მომსახურების სექტორი აწარმოებს არამატერიალურ საქონელს, უფრო ზუსტად კი მომსახურებას საქონლის ნაცვლად და აშშ-ის აღწერის ბიუროს მიხედვით, ის მოიცავს სხვადასხვა სერვისის ინდუსტრიას, მათ შორის სასაწყობო და სატრანსპორტო მომსახურებას; საინფორმაციო მომსახურებას; ფასიანი ქაღალდებისა და სხვა საინვესტიციო მომსახურებას; პროფესიონალურ მომსახურებას; ნარჩენების მართვას; ჯანდაცვასა და სოციალურ დახმარებას; ხელოვნებას, გართობასა და დასვენებას. ქვეყნები, რომელთა ეკონომიკაც ორიენტირებულია მომსახურების სექტორზე, უფრო განვითარებულად ითვლება, ვიდრე სამრეწველო ან სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკები.
მომსახურების სექტორის გააზრება
მატერიალური პროდუქციის ნაცვლად, ამ სექტორში აქცენტი კეთდება ტექნიკურ მომსახურებასა და შეკეთებაზე, ტრენინგებზე, კონსულტაციებზე. ამის საპირისპიროდ, სამრეწველო ან საწარმოო სექტორში დასაქმებული პირები აწარმოებენ მატერიალურ საქონელს, როგორიცაა მანქანები, ტანსაცმელი ან აღჭურვილობა.
იმ ქვეყნებს შორის, რომლებშიც დიდი ყურადღება ექცევა მომსახურების სექტორს, შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია და ჩინეთი მოწინავე პოზიციებს იკავებს. შეერთებულ შტატებში, მიწოდების მენეჯმენტის ინსტიტუტი (ISM) აწარმოებს ყოველთვიურ ინდექსს, რომელიც დეტალურად ასახავს ბიზნეს საქმიანობის ზოგად მდგომარეობას მომსახურების სექტორში. ეს ინდექსი განიხილება, როგორც ქვეყნის მთლიანი ეკონომიკური სიჯანსაღის საზომი, რადგან აშშ-ის ეკონომიკური აქტივობის დაახლოებით ორი მესამედი მომსახურების სექტორზე მოდის.
მომსახურების სექტორი სამნაწილიან ეკონომიკაში
მომსახურების, იგივე მესამეული სექტორი, სამნაწილიანი ეკონომიკის მესამე იარუსს წარმოადგენს. პირველადი სექტორი, მოიცავს ფერმერულ, სამთო და სასოფლო-სამეურნეო ბიზნეს საქმიანობას; მეორეული — საწარმოო და ბიზნეს საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს პირველადი სექტორის მიერ წარმოებული ნედლეულისგან მატერიალური საქონლის წარმოებას. მესამეული — მომსახურების სექტორი კი პასუხისმგებელია გლობალური ეკონომიკის ბიზნეს აქტივობის უდიდეს ნაწილზე.
ტექნოლოგია მომსახურების ინდუსტრიაში
მომსახურების სექტორის ფუნქციონირებას ტექნოლოგია, კონკრეტულად კი საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემები, აყალიბებს. ამ სექტორის კომპანიები სწრაფად ფოკუსირდებიან იმაზე, რაც ცნობილია, როგორც ცოდნის ეკონომიკა, ან კონკურენტების დამარცხების უნარზე იმის გაგებით, თუ რა სურთ და სჭირდებათ სამიზნე მომხმარებლებს. ისინი მუშაობენ ისე, რომ ეს სურვილები და საჭიროებები სწრაფად, მინიმალური დანახარჯებით დააკმაყოფილონ. სექტორის თითქმის ყველა ინდუსტრიაში, ბიზნესი იყენებს ახალ ტექნოლოგიას, რათა გააძლიეროს წარმოება, გაზარდოს სიჩქარე და ეფექტურობა, შეამციროს სამუშაოსთვის საჭირო თანამშრომლების რაოდენობა. ეს ამცირებს ხარჯებს და აუმჯობესებს შემოსავლების ნაკადებს.