ჩვეულებრივი აქცია არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც წარმოადგენს საკუთრებას კორპორაციაში. ჩვეულებრივი აქციების მფლობელები ირჩევენ დირექტორთა საბჭოს და მონაწილეობენ ხმის მიცემის პროცესში კორპორატიული პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით. კაპიტალის მფლობელობის ეს ფორმა, როგორც წესი, უფრო მაღალ ანაზღაურებას გრძელვადიან პერსპექტივაში იძლევა. თუმცა, ლიკვიდაციის შემთხვევაში, ჩვეულებრივი აქციების მფლობელებს აქვთ უფლება კომპანიის აქტივებზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც ობლიგაციების მფლობელები, პრივილეგირებული აქციონერები და სხვა კრედიტორები სრულად დაკმაყოფილდებიან.
ჩვეულებრივი აქციების გააზრება
ჩვეულებრივი აქცია წარმოადგენს უფლებას კომპანიის მიმდინარე და სამომავლო მოგებაზე, რადგან აქციონერები კომპანიის წილის მფლობელები არიან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ კომპანიის ოფისებში შევიდნენ და საკუთრების უფლება სკამების, მერხების ან კომპიუტერების ნაწილზე მოითხოვონ. ეს ნივთები ეკუთვნის თავად კორპორაციას, რომელიც იურიდიული პირია. ამის ნაცვლად, აქციონერები ფლობენ უფლებას დარჩენილ აქტივებზე.
ჩვეულებრივი აქციები მიმოიქცევა საფონდო ბირჟებზე და ისინი შეიძლება იყიდონ/გაყიდონ ინვესტორებმა ან ტრეიდერებმა. ჩვეულებრივი აქციების მფლობელებს შეიძლება დივიდენდების მიღების უფლებაც ჰქონდეთ.
პირველი ჩვეულებრივი აქცია 1602 წელს Dutch East India Company-მ გამოუშვა ამსტერდამის საფონდო ბირჟაზე. მომდევნო 400+ წლის განმავლობაში კი საფონდო ბირჟებმა მთელი მსოფლიო მოიცვა.
მნიშვნელოვანი საკითხები
კორპორაციის გაკოტრება
თუ კომპანია გაკოტრდება, ჩვეულებრივი აქციონერები ვერ მიიღებენ ფულს მანამ, სანამ კრედიტორები, ობლიგაციების მფლობელები და პრივილეგირებული აქციონერები არ დაკმაყოფილდებიან შესაბამისი წილებით. ეს ფაქტორი ჩვეულებრივ აქციებს, ამ სხვა საინვესტიციო ინსტრუმენტებთან შედარებით, უფრო სარისკოს ხდის. ჩვეულებრივი აქციების უპირატესობა ის არის, რომ, როგორც წესი, გრძელვადიან პერსპექტივაში მათი ზრდა ობლიგაციებისა და პრივილეგირებული აქციების წარმადობას ჯაბნის. აღსანიშნავია, რომ ბევრი კომპანია ამ სამივე ტიპის ფასიან ქაღალდს უშვებს.
IPO
კომპანიამ აქციების გამოშვება საწყისი საჯარო შეთავაზებით (IPO) უნდა დაიწყოს. IPO არის შესანიშნავი გამოსავალი კომპანიისთვის, რომელსაც დამატებითი კაპიტალის მოზიდვა სურს. IPO პროცესის დასაწყებად, კომპანიამ უნდა ითანამშრომლოს ანდერრაიტერ (გარანტი ფასიანი ქაღალდების განთავსების დროს) საინვესტიციო საბანკო ფირმასთან, რომელიც მას როგორც აქციების ტიპის, ისე ფასის განსაზღვრაში ეხმარება. IPO ეტაპის დასრულების შემდეგ, ფართო საზოგადოებას უფლება აქვს, ახალი აქციები მეორად ბაზარზე შეიძინოს.
ჩვეულებრივი აქციები და ინვესტორები
ჩვეულებრივი აქციები ნებისმიერი ინვესტორის საინვესტიციო პორტფელის მნიშვნელოვან ნაწილად ითვლება. მართალია, ისინი, სადეპოზიტო სერტიფიკატებთან (CD), პრივილეგირებულ აქციებთან და ობლიგაციებთან შედარებით, უფრო რისკიანია, მაგრამ, ამავდროულად, ჩვეულებრივ აქციებს ზრდის მეტი პოტენციალი გააჩნია. გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვეულებრივი აქციების წარმადობა, როგორც წესი, სხვა ინვესტიციებს სჯობნის, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში ისინი უფრო მეტად ექვემდებარება ცვალებადობას.
გარდა ამისა, აქციები შეიძლება სხვა სახითაც იყოს კლასიფიცირებული:
ღირებულებითი აქციები — ასეთ აქციებს კომპანიის წარმადობასთან შესაბამისზე ნაკლები ფასი გააჩნია. მათ, ფართო ბაზართან შედარებით, უფრო მიმზიდველი ღირებულება ახასიათებს.
მზარდი პოტენციალის აქციები — ეკუთვნის ისეთ კომპანიებს, რომლებიც, სავარაუდოდ, გაყიდვებსა და შემოსავალს ბაზრის საშუალო მაჩვენებელზე სწრაფად გაზრდის.
შემოსავლიანი აქციები — უზრუნველყოფს რეგულარულ შემოსავალს კომპანიის მოგების ან ჭარბი ფულადი სახსრების დივიდენდების სახით განაწილებით.
ლურჯი ჩიპის აქციები — ეკუთვნის ბაზარზე მყარად დამკვიდრებულ კომპანიებს, რომლებიც დიდ საბაზრო კაპიტალს ფლობს.
ციკლური აქციები — მათზე ეკონომიკის წარმადობა პირდაპირ ზემოქმედებს. ამ აქციების წარმადობა, როგორც წესი, ეკონომიკის ზრდის, პიკის, კლებისა და აღდგენის ციკლებს მიყვება.
არაციკლური (თავდაცვითი) აქციები — რეცესიისადმი გამძლე ინდუსტრიებში მოღვაწე კომპანიებს ეკუთვნის, რომლებსაც, ეკონომიკის მდგომარეობისგან დამოუკიდებლად, კარგი წარმადობა ახასიათებს. ისინი, ძირითადად, ნებისმიერ ეკონომიკურ მდგომარეობასა და საბაზრო გარემოში, სტაბილური წარმადობით ხასიათდება.
IPO აქციები — როდესაც კომპანია საჯარო ხდება, ის აქციებს პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) საშუალებით უშვებს. ასეთი აქციების განთავსება ხდება დისკონტით, მანამ სანამ ისინი საფონდო ბირჟის სიაში (listing) მოხვდება. IPO აქციებს შეიძლება თან ახლდეს „ჩაკეტვის“ პერიოდი, რათა, ვაჭრობის დაწყებისას, ინვესტორების მიერ ყველა აქციის გაყიდვა თავიდან იქნას აცილებული.
Penny (იაფი) აქციები — ისეთი აქციები, რომელთა ფასიც $5-ზე ნაკლებს შეადგენს და ისინი ძალიან სპეკულაციურად ითვლება.
ESG აქციები — წარმოადგენს წილობრივ საკუთრებას ისეთ კომპანიებში, რომლებიც ყურადღებას გარემოს დაცვაზე, სოციალურ სამართლიანობაზე და ეთიკურ მმართველობით პრაქტიკებზე ამახვილებს.