ინვესტირება არის მოგზაურობა, რომელიც აღსავსეა აღმასვლებითა და ვარდნებით. ინვესტორების ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევას კი საკუთარ ემოციებთან ბრძოლა წარმოადგენს. ემოციურმა ინვესტირებამ, რომელიც განპირობებულია შიშით, სიხარბით ან პანიკით, შეიძლება ირაციონალურ გადაწყვეტილებებამდე მიგიყვანოთ, რაც თქვენს გრძელვადიან ფინანსურ მიზნებს საფრთხეს შეუქმნის. დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ საკითხის შესახებ ვისაუბრებთ, გავიგებთ, როგორ ვაკონტროლოთ ემოციები და მივიღოთ რაციონალური ფინანსური გადაწყვეტილებები.
შეიმუშავეთ მყარი საინვესტიციო გეგმა
ინვესტირების კომპლექსურ სამყაროში შებიჯებამდე კარგად გააზრებული საინვესტიციო გეგმის შემუშავება საკვანძო საკითხია. პირველ რიგში, საკუთარი ფინანსური მიზნები, რისკისადმი ტოლერანტობის დონე და დროის ჰორიზონტი განსაზღვრეთ. მკაფიო გეგმა იქნება თქვენი საგზაო რუკა, რომელიც დაგეხმარებათ, ბაზრის გარდაუვალი რყევების მიუხედავად, შეინარჩუნოთ ფოკუსი უფრო დიდ სურათზე.
მიმართეთ დივერსიფიკაციას
საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაცია არის გამოცდილი სტრატეგია, რომელიც ბაზრის ცვალებადობის წინააღმდეგ ფინანსური ფარის შექმნას ჰგავს. გადაანაწილეთ თქვენი ფული სხვადასხვა აქტივთა კლასში, ინდუსტრიასა და გეოგრაფიულ რეგიონში. ეს მეთოდი საინვესტიციო პორტფელზე ერთი წარუმატებელი ინვესტიციის გავლენას ამცირებს, ამასთან არბილებს ემოციურ რეაქციებს ინდივიდუალურ აქტივთა რყევებზე.
ორიენტირდით უწყვეტ განათლებაზე
როგორც ყველა სფეროში, ცოდნა საინვესტიციო სამყაროშიც დიდი ძალაა. იყავით ინფორმირებული ბაზრის დინამიკის, ფინანსური ინსტრუმენტებისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ. ინვესტირების საფუძვლების შესწავლა საშუალებას მოგცემთ, ლოგიკასა და ანალიზზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მიიღოთ, ნაცვლად ბაზრის სიახლეებით გამოწვეული ემოციური მოქმედებისა.
შეიქმენით რეალისტური მოლოდინები
ემოციური წონასწორობის შესანარჩუნებლად რეალისტური მოლოდინების დასახვა საკვანძო საკითხს წარმოადგენს. კარგად გაიაზრეთ, რომ ბაზრებისთვის აღმავლობისა და ვარდნის ეტაპების მონაცვლეობა სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. თქვენს ინვესტიციებთან დაკავშირებული პოტენციური რისკებისა და ანაზღაურებების გაანალიზება, ბაზრის მოკლევადიანი რყევებისთვის უკეთ მომზადებაშიც დაგეხმარებათ.
ინვესტიციების გასაყიდად მკაფიო კრიტერიუმები ჩამოაყალიბეთ
ინვესტიციების გაყიდვის კრიტერიუმები წინასწარ განსაზღვრეთ თქვენი ფინანსური მიზნების, რისკისადმი ტოლერანტობისა და საინვესტიციო დროის ჰორიზონტის საფუძველზე. ეს დაგეხმარებათ, რთულ პერიოდებში, იმპულსურად მოქმედების ნაცვლად, რაციონალური გადაწყვეტილებები მიიღოთ და წინასწარ შედგენილ გეგმას ყოველგვარი ემოციების გარეშე მიჰყვეთ.
