საინვესტიციო პორტფელის ღირებულების გაზრდის მრავალი გზა არსებობს და კონკრეტული ინდივიდისთვის საუკეთესო მიდგომა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიცაა რისკისადმი ტოლერანტობა, დროის ჰორიზონტი და საინვესტიციო თანხის მოცულობა.
პორტფელის ღირებულების გაზრდის ვარიანტებიდან ზოგს მეტი დრო ან უფრო დიდი რისკის გაწევა სჭირდება, თუმცა არსებობს გამოცდილი მეთოდები, რომლებიც, შემოსავლის გასაზრდელად, მრავალ ინვესტორს გამოუყენებია.
ზრდის განსაზღვრება
როდესაც საქმე ინვესტირებას ეხება, ზრდა შეიძლება რამდენიმე გზით განისაზღვროს. ყველაზე ზოგადი გაგებით, ანგარიშის ღირებულების ნებისმიერი მატება შეიძლება ზრდად ჩაითვალოს. მაგრამ, საინვესტიციო ასპარეზზე, ზრდა, როგორც წესი, ეწოდება კაპიტალის მატებას, როდესაც ინვესტიციის ფასი ან ღირებულება დროთა განმავლობაში იზრდება. ზრდა შეიძლება დაფიქსირდეს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში.
- “Buy and Hold”
ეს არის გრძელვადიანი საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც აქციების ყიდვას და მათი დიდი ხნის განმავლობაში ფლობას გულისხმობს. ინვესტიციების ყიდვა და შენარჩუნება, ალბათ, უმარტივესი სტრატეგიაა ზრდის მისაღწევად და დროთა განმავლობაში ის ასევე შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური იყოს. ის ინვესტორები, რომლებიც უბრალოდ ყიდულობენ აქციებს ან სხვა მზარდ ინვესტიციებს და მათ, მცირე მონიტორინგის პირობებში, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ინარჩუნებენ, ხშირად შედეგებით სასიამოვნოდ გაკვირვებულნი რჩებიან.
ინვესტორი, რომელიც „Buy and Hold“ იყენებს, როგორც წესი, ფასების მოკლევადიანი მოძრაობებით და ტექნიკური მაჩვენებლებით არ ინტერესდება.
- დივერსიფიკაცია
დივერსიფიკაცია არსებითად საინვესტიციო თანხის სხვადასხვა აქტივებსა და მათ კატეგორიებს შორის სტრატეგიულად განაწილებას გულისხმობს, რისი მიზანიც რისკის დაბალანსება და მართვაა. ეს სტრატეგია ხშირად „Buy and Hold“ მიდგომასთან არის კომბინირებული. დივერსიფიკაციის გზით მრავალი სხვადასხვა რისკის შემცირება ან აღმოფხვრაა შესაძლებელი. მრავალი კვლევით არის დადასტურებული, რომ აქტივთა განაწილება ინვესტიციის ანაზღაურების განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, განსაკუთრებით გრძელვადიან პერსპექტივაში.
აქციების, ობლიგაციების და ნაღდი ფულის სწორი კომბინაცია საინვესტიციო პორტფელს საშუალებას მისცემს, გაცილებით ნაკლები რისკისა და ცვალებადობის პირობებში, მეტად გაიზარდოს მთლიანად აქციებით დატვირთულ პორტფელთან შედარებით.
- მზარდ სექტორებში ინვესტირება
ინვესტორებს, რომლებიც აგრესიულ ზრდაზე არიან ფოკუსირებულნი, შეუძლიათ მიმართონ ეკონომიკის ისეთ სექტორებს, როგორიცაა ტექნოლოგია, ჯანდაცვა, მშენებლობა და ა. შ., რათა, დიდი რისკისა და არასტაბილურობის სანაცვლოდ, პოტენციურად, საშუალოზე მაღალი შემოსავალი მიიღონ. ამ რისკის ნაწილის კომპენსირება შესაძლებელია გრძელვადიანი მიდგომის გამოყენებით და ინვესტიციების ფრთხილად შერჩევით.
- ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოება
ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოება რეგულარულ ინტერვალებში კონკრეტული თანხების ინვესტირებას გულისხმობს მიუხედავად იმისა, თუ რა ღირს ესა თუ ის აქცია მოცემულ მომენტში. ეს სტრატეგია ინვესტირების პროცესიდან ემოციების გამორიცხვაში დაგეხმარებათ. ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოების სტრატეგიის დროს გამოყენებული შუალედები თქვენზეა დამოკიდებული, შეგიძლიათ ინვესტიციები ყოველკვირეულად, ყოველთვიურად, კვარტალურად და სხვა, თქვენთვის კომფორტული, შუალედებით ჩადოთ. მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვროთ და დაიცვათ კონკრეტული განრიგი. თქვენი მიზანი უბრალოდ განსაზღვრული თანხის რეგულარული ინტერვალებით ინვესტირებაა. აქციებს ყიდულობთ როგორც მაქსიმალური ფასების, ასევე მათი ვარდნის პირობებში, რათა საბოლოოდ ინვესტიციის საშუალო ღირებულება შეამციროთ.
- “Dogs of the Dow”
მაიკლ ო’ჰიგინსი ამ მარტივ სტრატეგიას თავის წიგნში — “Beating the Dow” აღწერს. “Dogs of the Dow” არის აქციების შერჩევის სტრატეგია, რომელიც დოუ ჯონსის ინდექსში გაერთიანებული აქციებიდან ყველაზე მაღალი დივიდენდური შემოსავლის მქონეებზე ფოკუსირებას გულისხმობს.
არსებობს რამდენიმე საერთო საინვესტიციო ტრასტ-ფონდი (UIT) და ETF, რომელიც ამ სტრატეგიას მიჰყვება, ამიტომ ინვესტორებს, რომლებსაც ეს იდეა მოსწონთ, მაგრამ კვლევის თავად ჩატარება არ სურთ, შეუძლიათ საქმე გაიმარტივონ.
- “CAN SLIM”
აქციების შერჩევის ეს მეთოდი შეიმუშავა უილიამ ო’ნილმა, Investor’s Business Daily-ის დამფუძნებელმა. მისი მეთოდოლოგიის სახელწოდება — CAN SLIM წარმოადგენს აკრონიმს, რომლის მნიშვნელობაც შემდეგია:
(C)urrent (მიმდინარე) — კომპანიის მიმდინარე EPS (მოგება თითო აქციაზე) მინიმუმ 18%-20%-ით უნდა აღემატებოდეს გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ შედეგს.
(A)nnual (წლიური) — წლიური EPS უნდა ასახავდეს მატერიალურ ზრდას სულ მცირე წინა ხუთი წლის განმავლობაში.
(N)ew (ახალი) — კომპანიას უნდა ჰქონდეს რაღაც ახალი, მაგალითად, პროდუქტი, მენეჯმენტი და ა. შ.
(S)hares (წილები, აქციები) — კომპანია უნდა ცდილობდეს საკუთარი აქციების გამოსყიდვას, რასაც ხშირად აქვს ადგილი მაშინ, როდესაც მენეჯმენტი მაღალ სამომავლო მოგებას ელის.
(L)eader (ლიდერი) — კომპანია თავის კატეგორიაში ლიდერი უნდა იყოს.
(I)nstitutional sponsors (ინსტიტუციური სპონსორი) — კომპანიას უნდა ჰყავდეს რამდენიმე, მაგრამ არა ძალიან ბევრი, ინსტიტუციური სპონსორი.
(M)arket (ბაზარი) — ინვესტორი უნდა აცნობიერებდეს, თუ როგორ მოქმედებს მთლიანი ბაზარი კომპანიის აქციებზე და როდის არის მათ შესაძენად/გასაყიდად საუკეთესო დრო.