კარიერის დაწყების დღიდან კეტი ვუდი საკუთარ იდეებს მიჰყვებოდა, მაშინაც კი, თუ ისინი ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებებს ეწინააღმდეგებოდა.
2014 წელს ვუდმა საინვესტიციო ფირმა — Ark Invest დააარსა. ინვესტირების მიმართ მისი მიდგომა საკამათო იყო, მაგრამ წლების განმავლობაში კეტიმ მზარდი პოპულარობა მოიპოვა. დღეს კი ცნობილი ინვესტორის შესახებ საინტერესო ფაქტებს შემოგთავაზებთ.
- კეტი ვუდმა პირველი სამსახური არტურ ლაფერის წყალობით მიიღო
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლისას, ვუდმა პირველი სამსახური მიიღო, როგორც Capital Group-ში ასისტენტ ეკონომისტმა. ინვესტორი ამისთვის თავის მენტორს — პროფესორ არტურ ლაფერს უმადლის.
ლაფერი არის ეკონომისტი, რომელიც ორი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანისა და დონალდ ტრამპის ეკონომიკურ მრჩევლად მუშაობდა. არტური კეტის სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში სწავლების (1976-1984 წწ.) დროს შეხვდა.
ვუდმა სამი წელი გაატარა ამ თანამდებობაზე, სანამ გადავიდოდა ნიუ-იორკში — Jennison Associates-ში სამუშაოდ, სადაც იგი 25 წლის ასაკში მთავარი ეკონომისტი გახდა. Jennison-ში ვუდი მუშაობდა რამდენიმე პოზიციაზე, კაპიტალის კვლევის ანალიტიკოსისა და პორტფელის მენეჯერის ჩათვლით. ინვესტორი კომპანიაში 18 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა.
- როგორ შექმნა მან თავისი წარმატება?
ვუდის ეკონომიკურმა კარიერამ განაპირობა მისი ინტერესი და საფონდო ბირჟის ტენდენციების პროგნოზირების უნარი. საინვესტიციო კომპანია — AllianceBernstein-ში თანამდებობის დატოვების შემდეგ, ვუდმა Ark Invest დააარსა.
ვუდის მიერ Tesla-ს სიტყვიერი მხარდაჭერის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ Ark Invest-ის ETF-ებში შედის კომპანიები, რომლებიც უახლეს ტექნოლოგიებსა და გადაწყვეტებს გვთავაზობს.
Ark Invest ასევე ფლობს აქციებს კომპანიებში ისეთი ინდუსტრიებიდან, როგორიცაა გენომის ტექნოლოგია, რობოტექნიკა, ხელოვნური ინტელექტი და ენერგიის შენახვა.
- სამი წლის განმავლობაში კეტი ვუდი Ark Invest-ს პირადად აფინანსებდა
გარე ინვესტიციების ნაკლებობის გამო, Ark Invest-ს რთული დასაწყისი ჰქონდა.
„ყოველ ორ კვირაში ჩემი სიმდიდრის მნიშვნელოვანი ნაწილი კომპანიისკენ მიედინებოდა“ — ამბობს ინვესტორი.
ფირმას საოფისე ფართი არ ჰქონდა და თანამშრომლები საკუთარი კომპიუტერებით მუშაობდნენ. სამი წლის განმავლობაში ვუდი პირადად აფინანსებდა Arks Invest-ს, სანამ კომპანიაში გარე ინვესტიციები შემოვიდოდა.
- კეტი ვუდის ფილოსოფია უორენ ბაფეტისას ეწინააღმდეგება
კეტი ეძებს კომპანიებს, რომლებსაც ინდუსტრიის ლიდერებად ქცევის პოტენციალი გააჩნია.
უორენ ბაფეტი ასევე აფასებს კომპანიის პოტენციალს, მაგრამ ინვესტიციების შერჩევისას იგი ბევრად უფრო კონსერვატიულია. ბაფეტი კომპანიაში აფასებს თანმიმდევრულობას, იმაზე მეტად, ვიდრე ღირებულებას, რომელიც მან შეიძლება გარკვეული პერიოდის შემდეგ მიიღოს. ამიტომ, ბევრი „ახალგაზრდა“ ტექნოლოგიური კომპანია ბაფეტისთვის საინტერესო არ არის.
უორენ ბაფეტის თქმით, ტექნოლოგიური ინდუსტრიის ბევრი კომპანია სწრაფად გაიზრდება, მაგრამ მას ურჩევნია იყოს დარწმუნებული კარგ შედეგში, ვიდრე დიდი წარმატების იმედი ჰქონდეს.
- მან დაიწყო იმ კომპანიებზე დაკვირვებით, რომლებსაც სხვები უგულებელყოფდნენ
კეტი ვუდმა საკუთარი თავი შეადარა პატარა ძაღლს, რომელიც მაგიდის ქვეშ ნარჩენებს ეძებს. ინვესტორმა საკმაოდ დიდი წარმატება მოიპოვა იმ კომპანიების შესწავლით, რომლებიც მრავალი ინდუსტრიის კვეთაზე იმყოფება, რის შედეგადაც მათ ანალიტიკოსებისგან ნაკლები ყურადღება დაიმსახურეს. ასეთი კომპანიების ერთ-ერთი მაგალითი იყო Reuters, რომელიც ჯერ კიდევ შედარებით ბუნდოვანი იყო იმ დღეებში და არა ის გიგანტი, რომელიც ახლაა.
- კეტი ვუდი საფუძვლიან კვლევებს ატარებს
ეს ასე იყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კეტი ეკონომისტი იყო და შენარჩუნდა მაშინაც, როდესაც იგი საფონდო ბირჟაში ჩაერთო. ცნობილია, რომ ინვესტორი, გადაწყვეტილების მიღებამდე, საფუძვლიან კვლევას ატარებს და მრავალ სხვადასხვა წყაროს აანალიზებს.
- მან 2008 წლის უძრავი ქონების ბაზრის კრიზისი იწინასწარმეტყველა
როგორც Barron’s-თან ინტერვიუში განაცხადა, ვუდი 2008 წლის უძრავი ქონების ბაზრის კოლაფსს 2006 წელში პროგნოზირებდა. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ ინვესტორმა ეს ძალიან ადრე შეამჩნია — ამ დროისთვის უძრავი ქონების „ბუშტი” ჯერ კიდევ არ იყო პიკზე. შედეგად, ინვესტორმა თავის საინვესტიციო პორტფელში რისკი დრამატულად შეამცირა და ის ბაზრის წარმადობას მნიშვნელოვნად ჩამორჩა.