რეგულარულად აკონტროლეთ და გადააბალანსეთ საინვესტიციო პორტფელი
მნიშვნელოვანია, რეგულარულად გადახედოთ თქვენი პორტფელის წარმადობას და მასში საჭირო კორექტივები შეიტანოთ. ბაზარზე პირობები ცვალებადია, ასევე იცვლება კონკრეტული აქციებისა და სექტორების წარმადობა. საინვესტიციო პორტფელის პერიოდული გადაბალანსება კი საშუალებას მოგცემთ, თქვენს ფინანსურ მიზნებთან შესაბამისი აქტივთა ნაზავი შეინარჩუნოთ.
ნუ ეცდებით სწორი დროის გამოცნობას
ბაზართან სინქრონიზების მცდელობა თქვენს მოგებას დააზარალებს. მუდამ გახსოვდეთ, რომ პოზიციების გასახსნელად და დასახურად საუკეთესო დროის გამოცნობა ძალიან რთულია — ამაში წარმატებას ხშირად ძალიან გამოცდილი ინვესტორებიც კი ვერ აღწევენ.
მარჩიელობის ნაცვლად შეგიძლიათ, ერთ საინტერესო სტრატეგიას — ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოებას მიმართოთ. ეს მეთოდი რეგულარულ ინტერვალებში კონკრეტული თანხების ინვესტირებას გულისხმობს მიუხედავად იმისა, თუ რა ღირს ესა თუ ის აქცია მოცემულ მომენტში. ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოება ინვესტირების პროცესიდან ემოციების გამორიცხვაში დაგეხმარებათ.
ამ სტრატეგიის დროს გამოყენებული შუალედები თქვენზეა დამოკიდებული, შეგიძლიათ ინვესტიციები ყოველკვირეულად, ყოველთვიურად, კვარტალურად და სხვა, თქვენთვის კომფორტული, შუალედებით ჩადოთ. მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვროთ და დაიცვათ კონკრეტული განრიგი. თქვენი მიზანი უბრალოდ განსაზღვრული თანხის რეგულარული ინტერვალებით ინვესტირებაა. აქციებს ყიდულობთ როგორც მაქსიმალური ფასების, ასევე მათი ვარდნის პირობებში, რათა საბოლოოდ ინვესტიციის ღირებულება გაასაშუალოოთ.
მიიღეთ რჩევები პროფესიონალებისგან
მათთვის, ვისაც ბაზრის მოვლენებზე საკუთარი ფსიქოლოგიური რეაქციების მართვა უჭირს, ფინანსური პროფესიონალებისგან რჩევები მიღება შეიძლება შესანიშნავი არჩევანი იყოს. მათ შეუძლიათ დაგეხმარონ რაციონალური სტრატეგიის შედგენაში, რომელიც თქვენს ფინანსურ მიზნებთან, დროის ჰორიზონტთან და რისკისადმი ტოლერანტობის ხარისხთან შესაბამისი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას მოგცემთ.
იმუშავეთ ემოციების კონტროლზე
ემოციების ამოცნობისა და კონტროლის უნარი წარმატებული ინვესტორებისთვის დამახასიათებელი ნიშანია. ისეთმა ემოციებმა, როგორებიც არის შიში და სიხარბე, შეიძლება წამგებიან საინვესტიციო გადაწყვეტილებებამდე მიგიყვანოთ. ამიტომ, მოერიდეთ ბაზრის სენტიმენტებზე დაყრდნობით ინვესტირებას ან ხალხის მასების ბრმად მიყოლას. ამის ნაცვლად, მიიღეთ რაციონალური გადაწყვეტილებები კვლევის, ანალიზისა და თქვენი საინვესტიციო გეგმის საფუძველზე. გახსოვდეთ, რომ წარმატებული ინვესტირება მოითხოვს დისციპლინას, მოთმინებას, ფოკუსირებას გრძელვადიან პერსპექტივაზე და არა მოკლევადიან მოვლენებზე.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.