითად, სხვადასხვა პერიოდებში შეიძლება ელექტროენერგიის გადასახადი განსხვავებული იყოს, თქვენი ბიუჯეტი კი რეალობას უნდა ასახავდეს. ელექტროენერგიის მაღალი ხარჯის შემთხვევაში გადახედეთ ბიუჯეტს, რათა გაიგოთ, რა სახის სხვა ხარჯების შემცირება შეგიძლიათ.
დააკორექტირეთ საჭიროების მიხედვით
ერთი ხარჯის დასაფარად მეორეს შემცირების საუკეთესო ნაწილი არის ის, რომ ეს გაიძულებთ, ტრადიცია დაარღვიოთ და რაიმე ახალი სცადოთ. თუ ბიუჯეტი ჯერ კიდევ არ გაქვთ შედგენილი, ის დღესვე შექმენით. დაიწყეთ თქვენი პოტენციური ხარჯების ჩამოწერით, ხოლო თვის ბოლოს ეს მაჩვენებლები თქვენს რეალურ ხარჯებს შეადარეთ. მხოლოდ ამ პროცესმაც კი შეიძლება გიჩვენოთ გზები თქვენი ფულის უფრო ჭკვიანურად გამოსაყენებლად.
გამოიყენეთ ფინანსური აპლიკაციები
დღევანდელ მსოფლიოში, ტექნოლოგიების განვითარების ფონზე, მრავალი პროცესი გამარტივდა, მათ შორის არის ბიუჯეტის შედგენაც. ფინანსური აპლიკაციები მხოლოდ ინვესტირებისთვის არ გამოიყენება. შეგიძლიათ მიმართოთ სხვადასხვა უფასო პლატფორმას, რომელიც დაგეხმარებათ, ყოველდღიურ და საყოფაცხოვრებო ხარჯებს თვალყური ადევნოთ.
თავი მოუყარეთ გადასახადებს და ისინი დაუყოვნებლივ გადაიხადეთ
სხვადასხვა გადასახადი შეიძლება განსხვავებული სახით მოგეწოდოთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, ისინი გააერთიანოთ, რათა გარკვეული სისტემა გქონდეთ შემუშავებული და შეცდომებისგან თავი დაიზღვიოთ. გადასახადების დაუყოვნებლივ, მათი მიღებისთანავე გადახდა საშუალებას მოგცემთ, მათი დროულად გადაუხდელობით გამოწვეული პრობლემები თავიდან აიცილოთ. ამ მიზნით ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, თვის დასაწყისში შექმნათ საკონტროლო სია, სადაც ყველა მოსალოდნელი გადასახადი იქნება წარმოდგენილი.
დაზოგეთ რეგულარულად და შექმენით სარეზერვო ფონდი
დაზოგვა პრიორიტეტად აქციეთ. შეეცადეთ დაზოგოთ იმის მაქსიმუმი, რის საშუალებსაც თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაძლევთ. სარეზერვო ფონდის შექმნა პერსონალური ფინანსების მართვისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. თქვენ გჭირდებათ 3 თვის საცხოვრებელი ხარჯებისთვის საკმარისი თანხა — ეს მხოლოდ მინიმუმია. უკეთეს შემთხვევაში, სჯობს ორიენტირად 6 თვე ან უფრო დიდი ვადა აიღოთ. ეს ფონდი იმოქმედებს, სწორედ როგორც „უსაფრთხოების ბადე“ ისეთი გაუთვალისწინებელი მოვლენების დროს, როგორიც არის, მაგალითად, სამუშაოს დაკარგვა.
ვალები მინიმუმამდე შეამცირეთ
თუ მაღალპროცენტიანი ვალების გადახდის საშუალება გაქვთ, ეს აუცილებლად გააკეთეთ. მათ რაც შეიძლება სწრაფად გადასახდელად ასევე შეგიძლიათ „ზვავის“ მეთოდი გამოიყენოთ. „ზვავის“ მეთოდის გამოსაყენებლად დაახარისხეთ თქვენი ვალები საპროცენტო განაკვეთების მიხედვით (მაღლიდან დაბლა). თითოეული ვალისთვის (ყველაზე მაღალპროცენტიანის გამოკლებით) გადაიხადეთ მინიმუმი. ყველაზე მაღალპროცენტიანი ვალისთვის კი გადაიხადეთ იმდენი, რამდენსაც გასწვდებით. შემდეგ იგივე გააკეთეთ მომდევნო მაღალპროცენტიანი ვალისთვის და გაიმეორეთ ეს პროცესი იქამდე, სანამ ყველა ვალს არ გადაიხდით.
ორიენტირდით ფინანსურ განათლებაზე
ფინანსური განათლება ეკონომიკური კეთილდღეობის გადამწყვეტი ასპექტია. ის ინდივიდებს უზრუნველყოფს ცოდნითა და უნარებით, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვისთვის, ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად, ფინანსურ უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის მისაღწევად არის აუცილებელი. ამ ამოცანების განსახორციელებლად იკითხეთ წიგნები პერსონალურ ფინანსებზე, ინვესტირებაზე; თვალი ადევნეთ რეპუტაციულ ფინანსურ ვებგვერდებს და ბლოგებს; დაესწარით სემინარებს და ა. შ.