რომელი სუპერ მდიდარი ინვესტორი გახსენდებათ, როდესაც საქმე საინვესტიციო რჩევებს ეხება? დიდი ალბათობით – უორენ ბაფეტი. მაგრამ არის კიდევ ერთი მდიდარი ბიზნესმენი, რომელიც ამ დღეებში საინვესტიციო სიბრძნეს გვიზიარებს.
ილონ მასკი ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება, მისი ქონება $264 მილიარდად არის შეფასებული. მას უფრო მეტად იცნობენ, როგორც ანტერპრენერსა და განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანს, ვიდრე ინვესტორს. თუმცა მასკმა რამდენიმე შესანიშნავი საინვესტიციო რჩევა მოგვცა.
სამი პრინციპი და დაპირება
მასკი Twitter-ის აქტიური მომხმარებელია, მაგრამ გასული შაბათ-კვირის განმავლობაში მან სოციალურ ქსელში მხოლოდ ერთხელ დაპოსტა. ეს იყო ტვიტი, რომელიც ინვესტორმა უნდა წაიკითხოს და გაითვალისწინოს.
ჩვენ შეგვიძლია მასკის რჩევა სამი პრინციპისა და ერთი დაპირების სახით შევაჯამოთ.
პირველი პრინციპი: იყიდეთ აქციები, რომლისაც გჯერათ
პირველ პრინციპს რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი გააჩნია. გაითვალისწინეთ, მასკმა რეკომენდაცია გაუწია რამდენიმე კომპანიის აქციების შეძენას. მიუხედავად იმისა, რომ მას არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენი აქცია უნდა ვიყიდოთ, დივერსიფიკაცია მუდამ კარგი იდეაა. მან ასევე გვირჩია ისეთ კომპანიებში ინვესტირება, რომელთა მიერ წარმოებული პროდუქტისა და მომსახურების გვჯერა, აქცენტით სიტყვაზე – „თქვენ“. მასკის Tesla-სადმი დამოკიდებულება და Twitter-ის შესყიდვის გადაწყვეტილებაც სწორედ ამაზე უსვამს ხაზს. მულტიმილიარდერის სხვა ინვესტიციებიც შეესაბამება ამ ამ ფილოსოფიას, მათ შორის SpaceX და The Boring Company.
მეორე პრინციპი: გაყიდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიისადმი თქვენი პირვანდელი რწმენა გაქრება
მასკმა გვირჩია აქციების გაყიდვა იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის პროდუქტებსა და მომსახურებას გაუარესების ტენდენცია ახასიათებს. თუ უფრო ჩავუღრმავდებით, გამოდის, რომ აქციები უნდა გავყიდოთ მაშინ, როდესაც იშლება ის საფუძველი, რომელზეც ჩვენი კომპანიისადმი რწმენა იყო დამყარებული.
მესამე პრინციპი: ბაზრის ვარდნა ნუ შეგაშინებთ
ეს შესანიშნავი რჩევაა. უბრალოდ გადახედეთ 2020 წლის დასაწყისს, როდესაც ზოგიერთი ინვესტორი, საფონდო ბირჟის ვარდნის გამო, პანიკაში ჩავარდა. ვინც ასე არ მოიქცა, უზარმაზარი მოგება მიიღო. მართალია, საფონდო ბირჟა ყოველი მასიური გაყიდვის შემდეგ ასე სწრაფად არ აღდგება, მაგრამ ისტორია გვიჩვენებს, რომ საბოლოოდ ის ყოველთვის ახერხებს გაუმჯობესებას.
დაპირება
მასკმა თავისი ტვიტი დაასრულა პრინციპებით, რომ მის მიერ ჩამოყალიბებული პრინციპების დაცვა „გრძელვადიან პერსპექტივაში კარგად აგინაზღაურდებათ“. აქ სიტყვა „გრძელვადიანი“ ძალიან მნიშვნელოვანია. აქციებში ინვესტირებისას საუკეთესო გზა გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული აზროვნებაა.
დასკვნა
ლეგენდარულმა ინვესტორმა – პიტერ ლინჩმა გაუწია პოპულარიზაცია იდეას, რომელიც თქვენთვის გასაგებ კომპანიებში ინვესტირებას გულისხმობს. უორენ ბაფეტიც მუდამ ორიენტირებული იყო იმ ბიზნესებში ინვესტირებით, რომელთა საქმიანობაშიც ის კარგად ერკვევა.
გასაგებია, რომ ბაზრის ვარდნისას ინვესტორები საკუთარ ინვესტიციებზე ღელავენ, მაგრამ თუ კომპანიის საფუძვლების კვლავ გჯერათ, არასტაბილურობას თქვენი კურსიდან გადახვევის ნებას ნუ მისცემთ.
ხანდახან ილონ მასკი იხსენებს რამდენიმე წლის წინანდელ დღეებს, როდესაც Tesla ძალიან ახლოს იყო გაკოტრებასთან. მაშინ ის მყარად დადგა საკუთარ პოზიციაზე, რადგან კომპანიის სჯეროდა. ასე რომ არ მოქცეულიყო, ნაკლებად სავარაუდოა რომ მასკი ახლა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის რანგში გვეხილა.
შესაძლოა, ილონ მასკს ყველაფერში არ ეთანხმებოდეთ და მის შეხედულებებს ხშირად არ იზიარებდეთ, მაგრამ ეს საინვესტიციო რჩევა ნამდვილად გასათვალისწინებელია.