ფინანსური სტაბილურობისა და უსაფრთხოებისკენ მიმავალ გზაზე, გარკვეულმა ჩვევებმა შეიძლება შეგვაფერხოს, ან პირიქით, ჩვენს წინსვლას შეუწყოს ხელი. ისეთმა მავნე მიდგომებმა, როგორებიც არის ზედმეტი ხარჯვა, დაზოგვის უგულებელყოფა და გრძელვადიან დაგეგმვაზე უარის თქმა, შეიძლება მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონიოს ჩვენს ფინანსურ მომავალზე. ამ ჩვევების იდენტიფიცირება და მათი ჯანსაღი მიდგომებით ჩანაცვლება საშუალებას მოგვცემს, ჩამოვაყალიბოთ უფრო ძლიერი ფინანსური საფუძველი უკეთესი მომავლისთვის.
დღევანდელ სტატიაში ყურადღებას სწორედ ამ საკითხზე გავამახვილებთ და ვისაუბრებთ ჩვევებზე, რომლებიც ძლიერი ფინანსური მომავლის შექმნაში ხელს გვიშლის.
საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებს მიღმა ცხოვრება
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა იმაზე მეტი ფულის დახარჯვაა, ვიდრე — გამოიმუშავებთ. მუდმივად თქვენი შესაძლებლობების ფარგლებს მიღმა ცხოვრება ვალების დაგროვებას, ფინანსურ სტრესს და სამომავლო მიზნებისთვის დაზოგვის უუნარობას იწვევს.
გადაუდებელი საჭიროების ფონდის უგულებელყოფა
სარეზერვო ფონდის შექმნაზე უარის თქმა დაუცველს გტოვებთ მოულოდნელი ხარჯების ან სამუშაოს დაკარგვის მიმართ. ფინანსური „უსაფრთხოების ბადის“ არარსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად, მაღალპროცენტიანი ვალი გამოიყენოთ. ეს კი თქვენს ფინანსურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.
ინვესტირებაზე უარის თქმა
ინვესტირების უგულებელყოფა ზრდის პოტენციური შესაძლებლობების ხელიდან გაშვებას ნიშნავს. დროთა განმავლობაში, ინფლაცია შემნახველ ანგარიშებზე არსებული უმოქმედო ფულის მსყიდველუნარიანობას ამცირებს, რაც გადამწყვეტს ხდის გონივრულ ინვესტირებას გრძელვადიანი ფინანსური მიზნების მისაღწევად, როგორიც არის პენსიაზე გასვლა.
ვალების იგნორირება
ვალების იგნორირება ან მხოლოდ მინიმალური შენატანების განხორციელება შეიძლება ძალიან მაღალ საპროცენტო გადასახადებში და ვალების დაუსრულებელ ციკლში გადაიზარდოს. ვალის დაფარვის პრიორიტეტიზაცია აუცილებელია ფინანსური სიჯანსაღის გასაუმჯობესებლად, ფულის დაზოგვისა და ინვესტირების შესაძლებლობების გამოსაყენებლად.
კრედიტის პასუხისმგებლობით და საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში გამოყენება ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების გასაღებია.
იმპულსური ხარჯვა
იმპულსურმა შესყიდვებმა, მათი გრძელვადიანი გავლენის გათვალისწინების გარეშე, შეიძლება თქვენი ფინანსური მიზნების განხორციელება შეაფერხოს. საჭიროებებსა და სურვილებს შორის ზღვრის გავლება და გონივრული ხარჯვის პრაქტიკის დანერგვა გადამწყვეტი ნაბიჯია უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისკენ.
ბიუჯეტირებაზე უარის თქმა
ბიუჯეტის გარეშე მოქმედება ართულებს ხარჯების მონიტორინგსა და ფულადი სახსრების ეფექტიანად განაწილებას. ბიუჯეტირება ინდივიდებს საშუალებას აძლევს, განსაზღვრონ პრიორიტეტები, გამოავლინონ ხარჯების შემცირების მიმართულებები, ასევე გამოყონ ფული ვალის დასაფარად, დასაზოგად და ინვესტირებისთვის.
ეს პროცესი არ უნდა გადადოთ. ბიუჯეტის ადრეულ ეტაპზე შედგენა და მისი რეგულარულად გადახედვა საშუალებას მოგცემთ, თქვენი მიზნებისკენ მიმავალი კურსი შეინარჩუნოთ და ცვლილებებს უკეთ მოერგოთ.
დივერსიფიკაციის საჭიროების უგულებელყოფა
მთელი თქვენი ფულის ერთ კომპანიაში ან აქტივების ერთ კლასში დაბანდება ფინანსური ზარალის რისკს ზრდის. საინვესტიციო თანხის გადანაწილება საშუალებას მოგცემთ, რისკები შეამციროთ და თქვენი ინვესტიციებისგან მიღებული გრძელვადიანი ანაზღაურება გააუმჯობესოთ.