Vanguard-ის დამფუძნებელმა — ჯონ ბოგლმა, რომელმაც რიგითი ამერიკელებისთვის ინვესტირება სამუდამოდ შეცვალა, ცხოვრების განმავლობაში ათეული წიგნი დაწერა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1.1 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაყიდა.
„არა მგონია, არსებობდეს ავტორი, რომელიც სიტყვების შერჩევას ასეთ დიდ ყურადღებას უთმობს“ — აღნიშნავს ბოგლთან მომუშავე რედაქტორი. იგი ამბობს, რომ ჯონი ბევრს მუშაობდა წიგნზე, რათა ის ყველასთვის გასაგები ყოფილიყო.
ჯონ ბოგლმა თავის მისიად აქცია, ადამიანებისთვის საინდექსო ფონდების სარგებლობის ახსნა. დღეს კი მის მიერ დაწერილ რამდენიმე საუკეთესო წიგნს შემოგთავაზებთ.
- Common Sense on Mutual Funds: New Imperatives for the Intelligent Investor
ამ კლასიკის პირველი გამოცემა 1999 წელს გამოქვეყნდა, მაგრამ ბოგლმა სრულიად განახლებული მეორე გამოცემა ათწლეულის შემდეგ გამოუშვა. ამ წიგნის მიზანია ინვესტორებს ურთიერთდახმარების ფონდების საქმიანობის გააზრებაში და ბოგლის მარტივი და დაბალ დანახარჯიანი საინვესტიციო სტრატეგიის უპირატესობის გაცნობიერებაში დაეხმაროს.
Morningstar-ში ფონდების კვლევის მმართველი დირექტორი და პრეზიდენტი — დონ ფილიფსი წიგნის შესახებ ამბობს: „ეს შეიძლება იყოს საუკეთესო წიგნი ურთიერთდახმარების ფონდების შესახებ“. მაიკლ ბატნიკმა — Ritholtz Wealth Management-ის კვლევის დირექტორმა, ჯონ ბოგლის ნამუშევარი საუკეთესო საინვესტიციო წიგნების სიაში შეიტანა.
- The Little Book of Common Sense Investing: The Only Way to Guarantee Your Fair Share of Stock Market Returns
ამ საინვესტიციო წიგნში ბოგლი თავის იდეებს ლაკონიურად აცნობს იმ ადამიანებს, რომელთათვისაც ეს სფერო უცნობია. 2014 წელს აქციონერებისადმი მიწერილ წერილში უორენ ბაფეტმა ამ წიგნის წაკითხვა ყველას ურჩია.
თავად ავტორის თქმით, მასაც კი სჭირდებოდა დროდადრო საკუთარი რჩევების შეხსენება. ტონი რობინსთან საუბრისას ჯონმა აღნიშნა, რომ ბაზრის მკვეთრი ვარდნა მასზე მაინც ზემოქმედებდა და ამ დროს ხელახლა კითხულობდა თავის რამდენიმე წიგნს, რათა „კურსზე“ დაბრუნებულიყო.
- The Battle for The Soul of Capitalism
ჯონ ბოგლი უოლ სტრიტისა და ამერიკული ფინანსური სისტემის საჯარო კრიტიკოსი იყო და ამ წიგნში ინსაიდერმა გამოავლინა ის, რაც მან ფულის მენეჯერებისა და კორპორატიული აღმასრულებლების არაეთიკური პრაქტიკის შესახებ იცოდა.
The New York Times-მა წიგნი ასე შეაფასა: „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წვლილი დიდებულ კარიერაში“. ბოგლის ეს ნამუშევარი 2005 წელს Financial Times-ისა და McKinsey’s Business Book of the Year Awards-ის გრძელ სიაშიც მოხვდა.
- John Bogle on Investing: The First 50 Years
პრინსტონის უნივერსიტეტში ბოგლის სადისერტაციო თემის სათაური იყო „საინვესტიციო კომპანიის ეკონომიკური როლი“ და მოიცავდა იმ იდეებს, რომლებზეც შემდეგ Vanguard დაფუძნდა. სადისერტაციო ნაშრომი მისი საუკეთესო გამოსვლების ამ კრებულშიც შედის.
ჯონის გამოსვლების კიდევ ერთი შესანიშნავი რესურსი არის მისი ოფიციალური ვებგვერდი (Speeches – The Bogle eBlog (johncbogle.com)) — WordPress ბლოგი, რომელიც ინვესტორმა 2006 წელს შექმნა. აქ ჯერ კიდევ 1984 წლის ჩანაწერების ნახვაც შეგიძლიათ.
- Stay the Course: The Story of Vanguard and the Index Revolution
წიგნის გამოქვეყნების დროს Vanguard $5 ტრილიონის ღირებულების აქტივებს მართავდა და ამ ეტაპამდე გზა მარტივი არ ყოფილა. ამ წამოწყებას თავიდანვე „არაამერიკული“ უწოდეს და მას უოლ სტრიტის პროფესიონალები დასცინოდნენ.
ბოგლის წიგნი, რომელსაც სახელი მისი ყველაზე საკულტო რჩევის (შეინარჩუნე კურსი) მიხედვით ეწოდა, არის მემუარები, რომელიც Vanguard Group-ის ისტორიას გვიყვება და მის შესახებ ახალ დეტალებს გვაცნობს.