ტექნოლოგიური სექტორი უზარმაზარია. როდესაც ტექნოლოგიურ აქციებზე საუბრობთ, ალბათ, თავში ისეთი კომპანიები მოგდით, როგორებიც არის Microsoft, Apple და, შესაძლოა, Netflix. მაგრამ ტექნოლოგიური სექტორი ბევრად მეტია, ვიდრე სამომხმარებლო საქონელი. როდესაც ტექნოლოგიებზე საუბრობთ, თქვენ მთლიანობაში გულისხმობთ ინდუსტრიას, რომელიც შემდეგი სექტორებისგან შედგება:
- ტელეკომუნიკაცია
- სამომხმარებლო და სამრეწველო ელექტრონიკა
- საინფორმაციო ტექნოლოგია (IT)
- ნახევარგამტარები
- ხელოვნური ინტელექტი (AI) და ა. შ.
მოკლედ, თითქმის ნებისმიერი ბიზნესი, რომელიც ეწევა ფიზიკური ელექტრონიკის (მოწყობილობების) ან კოდების და პლატფორმების (პროგრამული უზრუნველყოფა) კვლევას, წარმოებას, შენარჩუნებას, შეკეთებას ან დისტრიბუციას, შეიძლება, ტექნოლოგიური „ქოლგის“ ქვეშ მოხვდეს. ეს ნიშნავს, რომ ინვესტორებს ამ მიმართულებით არჩევანის სიმრავლე აქვთ.
რატომ უნდა ჩავდოთ ინვესტიცია ამ სექტორში?
ცნობილია, რომ ტექნოლოგიური აქციები იზიდავს სხვადასხვა ტიპის ინვესტორებს, დაწყებული ახალბედებით, დამთავრებული ძალიან გამოცდილებით. ძირითადი წინაპირობა მარტივია. ტექნოლოგიური კომპანიები გვთავაზობს სიახლეს, აღტაცებასა და ინოვაციებს, რომელსაც სხვა ინდუსტრიები უბრალოდ ვერ უზრუნველყოფს.
მხოლოდ ახალი გამოგონებები და იდეები არ არის ის, რაც ინვესტორებს იზიდავს. ტექნოლოგიურ კომპანიებში ინვესტიცია ასევე ინდივიდებს შანსს აძლევს ჩადონ ინვესტიცია ბრენდებში, რომლებიც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. რომელი ჩვენგანი არ ფლობს კომპიუტერს, სმარტფონს ან თუნდაც სტრიმინგ მედიის ანგარიშს?
გარდა ამისა, ტექნოლოგიური აქციები გვთავაზობს ზრდის, შემოსავლისა და ღირებულების სტრატეგიებს. მაგალითად, ინვესტირება ისეთ მომწიფებულ ტექნოლოგიურ კომპანიაში, როგორიც არის Apple, არა მხოლოდ დივიდენდებს მოგიტანთ, არამედ, სავარაუდოა, რომ თქვენი ინვესტიცია როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში გაიზრდება.
ტექნოლოგიური სექტორის ცნობილი სახელები
ზოგიერთი ინვესტორი, რომელსაც ამ სექტორში სიმდიდრის დაგროვება სურს, ყურადღებას ინოვაციურ სტარტაპებში ინვესტირებაზე ამახვილებს. ეს სტარტაპები ცდილობენ, რომ უზარმაზარ ინდუსტრიაში გადატრიალება გამოიწვიონ. მაგრამ სტარტაპები წარმატების ერთადერთი გზა არ არის.
