ცხოვრება აღსავსეა ფინანსური ხაფანგებით. საუკეთესო განზრახვის შემთხვევაშიც კი, ფინანსური შეცდომების დაშვება ადვილია. მაგრამ საქმე არა მხოლოდ დაშვებულ შეცდომებს, არამედ ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებსაც ეხება.
სასიხარულო ამბავი ის არის, რომ სიტუაციის გამოსწორება არასდროს არის გვიან. დღევანდელ სტატიაში ამ საკითხის შესახებ ვისაუბრებთ და განვიხილავთ ყველაზე გავრცელებულ ფინანსურ შეცდომებს, რომლებიც თავიდან უნდა აიცილოთ.
გეგმის (ან ბიუჯეტის) გარეშე მოქმედება
ერთ-ერთი გავრცელებული ფინანსური შეცდომა არის გეგმის ან ბიუჯეტის არარსებობა. თქვენი ფინანსური გეგმა არის საგზაო რუკა, რომელიც ფინანსური მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ, ამიტომ ის ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარია SMART (სპეციფიკური, გაზომვადი, მიღწევადი, შესაბამისი, დროში განსაზღვრული) მიზნების, ამასთან ინვესტირებისა და დაზოგვის სტრატეგიების ჩამოყალიბებაზე.
პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ რამდენ ფულს გამოიმუშავებთ. შემდეგ ეს თანხა ეფექტურად უნდა გადაანაწილოთ. თქვენი უმთავრესი მიზანი უნდა იყოს იმის უზრუნველყოფა, რომ საკმარისზე მეტი თანხა გქონდეთ ყველა საჭიროების დასაკმაყოფილებლად (მათ შორის მოულოდნელი გადაუდებელი შემთხვევებისთვის), დარჩენილი ნაწილი კი დანაზოგისა და ინვესტირებისკენ მიმართოთ.
ბიუჯეტის შედგენისას ხშირად 50/30/20 წესს იყენებენ:
- 50% აუცილებელი საჭიროებებისთვის (მაგ. სასურსათო პროდუქტები, ქირის ან იპოთეკის გადახდა, მანქანის დაზღვევა, ჯანდაცვა, სტუდენტური სესხის გადახდა, კომუნალური მომსახურება და ა. შ.)
- 30% თქვენი სურვილებისთვის (მაგ. ფინჯანი ყავა ყოველ დილით, Netflix-ის ანგარიში, Spotify Premium, განტვირთვა შაბათ-კვირას და ა. შ.)
- 20% დანაზოგისა და ინვესტირებისთვის (ბანკის შემნახველი ანგარიში, ინვესტირება საფონდო ბირჟაზე და ა .შ.)
ძირითადი შესყიდვების განხორციელება ფასების შედარებების გარეშე
როდესაც საქმე ეხება განმეორებით ხარჯებს, როგორიცაა ავტომობილის დაზღვევა, მომხმარებლები ხშირად ერთი და იმავე კომპანიის სერვისზე არიან ორიენტირებულნი. თუმცა ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა ფირმის სერვისებს ერთმანეთს ადარებენ ხშირად შეუძლიათ, წელიწადში ასობით ლარი დაზოგონ.
გამოუყენებელი სერვისების შენარჩუნება
რამდენ სტრიმინგ სერვისს იყენებთ რეალურად? ბევრი ადამიანის მსგავსად შეიძლება ვერც კი გააცნობიეროთ რამდენი განმეორებადი გადახდა აისახება თქვენს ანგარიშზე ნეგატიურად.
გონივრული იქნება თუ განიხილავთ გამოწერაზე დაფუძნებულ ყველა სერვისს (სპორტ დარბაზის წევრობა, სტრიმინგ სერვისები და ა. შ.) რომლისთვისაც ყოველთვიურად ფულს იხდით, შემდეგ კი დაფიქრდებით, რამდენად ხშირად იყენებთ მათ და რეალურად რამდენად გჭირდებათ თითოეული მათგანი. ცალკეული სერვისების თვიური გადასახადი შეიძლება არც ისე დიდი იყოს, მაგრამ როდესაც მრავალ სერვისს დააჯამებთ, თან ამ ყველაფერს წლიურ ჭრილში განიხილავთ, შეიძლება საკმაოდ დიდი თანხის დაზოგვის შესაძლებლობა აღმოაჩინოთ.
