საფონდო ბირჟაზე დიდი ხმაურია. ფასების ყოველდღიური რყევები, კვარტალური ანგარიშები, სპეკულაციები და სმარტფონი, რომელიც ამ ყველაფერზე წამიერ წვდომას აადვილებს. ამ ხმაურის პრობლემა ის არის, რომ ამან შეიძლება მიგაღებინოთ ისეთი მოკლევადიანი გადაწყვეტილებები, რომლებიც თქვენს გრძელვადიან ინტერესებს ეწინააღმდეგება.
ეს შეიძლება იმაზე ძვირი დაგიჯდეთ, ვიდრე თქვენ ფიქრობთ
გავრცელებული შეცდომა, რომელსაც ადამიანები უშვებენ, არის პანიკაში ჩავარდნა და აქციების გაყიდვა მაშინ, როდესაც bear market-ის პირობებში მათი ფასები მცირდება. თქვენს პორტფელში არსებული ზარალი არის არარეალიზებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. თუ აქციას $100-ად შეიძენთ, ფასი $80-მდე შემცირდება, შემდეგ კი ამ აქციას გაყიდით, თქვენი ზარალი $20 იქნება. თუ $80-მდე შემცირების შემდეგ აქციას არ გაყიდით და გარკვეული პერიოდის შემდეგ ფასი $120-მდე გაიზრდება საშუალება მოგეცემათ ზარალის ნაცვლად მოგება მიიღოთ.
ინვესტირებისას გრძელვადიანი მიდგომის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რათა ბაზრის საუკეთესო დღეებით სარგებლობა შეძლოთ. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე კი ნათლად ჩანს, თუ რამდენად ზრდის ეს საუკეთესო დღეები თქვენს მოგებას.
იფიქრეთ მომავალ ღირებულებაზე
მოკლევადიან გადაწყვეტილებას, როგორიც არის პანიკური გაყიდვა, შეიძლება ჰქონდეს არა მხოლოდ ამჟამინდელი შედეგები, არამედ შეუძლია წაგართვათ მომავალი ღირებულება. ნებისმიერ აქციას, რომელსაც ახლა ყიდით, ზრდის შანსს ართმევთ. მაგალითად ავიღოთ American Express (AMEX). 2020 წლის თებერვალში კომპანიის აქციების ფასმა $135-ს ოდნავ გადააჭარბა. თუმცა, 2020 წლის 14 თებერვლიდან 2020 წლის 20 მარტამდე ეს მაჩვენებელი $74-მდე შემცირდა.
დავუშვათ, რომ AMEX-ის 100 აქციას ფლობდით და ფასების კლების ფონზე ამ ინვესტიციის გაყიდვა გადაწყვიტეთ მაშინ, როდესაც ფასი $100-ზე იყო ჩამოსული. შესაბამისად $10,000-ს მიიღებდით. იგივე აქციების ჯამური ფასი 2020 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით $16,000-ს გადააჭარბებდა.
ეს არ ნიშნავს, რომ აქციების გაყიდვა არსებითად ცუდია. ზოგჯერ ეს მართლაც საუკეთესო ვარიანტია, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორისთვის აუცილებლად დამახასიათებელი თვისებაა იმის გაგება, რომ საფონდო ბირჟაზე აღმავლობა და ვარდნა გარდაუვალია. როგორც კი ამას გაიაზრებთ, ფასების შემცირების პერიოდი თქვენთვის გახდება შესაძლებლობა, შეიძინოთ ხარისხიანი აქციები დაბალ ფასად. ასეთ შემთხვევაში, აქციების გაყიდვის ნაცვლად ახალი მომგებიანი ინვესტიციების პოვნაზე ორიენტირდებით.
ზედმეტი თავდაჯერებულობა საზიანოა
საეჭვო მოკლევადიანი გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ბაზრის ვარდნით ან აქციების ნაადრევად გაყიდვით არ შემოიფარგლება. ისინი ასევე შეიძლება ზედმეტი თავდაჯერებულობისგან მომდინარეობდეს. ადვილი არ არის ვინმეს დარწმუნება ინვესტირებაში მაშინ, როდესაც აქციების ფასები ეცემა, თუმცა ფასების ზრდის პერიოდში ხალხი საფონდო ბირჟაზე ფულის ჩადებას ჩქარობს, რათა პოტენციური მოგებით ისარგებლოს.
„Bull market-ზე ყველა გენიოსია“ – ეს არის მკაცრი სიმართლე. Bull market-ის დროს ბევრი ინვესტორი ჩვეულ საინვესტიციო სიბრძნეს ივიწყებს, რადგან ასეთ პერიოდში კარგი შემოსავლის მიღებას ხარვეზიანი ბიზნესიც კი ახერხებს. ეს უფრო სპეკულაციას ჰგავს, ვიდრე ინვესტიცირებას, რომელიც კარგად იშვიათად მთავრდება. აქციები იქიდან გამომდინარე უნდა შეიძინოთ, რომ მათი გრძელვადიანი პოტენციალის გჯერათ.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.