ფინანსური სექტორი შედგება ფირმებისა და ინსტიტუტებისგან, რომლებიც ფინანსურ მომსახურებას უწევენ კომერციულ და საცალო მომხმარებლებს. ეს სექტორი მოიცავს ინდუსტრიების ფართო სპექტრს, მათ შორის ბანკებს, საინვესტიციო და სადაზღვევო კომპანიებს, უძრავი ქონების ფირმებს და ა. შ.
ფინანსური სექტორის გააზრება
ეკონომიკის სიჯანსაღე დიდწილად მისი ფინანსური სექტორის სიძლიერეზეა დამოკიდებული. რაც უფრო ძლიერია ეს სექტორი, მით უფრო ჯანსაღი იქნება ეკონომიკა. სუსტი ფინანსური სექტორი, როგორც წესი, ნიშნავს, რომ ეკონომიკა სუსტდება.
ბევრი ადამიანი ფინანსურ სექტორს უოლ სტრიტთან და მასზე მოქმედ ბირჟებთან აიგივებს. მაგრამ ის ამაზე ბევრად მეტია. ფინანსური სექტორი მრავალი განვითარებული ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ის შედგება ბროკერებისგან, ფინანსური ინსტიტუტებისგან და ფულის ბაზრებისგან — ყველა მათგანი უზრუნველყოფს საჭირო სერვისებს, რომლებიც დამოუკიდებელი მცირე ბიზნესების ყოველდღიურ ფუნქციონირებას უწყობს ხელს.
იმისათვის, რომ ეკონომიკა სტაბილური იყოს, მას ჯანსაღი ფინანსური სექტორი სჭირდება. ეს სექტორი ბიზნესებს უზრუნველყოფს სესხებით, გასცემს სადაზღვევო პოლისებს ადამიანების, კომპანიების და მათი აქტივების დასაზღვევად და ა. შ. გარდა ამისა, ფინანსური სექტორი მილიონობით ადამიანს ასაქმებს და პენსიაზე გასასვლელად ფულის დაზოგვას უწყობს ხელს.
რისგან შედგება ფინანსური სექტორი?
როგორც ზემოთ აღინიშნა, ფინანსური სექტორი შედგება მრავალი განსხვავებული ინდუსტრიისგან, როგორებიც არის ბანკები, საინვესტიციო სახლები, სადაზღვევო კომპანიები, უძრავი ქონების ბროკერები, სამომხმარებლო ფინანსური კომპანიები, იპოთეკური კრედიტორები და უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტები (REIT).
აშშ-ში ფინანსური სექტორის უმსხვილესი კომპანიები მსოფლიოში ყველაზე ცნობადი საბანკო ინსტიტუტებია, მათ შორის არის:
- JPMorgan Chase (JPM)
- Wells Fargo (WFC)
- Bank of America (BAC)
- Citigroup (C)
მიუხედავად იმისა, რომ სექტორში ეს მსხვილი კომპანიები დომინირებენ, არსებობს სხვა, უფრო მცირე კომპანიებიც, რომლებიც ფინანსური სექტორის ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
მნიშვნელოვანი საკითხები
დადებითი ფაქტორები, რომლებიც ფინანსურ სექტორზე ზემოქმედებს:
- ზომიერად მზარდი საპროცენტო განაკვეთები. განაკვეთების მატებასთან ერთად, ფინანსური მომსახურების კომპანიებს შეუძლიათ მეტი გამოიმუშაონ თავიანთი ფულით და კრედიტით, რომელსაც მომხმარებლებზე გასცემენ.
- რეგულირების შემცირება. როდესაც მთავრობა გადაწყვეტს ბიუროკრატიის შემცირებას, ფინანსური სექტორის წევრები ამით სარგებელს მიიღებენ, რადგან ისინი ზედმეტი შეზღუდვების გარეშე ოპერირებას შეძლებენ.
- სამომხმარებლო სესხების დაბალი დონე. როდესაც მომხმარებლების ვალის ტვირთი მცირდება, მათი დეფოლტის რისკიც იკლებს. ეს მსუბუქი დატვირთვა ასევე ნიშნავს, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ ტოლერანტობის მაღალი ხარისხი მეტი ვალის მიმართ, რაც კიდევ უფრო გაზრდის ფინანსური სექტორის მომგებიანობას.
ინვესტორებმა ასევე გაითვალისწინონ ზოგიერთი უარყოფითი ფაქტორი, რომელიც ამ სექტორზე ზემოქმედებს:
- საპროცენტო განაკვეთი სწრაფად იზრდება. თუ განაკვეთები ძალიან სწრაფად გაიზრდება, შეიძლება კრედიტებზე მოთხოვნა შემცირდეს, რამაც, შესაძლოა, ნეგატიურად იმოქმედოს ფინანსური სექტორის გარკვეულ ნაწილზე.
- მოსავლიანობის მრუდის ჰორიზონტალური მდგომარეობა. თუ გრძელვადიან და მოკლევადიან საპროცენტო განაკვეთებს შორის სპრედი (სხვაობა) ძალიან დაეცემა, შესაძლოა, ფინანსური სექტორი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს.
- მეტი რეგულაცია. სამთავრობო რეგულაციამ შეიძლება ფინანსურ სექტორზე დიდი გავლენა იქონიოს. მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, ამან ხელი შეუწყოს მომხმარებელთა დაცვას, უფრო მეტმა ბიუროკრატიამ შეიძლება გაანადგუროს ბიზნესი, რომელიც ფინანსურ სექტორში ოპერირებს.