საკუთარ თავში ინვესტირების მნიშვნელობა ხშირად გვავიწყდება, როცა ცხოვრებაში ბევრი „კონკურენტული“ პრიორიტეტი გვაქვს. თუმცა როცა სათანადოდ არ ვზრუნავთ მუდმივ განვითარებაზე, ავტომატურად ვწყვეტთ ზრდას, რაც ყოველმხრივ ცუდად მოქმედებს ჩვენზე.
პირველ რიგში, საკუთარ თავში ინვესტირება ახალ შესაძლებლობებს გვიხსნის და უწყვეტ პიროვნულ ზრდას უზრუნველყოფს. ეს სულაც არ ნიშნავს მაინცდამაინც ფორმალური განათლების მიღებას — უბრალოდ, გამოცდილებისა და მისწრაფებების ფართო სპექტრს მოიცავს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ჰობი იქნება, კარიერული წინსვლა თუ მეტი დროის დათმობა თქვენივე თავისთვის.
ბუნებრივია, საკუთარ თავში ინვესტირების ფორმები იმისდა მიხედვით განსხვავდება, თუ ცხოვრების მოცემულ ეტაპზე რა გამოწვევის წინაშე იმყოფებით; ან რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ერთიანი ფორმულაც არ არსებობს — ყველას განსხვავებული მიდგომა სჭირდება. თუნდაც იმიტომ, რომ ეს ყოველთვის მხოლოდ განვითარებას არ ნიშნავს — ზოგჯერ უბრალოდ არსებულ ცვლილებებთან ადაპტაციის პროცესიცაა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის იმ შესაძლებლობებით სარგებლობა, რომლებიც ჩვენს გზაზე ჩნდება. ასევე, იმის იდენტიფიცირება, რაც რეალურად შეესაბამება ჩვენს სურვილებს. ამიტომაც, დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და დროულად იმოქმედოთ — ასე მნიშვნელოვნად შეუწყობთ ხელს საკუთარ ზრდას.
სტატიაში მოცემული 3 რჩევა კი დაგეხმარებათ, ამ მრავალფეროვან და საინტერესო მოგზაურობაში პირველი ნაბიჯები გადადგათ.
- დაადგინეთ პირადი შთაგონების წყარო
როდესაც რაღაც დიდ ინტერესს იწვევს თქვენში ან მომენტალურად გმატებთ ენერგიას, აუცილებლად მიჰყევით მას. შესაძლოა, სამოტივაციო წიგნის წაკითხვამაც კი გიბიძგოთ ტრანსფორმაციული ნაბიჯების გადადგმისკენ.
- უკუკავშირის მიღება
რა თქმა უნდა, ყოველთვის ადვილი არაა უკუკავშირის მოთხოვნა, მაგრამ ამ ჩვევის გამომუშავება აუცილებელია. არ აქვს მნიშვნელობა, პოზიტიური იქნება ის თუ ნეგატიური — თითოეული მათგანი ახალი შესაძლებლობაა განსხვავებული პერსპექტივებისა და საკუთარი თავის საპოვნელად.
თავის მხრივ, უარყოფითი უკუკავშირის მიღება განსაკუთრებით რთულია, მაგრამ თუ ამას არ გააკეთებთ, ვერც განვითარდებით. სჯობს, მწარე რეალობა მიიღოთ და დაადგინოთ, რისი გამოსწორება შეგიძლიათ პროგრესისთვის. თანაც თქვენთვისაც სასიამოვნო იქნება იმ წინსვლის ნახვა, რომელსაც გარკვეულ დროში მიაღწევთ.
- მაქსიმალურად გამოიყენეთ შესაძლებლობები
არსებული რესურსების გამოყენება შესანიშნავი გზაა საკუთარ თავში ინვესტირების დასაწყებად — განსაკუთრებით მათთვის, ვინც ახლა იწყებს კარიერულ ცხოვრებას. ასე ზუსტად გეცოდინებათ, რომ სრულად ამოწურეთ მოცემული პოტენციალი და იმ მიმართულებასაც დაინახავთ, რა უნდა ისწავლოთ და განავითაროთ შემდგომში. ასევე, ნუ დაივიწყებთ მეგობრებს, თანატოლებს, მენეჯერებს და ა. შ.
გახსოვდეთ, საკუთარ თავში ინვესტირება მთელი ცხოვრების პროცესია და მუდმივ თვითრეფლექსიას, უწყვეტ სწავლას და ზრდის ვალდებულებას მოითხოვს. თანაც სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულ რამეზე კონცენტრირებაა საჭირო — სწორ დროს კი სწორი ტიპის ინვესტიცია უნდა აირჩიოთ, რომელიც სრული პოტენციალის გამოვლენაში დაგეხმარებათ.