მოსალოდნელი რეცესია დღეს საკმაოდ აქტუალური საკითხია. ინფლაციის, მისი კონტროლის მიზნით ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) ძალისხმევის და გლობალური პრობლემების გადაჭარბების წყალობით, მრავალი ადამიანი რეცესიას მოელის, მაგრამ მისი დადგომა გარანტირებული არ არის.
შესაძლოა, სწორედ ამ სიტუაციამ კარგად მომზადებულ ინვესტორებს რამდენიმე წლის შემდეგ გამდიდრების შესაძლებლობა მისცეს. დღევანდელ სტატიაში კი მოცემულია ოთხი ქმედება, რომელიც ამ მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.
- განსაზღვრეთ, როდის დაგჭირდებათ თქვენი ფული
პირველი ნაბიჯი რეცესიისთვის მოსამზადებლად არის თქვენი ფინანსური მიზნების შესახებ დაფიქრება და მათი განსაზღვრა. კონკრეტულად, უნდა გადაწყვიტოთ, თუ როდის გსურთ თქვენი ინვესტიციების განაღდება. ამიტომ, პირველ რიგში თქვენი დროის ჰორიზონტი განსაზღვრეთ.
სამწუხარო იქნება, თუ იძულებული გაგხდებით თქვენი აქციები ზარალით გაყიდოთ მხოლოდ იმიტომ, რომ მომავალი წინასწარ არ დაგეგმეთ.
- განსაზღვრეთ თქვენი დაუცველი აქციები
შემდეგი ნაბიჯი არის თქვენი საინვესტიციო პორტფელის განხილვა და გააზრება, თუ რომელი ინვესტიცია შეიძლება აღმოჩნდეს რეცესიის დროს უფრო დაუცველი და რომელი პოზიციები შეინარჩუნებს სტაბილურობას.
მაგალითად, თუ თქვენ ფლობთ Johnson & Johnson-ის აქციებს, სავარაუდოდ, რეცესიის დროს ის სტაბილური პოზიცია იქნება. კომპანია ავითარებს მედიკამენტებს და სამედიცინო მოწყობილობებს. ეკონომიკური პირობები საკმაოდ მძიმე უნდა იყოს იმისთვის, რომ ადამიანებმა ასეთი საჭირო პროდუქტების მიმართულებით ფულის დაზოგვა დაიწყონ.
ამის საპირისპიროდ, თუ თქვენ Tesla-ს აქციებს ფლობთ, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ რეცესიის დროს ასეთი კომპანიები უფრო დაუცველია. ძვირადღირებული ელექტრომობილები შეიძლება მომავლის პროდუქტი იყოს, მაგრამ ფინანსური რესურსების სიმცირის პერიოდში ისინი საყოფაცხოვრებო პრიორიტეტების სიაში არ არის.
ანალოგიურად, ავტომწარმოებელი დაუცველია საქონლის ფასების ყველანაირი რყევების მიმართ, რომელიც მას მანქანების დასამზადებლად სჭირდება. ეს კი შეიძლება რეცესიის დროს დამატებითი წინააღმდეგობა იყოს.
- დაიწყეთ ფულადი სახსრების შენახვა, რათა თქვენთვის სასურველ კომპანიებში პოზიციები გააძლიეროთ
შემდეგ უკვე დროა გადახედოთ თქვენს პოზიციებს, მათ შორის თითოეული მათგანის საინვესტიციო თეზისს, რათა გადაწყვიტოთ, არის თუ არა მათ წინაშე არსებული წინაღობები დროებითი და მათი კონტროლის მიღმა მოქმედი მაკროეკონომიკური ფაქტორებით გამოწვეული. ან შეიძლება თუ არა რეცესია საბოლოო ჯამში მათი გრძელვადიანი ანაზღაურებისთვის ფატალური აღმოჩნდეს.
ვთქვათ, ფიქრობთ, რომ, შესაძლოა, Tesla რეცესიის დროს დაუცველი იყოს. მაგრამ თქვენ ასევე ფიქრობთ, რომ ის გადაურჩება ნებისმიერ წინაღობას და შემდგომში სტაბილური ტემპით ზრდას შეძლებს. შეიძლება დაგჭირდეთ ფულის დაზოგვა, შემცირებული ფასების პირობებში მეტი აქცია შეიძინოთ – რა თქმა უნდა, თუ ამ კონკრეტული აქციების კონცენტრაცია უკვე მაღალი არ არის და ის დივერსიფიცირებული პორტფელის ნაწილს წარმოადგენს. ასევე შეგიძლიათ იგივე გააკეთოთ თქვენი ნაკლებად დაუცველი აქციებისთვის, როგორიცაა Johnson & Johnson.
- გამოიჩინეთ მოთმინება
და ბოლოს, გამოიჩინეთ მოთმინება, როდესაც განაგრძობთ ფულადი სახსრების დაზოგვას და სტაბილური კომპანიების აქციების შეძენას, რომელთა წარმატებისაც გჯერათ. ალბათ, უმჯობესი იქნება, დროებით შეწყვიტოთ ძალიან დაუცველი კომპანიების აქციების შეძენა, თუ ფიქრობთ, რომ რეცესია დადგება.
ზოგადად, პანიკის საფუძველზე აქციების ყიდვა არ უნდა შეწყვიტოთ – პირიქით, მოემზადეთ მეტი აქციის შესაძენად, თუ საფონდო ბირჟაზე შესაბამისი პირობები შეიქმნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უმჯობესია წინასწარ განსაზღვროთ, თუ როგორ იმოქმედებთ რეცესიის დადგომის შემთხვევაში, შემდეგ კი ჩვეულ ცხოვრებას მიჰყვეთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ რეცესიის შესახებ ბევრი პროგნოზი არასწორია. მას შემდეგ რაც სტრატეგიას შეიმუშავებთ, შესაძლებლობა მოგეცემათ, მოემზადოთ იმისთვის, რაც შეიძლება მოხდეს.