ტექნოლოგიური სექტორი აერთიანებს კომპანიებს, რომლებიც დაკავშირებულია ტექნოლოგიური პროდუქტებისა და მომსახურების კვლევასთან, განვითარებასთან ან განაწილებასთან. ეს სექტორი მოიცავს ბიზნესებს, რომლებიც აწარმოებს ელექტრონიკას, ქმნის პროგრამულ უზრუნველყოფასთან, კომპიუტერებთან ან საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ პროდუქტებსა და სერვისებს.
ტექნოლოგიური სექტორის გააზრება
ტექნოლოგიური სექტორი პროდუქციისა და მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს როგორც მომხმარებლებს, ასევე სხვა ბიზნესებს. სამომხმარებლო საქონელი, როგორიცაა პერსონალური კომპიუტერები, მობილური მოწყობილობები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ტელევიზორები და ა. შ. მუდმივად იხვეწება და მომხმარებლებისთვის ახალი ფუნქციებით არის ხელმისაწვდომი.
ბიზნესებისთვის ტექნოლოგიური სექტორი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კომპანიები დამოკიდებულნი არიან აქ მიმდინარე ინოვაციებზე, რათა შექმნან თავიანთი საწარმოების პროგრამული უზრუნველყოფა, მართონ ლოჯისტიკური სისტემები, დაიცვან თავიანთი მონაცემთა ბაზები და ზოგადად მოიპოვონ კრიტიკული ინფორმაცია და სერვისები, რომლებიც მათ სტრატეგიული ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას მისცემს.
ტექნოლოგიური სექტორი ხშირად ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაში ყველაზე მიმზიდველ საინვესტიციო შესაძლებლობას წარმოადგენს. აშშ-ის ტექნოლოგიური სექტორი ამაყობს ისეთი კომპანიებით, როგორიცაა Apple, Google, Amazon, Netflix, IBM და Microsoft. ეს ფირმები განაპირობებენ ზრდას ტექნოლოგიურ სექტორში და მათი გრძელვადიანი პოტენციალის ირგვლივ ბაზარზე დიდი ენთუზიაზმია შექმნილი.
ზრდა ტექნოლოგიურ სექტორში
თავდაპირველად ტექნოლოგიურ სექტორთან ასოცირდებოდა ნახევარგამტარები, გამოთვლითი აპარატურა და საკომუნიკაციო მოწყობილობები. თუმცა ტერმინი ტექნოლოგიური სექტორი არაერთხელ გაფართოვდა, რათა მოეცვა ყველაზე ის ბიზნესი, რომელიც ეკონომიკის ამ ნაწილში იყო ჩართული. სექტორს დაემატა პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ფირმები, ინტერნეტ კომპანიები, ელექტრონული კომერციის ფირმები და ა. შ.
ამ სექტორის ზრდა მოიცავს სამუშაო ადგილებსაც. აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, 2020-დან 2030 წლამდე კომპიუტერული და საინფორმაციო ტექნოლოგიების სეგმენტში სამუშაო ადგილები 13%-ით გაიზრდება.
ტექნოლოგიური სექტორი ახლა მოიცავს კომპანიების ისეთ მრავალფეროვან კომპლექტს, რომ ქვესექტორების რაოდენობა აქ საკმაოდ გაიზარდა. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ თითოეული ინოვაციისთვის ახალი სექტორი უნდა შეიქმნას და ამის შესახებ უნივერსალური შეთანხმება არ არსებობს. თუმცა ყველაზე პოპულარული სეგმენტები მოიცავს ნახევარგამტარებს, პროგრამულ უზრუნველყოფას, კომპიუტერულ ქსელებს, ინტერნეტს და მოწყობილობებს.