ბაზრის ფსიქოლოგია გულისხმობს ბაზრის აქტორების გაბატონებულ ქცევებს და საერთო განწყობებს დროის ნებისმიერ მომენტში. ამ ტერმინს ხშირად იყენებენ ფინანსური ანალიტიკოსები და მედიის წარმომადგენლები ბაზრის ისეთი მოძრაობების განსამარტად, რომლებიც სხვა მეტრიკების საშუალებით ვერ აიხსნება.
ბაზრის ფსიქოლოგია აღწერს ბაზრის ზოგად ქცევას, რომელიც ეფუძნება ემოციურ და შემეცნებით ფაქტორებს. ის არ უნდა აგვერიოს ტრეიდერის ფსიქოლოგიაში, რომელიც იმავე ფაქტორებს მოიცავს, მაგრამ მხოლოდ ერთ ინდივიდზე ზემოქმედებს.
ბაზრის ფსიქოლოგიის გააზრება
ბაზრის ფსიქოლოგია განიხილება მნიშვნელოვან ძალად და ის შეიძლება იყოს ან არ იყოს გამყარებული რაიმე კონკრეტული საფუძვლებითა თუ მოვლენებით. მაგალითად, თუ ინვესტორები მოულოდნელად დაკარგავენ ნდობას ეკონომიკის სიჯანსაღის მიმართ და გადაწყვეტენ, აქციების შეძენისგან თავი შეიკავონ, ინდექსები, რომლებიც საერთო საბაზრო ფასებს მიჰყვება, შემცირდება. მათთან ერთად დაეცემა ცალკეული აქციების ფასები, მიუხედავად ამ აქციების გამომშვები კომპანიების ფინანსური მაჩვენებლებისა.
სიხარბე, შიში, მოლოდინები და ეიფორია არის ფაქტორები, რომლებიც საერთო საბაზრო ფსიქოლოგიას აყალიბებს. გონების მდგომარეობების უნარი, ფინანსურ ბაზრებზე ბუმისა და ვარდნის ციკლები გამოიწვიოს, საინვესტიციო სამყაროში (და არამარტო) კარგად არის შესწავლილი.
საბაზრო ქცევის ამ ცვლილებებს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ცხოველურ სულებს“. ეს ტერმინი 1936 წელს ჯონ მეინარდ კეინსმა პირველად გამოიყენა თავის წიგნში — The General Theory of Employment, Interest and Money. მან „ცხოველური სულები“ აღწერა, როგორც „უმოქმედობის ნაცვლად მოქმედების სპონტანური განზრახვა“.
ტრადიციულ ფინანსურ თეორიას, კერძოდ, ეფექტური ბაზრის ჰიპოთეზას (EMH), ხშირად აკრიტიკებენ, რადგან ის ბაზრის ფსიქოლოგიას ადეკვატურად არ აფასებს. EMH აღწერს სამყაროს, რომელშიც ბაზრის ყველა მონაწილე რაციონალურად იქცევა და ბაზრის ემოციურ ასპექტს ვერ აცნობიერებს. მაგრამ ბაზრის ფსიქოლოგიას შეუძლია გამოიწვიოს მოულოდნელი შედეგები, რომელთა პროგნოზირება მხოლოდ ფუნდამენტური მაჩვენებლების შესწავლით შეუძლებელია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბაზრის ფსიქოლოგიის თეორიები ეწინააღმდეგება რწმენას, რომ ბაზრები რაციონალურია.
ბაზრის ფსიქოლოგიის პროგნოზირება
ზოგადად, პროფესიონალების მიერ აქციების შერჩევისას ორი გაბატონებული მეთოდი გამოიყენება და ბაზრის ფსიქოლოგიას დიდ ყურადღებას მხოლოდ ერთი მათგანი აქცევს.
- ფუნდამენტური ანალიზი გულისხმობს მომგებიანი აქციების შერჩევას ინდუსტრიის კონტექსტში კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გაანალიზების საშუალებით. ამ შემთხვევაში ბაზრის ფსიქოლოგიას მცირე როლი აქვს.
- ტექნიკური ანალიზი ფოკუსირებულია ტენდენციებზე, შაბლონებზე და სხვა ინდიკატორებზე, რომლებიც ზრდის ან ამცირებს აქციების ფასებს. ბაზრის ფსიქოლოგია აქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ბაზრის ფსიქოლოგიის კვლევა
წარმადობასა და ინვესტიციის ანაზღაურებაზე ბაზრის ფსიქოლოგიის ეფექტები კვლევების საშუალებით არის შესწავლილი. ეკონომისტი ამოს ტვერსკი და ნობელის პრემიის ლაურეატი ფსიქოლოგი — დანიელ კანემანი იყვნენ პირველები, რომლებიც ეფექტური ბაზრის ტრადიციულ თეორიას დაუპირისპირდნენ. ანუ, მათ არ გაიზიარეს მოსაზრება, რომ ადამიანები, საჯაროდ ხელმისაწვდომი და შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე, ფინანსურ ბაზრებზე ყოველთვის რაციონალურ გადაწყვეტილებებს იღებენ.
ამ ცნების უარყოფით, ისინი გახდნენ პიონერები ქცევითი ეკონომიკის სფეროში. მათი თეორიები და კვლევები ფოკუსირებულია ადამიანის გადაწყვეტილების სისტემური შეცდომების იდენტიფიცირებაზე, რომლებიც გამომდინარეობს კოგნიტური მიკერძოებებიდან, როგორებიც არის ზარალის არმიღება, უახლესი გამოცდილების მიკერძოება და პირველად ინფორმაციაზე დაყრდნობა. მათი შრომა ფართოდ იქნა აღიარებული და გამოიყენება ინვესტირებაში, ტრეიდინგში და პორტფელის მართვის სტრატეგიებში.