მოსალოდნელი რეცესია ბევრი ინვესტორისთვის ნამდვილი კოშმარია, თუმცა თუ უარესი სცენარისთვის მოსამზადებლად გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამთ და მტკიცე სტრატეგიას შეიმუშავებთ, საშუალება მოგეცემათ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და მიმდინარე პროცესებს სხვაგვარად შეხედოთ.
აღმასვლა და ვარდნა ინვესტირების ბუნებრივი ნაწილია
წლების განმავლობაში ყველაზე მომგებიან კომპანიებსაც კი ჰქონდა აღმავლობისა და ვარდნის პერიოდები. უმეტეს შემთხვევაში, ისინი საბოლოოდ ჯანსაღ მდგომარეობას უბრუნდება, მაგრამ ამას, შეიძლება, თვეები ან წლებიც კი დასჭირდეს.
აქციების ფასების კლებისას არსებობს ცდუნება მათი გაყიდვისა შემდგომი ზარალის თავიდან აცილების მიზნით. მაგრამ ხშირად ეს დროებით ზარალს მუდმივად აქცევს. უმეტეს შემთხვევაში, ასეთ სიტუაციაში საუკეთესო არჩევანი უბრალოდ ლოდინია. იქონიეთ რწმენა თქვენი ინვესტიციების მიმართ და საინვესტიციო პორტფელს აღდგენის შესაძლებლობა მიეცით. თუმცა ამ შემთხვევაში მთავარია, რომ თავის დროზე თქვენ მიერ მიღებული საინვესტიციო გადაწყვეტილებები გააზრებული იყოს და კომპანიის ძლიერი საფუძვლებიდან გამომდინარეობდეს.
რა უნდა გავაკეთოთ პოტენციური რეცესიისთვის მოსამზადებლად
გრძელვადიან პერსპექტივაზე ფოკუსირება თქვენი საინვესტიციო სტრატეგიის მნიშვნელოვან ასპექტს უნდა წარმოადგენდეს. სასურველია, რომ ასეთ შემთხვევაში ინვესტიციებში არ უნდა ჩადოთ ისეთი ფული, რომლის გამოყენებაც მომდევნო 5 წლის განმავლობაში დაგჭირდებათ. იმისთვის, რომ ბაზრის ვარდნის დროს პოზიციების გაყიდვა თავიდან აიცილოთ, აუცილებელია საგანგებო ფონდი იქონიოთ.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ თქვენი საინვესტიციო პორტფელი სათანადოდ დივერსიფიცირებული იყოს. ეს რეცესიის დროს ფულის დაკარგვისგან, რა თქმა უნდა, ვერ დაგაზღვევთ, მაგრამ თქვენი ზარალის შემცირებას ხელს ნამდვილად შეუწყობს. როდესაც მთელი ფული ერთი კომპანიის აქციებში გაქვთ ჩადებული, თქვენი წარმატება მთლიანად ამ კომპანიის წარმადობაზეა დამოკიდებული, რაც სასარგებლო არ არის. თუმცა თუ 100 სხვადასხვა აქციას ფლობთ და აქედან რამდენიმე კრახს განიცდის, ეს თქვენზე დიდად არ იმოქმედებს, რადგან დიდი შანსია, რომ სხვა აქციების წარმატება საბოლოოდ მდგომარეობას დააბალანსებს.
საინდექსო ფონდებში ინვესტირება არის მარტივი გზა, რომელიც ერთი შესყიდვით დივერსიფიკაციის მიღწევის საშუალებას გაძლევთ. საინდექსო ფონდში ინვესტირების შედეგად ასობით კომპანიის წილის მფლობელი ხდებით.
თვითონ უნდა გადაწყვიტოთ, თუ რა არის თქვენთვის სწორი
თუკი ინვესტიციებში ჩადებული ფული უახლოეს მომავალში არ გჭირდებათ, ეს თავს უფრო მშვიდად გაგრძნობინებთ, მაგრამ თუ პენსიაზე გასვლის ზღვარზე ხართ, შესაძლოა, სხვაგვარი შეგრძნება დაგეუფლოთ. ამ შემთხვევაში, შეიძლება, ფულის უფრო უსაფრთხო ინვესტიციებში (მაგალითად, ობლიგაციები) გადატანა მოგინდეთ.
საბოლოო ჯამში, ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ განკარგავს საკუთარ ფულს. მაგრამ გეგმის შედგენა ნებისმიერ შემთხვევაში სასარგებლოა. თქვენი ინვესტიციების დივერსიფიკაციისკენ ნაბიჯების გადადგმა და იმის გათვლა, თუ როგორ გაუმკლავდებით რეცესიას, უფრო მეტ თავდაჯერებულობას მოგანიჭებთ მაშინ, როდესაც ფაქტის წინაშე აღმოჩნდებით.