საშუალო ინვესტორისთვის, ხშირად უფრო ლოგიკურია სწრაფად მზარდი გიგანტებისკენ სწრაფვა. როდესაც 21 საუკუნის bull ბაზარი (მდგომარეობა, როდესაც ფასიანი ქაღალდების ფასები იზრდება) მძვინვარებდა, ტექნოლოგიური აქციები ენთუზიაზმით ლიდერობდა. შედეგად, უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების აქციებმა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში S&P 500-ზე უკეთესი შედეგები დააფიქსირა. S&P 500-ის ტოპ 5 წევრი სწორედ ტექნოლოგიურ სექტორში ყველაზე ცნობილი კომპანიებია:
- Alphabet (Google)
- Amazon
- Apple
- Microsoft
გარდა ამისა, ამ სექტორში მოღვაწეობენ ისეთი გიგანტები, როგორებიც არის Nvidia, AMD, Netflix და PayPal, ათეულობით სხვა კომპანიას შორის, რომლებიც მაღალი ზრდის პოტენციალის მქონე ტექნოლოგიურ კომპანიებს მიეკუთვნება. მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპანიები პროდუქტებითა და საქმიანობის სპეციფიკით განსხვავდება, მათ ერთი რამ აქვთ საერთო: თითოეულმა უმაღლეს მაჩვენებლებს 2020 წელს, კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების ფონზე მიაღწია.
თუ უპირატესობა გრძელვადიან თანმიმდევრულ ზრდას ანიჭებთ და ასევე გსურთ მინიმუმამდე დაიყვანოთ ის არასტაბილურობა, რომელიც ცალკეული აქციების შეძენას მოაქვს, არსებობს მრავალი მაღალი ხარისხის გაცვლითი სავაჭრო ფონდი (ETF), მაგალითად:
- Vanguard Information Technology ETF, რომელსაც გააჩნია $47 მილიარდის ღირებულების AUM (აქტივების მთლიანი საბაზრო ღირებულება, რომელსაც ფონდი დროის მოცემულ მომენტში მართავს) და 425-ზე მეტი ფასიანი ქაღალდი
- Technology Select SPDR Fund – $39.6 მილიარდის ღირებულებისAUM და დაახლოებით 70 ფასიანი ქაღალდი
- iShares US Technology ETF – $7.1 მილიარდის ღირებულების AUM და 150-ზე მეტი ფასიანი ქაღალდი
თითოეული ეს ETF ფოკუსირებულია ფართო ტექნოლოგიურ ბაზარზე. მათი აქტივების უმეტესი ნაწილი შედის მეგა და დიდი კაპიტალის დიაპაზონში. გარდა ამისა, ეს კომპანიები, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, თანმიმდევრულად იზრდება. მათი აქტივების დიდი ნაწილის მომწიფებულ კომპანიებში ინვესტირებით და მცირე ინვესტიციების განხორციელებით, ფონდები, ტექნოლოგიური ბაზრის თანდაყოლილი არასტაბილურობის წინააღმდეგ, მცირე დამცავ ზონას გვთავაზობს.
როგორ უნდა დავიწყოთ ტექნოლოგიურ სექტორში ინვესტირება?
როდესაც საქმე ტექნოლოგიურ სექტორში ინვესტირებას ეხება, შეგიძლიათ რამდენიმე გზა გამოიყენოთ. ყველაზე აშკარაა ინდივიდუალური აქციების ყიდვა ბროკერის ან ონლაინ საინვესტიციო პლატფორმის საშუალებით, როგორიც არის Robinhood, Fidelity Go, Acorns ან SoFi Invest. ტრადიციული საფონდო ბროკერები ახლა ასევე გვთავაზობენ ონლაინ პლატფორმებს, როგორებიც არის TD Ameritrade და Charles Schwab.
ტექნოლოგიურ ETF-ში ინვესტირება კიდევ ერთი პოპულარული ვარიანტია, რომელიც საშუალებას გაძლევთ გადაანაწილოთ რისკი და ერთი ნაბიჯით რამდენიმე ფასიანი ქაღალდი შეიძინოთ. გარდა ამისა, როგორც წესი, ინვესტიციისთვის ნაკლები საწყისი კაპიტალი გჭირდებათ. ტექნოლოგიური აქციები ხშირად სამნიშნა და ოთხნიშნა რიცხვებით ფასდება, მაშინ, როცა შეგიძლიათ უფრო მცირე თანხები ETF-ში დააბანდოთ.