ინვესტირებაზე უარის თქმა
თუ ფულის ინვესტირებაზე უარს იტყვით, შესაძლოა მუშაობის შეწყვეტა ვერასოდეს შეძლოთ. დრო დაუთმეთ ფინანსურ განათლებას, შეისწავლეთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირების საფუძვლები და დაიწყეთ რაც შეიძლება მალე, რათა პენსიაზე მშვიდად გასვლა შეძლოთ. პენსიისთვის დაზოგვის დაგვიანება, საბოლოოდ საკმარისი დანაზოგის დაგროვებას უფრო ართულებს. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ნათლად ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინვესტირების ადრე დაწყება.
ახალი ავტომობილის დაუფიქრებლად შეძენა
ყოველწლიურად მილიონობით ახალი ავტომობილი იყიდება, თუმცა მათ შესაძენად ნაღდი ფულის გადახდა ყველას არ შეუძლია. ახალი მანქანისთვის ნაღდი ფულის გადახდის შეუძლებლობა ასევე შეიძლება ნიშნავდეს, რომ მას უბრალოდ ვერ გასწვდებით. მანქანის შესაძენად ფულის სესხებით, მომხმარებელი იხდის პროცენტს გაუფასურებად აქტივზე, რაც მის ღირებულებასა და მასში გადახდილ ფასს შორის სხვაობას ზრდის. კიდევ უფრო უარესი ის არის, რომ ბევრი ადამიანი ყოველ ორ ან სამ წელიწადში ერთხელ ახალ ავტომობილს ყიდულობს და თითოეულ შენაძენზე ფულს კარგავს.
ხანდახან ადამიანს სხვა გზა არ რჩება გარდა იმისა, რომ აიღოს სესხი მანქანის შესაძენად, მაგრამ რეალურად რამდენ მომხმარებელს სჭირდება დიდი ჯიპი? ასეთი ავტომობილების ყიდვა და მოვლა ძვირი ჯდება.
განიხილეთ უფრო იაფი, ეკონომიური და ადვილად მოსავლელი მანქანის შეძენა, ამ გზით საშუალება მოგეცემათ, დაზოგილი ფული სხვა საჭიროების დასაკმაყოფილებლად გამოიყენოთ.
საკრედიტო ბარათების გადაჭარბებული გამოყენება
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფინანსური ხაფანგი, განსაკუთრებით ზრდასრული ცხოვრების ადრეულ ეტაპზე მყოფი პირებისთვის, არის საკრედიტო ბარათის დავალიანების დაგროვება.
საკრედიტო ბარათი არის მძლავრი ინსტრუმენტი თქვენი საკრედიტო ისტორიის შესაქმნელად, მაგრამ მაღალმა საკრედიტო ლიმიტმა შეიძლება თქვენი რეალური შესაძლებლობების მიღმა ცხოვრება წაახალისოს. ამიტომ მის გამოყენებას მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ.
ფინანსური განათლების საჭიროების უგულებელყოფა
ნებისმიერ ადამიანს, ფულის გონივრულად მართვისთვის, სჭირდება ფინანსური განათლების გარკვეული დონე და ამაში სულაც არ იგულისხმება რთული მათემატიკური გამოთვლების ჩატარება. ამ ფაქტის უგულებელყოფა თქვენს ფინანსურ მომავალს საფრთხეს შეუქმნის.
აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ფინანსურ მომავალზე და წაიკითხეთ წიგნები პერსონალური ფინანსების შესახებ. ფინანსური განათლება ეკონომიკური კეთილდღეობის გადამწყვეტი ასპექტია. ის ინდივიდებს უზრუნველყოფს ცოდნითა და უნარებით, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვისთვის, ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად, ფინანსურ უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის მისაღწევად არის აუცილებელი.
თვალი ადევნეთ რეპუტაციულ ფინანსურ ვებგვერდებს და ბლოგებს; დაესწარით სემინარებს და ა. შ. როცა ცოდნით შეიარაღებული იქნებით, არავის მისცეთ საშუალება, გზიდან გადაგახვევინოთ.