პერსონალური ფინანსების მართვა არის უმნიშვნელოვანესი უნარი, რომელიც საკუთარი ფინანსური მომავლის კონტროლის საშუალებას გვაძლევს. გონივრული ფინანსური ჩვევების დანერგვით და აპრობირებული სტრატეგიების განხორციელებით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ფინანსურ წარმატებას მიაღწიოს. დღევანდელ სტატიაში კი შემოგთავაზებთ 7 ყველაზე ეფექტურ ფინანსურ ჩვევას, რომელიც ახლავე უნდა დანერგოთ.
- პერიოდულად თქვენი საკრედიტო ბარათი „გაყინეთ“
საკრედიტო ბარათებმა შეიძლება დამატებითი ფინანსური თავისუფლებით უზრუნველგყოთ, მაგრამ თუ ფრთხილად არ იქნებით, შეიძლება დავალიანების გადახდა გაგიჭირდეთ და ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. ხანდახან შეწყვიტეთ საკრედიტო ბარათიდან ფულის ხარჯვა, უფრო მეტად სადებეტო ბარათი გამოიყენეთ და თქვენი ხარჯები აკონტროლეთ.
- 15 წუთით მოიცადეთ
ჩარლზ დუჰიგი, ავტორი წიგნისა — The Power of Habit: Why We Do What We Do in Life and Business ტკბილეულისადმი სიყვარულის დასაძლევად იყენებს ერთ საინტერესო მეთოდს, რომელიც ხარჯვის ჩვევების გასაუმჯობესებლადაც გამოგადგებათ. ტკბილეულის ძლიერი სურვილის გაჩენის შემდეგ ჩარლზი 15 წუთის განმავლობაში იცდის, რათა გაიგოს, გაქრება თუ არა ეს ლტოლვა. როდესაც ფულის დახარჯვის იმპულსს გრძნობთ, სცადეთ 15 წუთით ყურადღების სხვა რამეზე გადატანა, რათა გაიგოთ, შეძლებთ თუ არა, გაუძლოთ ცდუნებას. შეიძლება საბოლოოდ ფინანსური უპასუხისმგებლობისკენ ნაკლებად მიდრეკილი აღმოჩნდეთ.
- ყოველთვის შეადგინეთ საყიდლების სია
ეს ნაცნობი სიტუაციაა — შედიხართ მაღაზიაში ერთი კონკრეტული ნივთის შესაძენად, მაგრამ იქიდან გამოდიხართ იმ ნივთებით დატვირთული, რომელთა ყიდვას თავიდან არ აპირებდით. NPD Group-ის კვლევის თანახმად, მომხმარებლების 72%, რომლებიც საყიდლების სიებს იყენებენ, იშვიათად ან არასდროს აკეთებენ იმპულსურ შესყიდვებს. შეეცადეთ, ამ 72%-ის ნაწილი იყოთ.
- გადასახადებს მათი მოსვლისთანავე გაეცანით
მოერიდეთ გაჭიანურებას, როდესაც საქმე გადასახადების გაცნობას ეხება. ამის გაუცნობიერებლობა გრძელვადიან პერსპექტივაში დაგაზარალებთ. ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ, როდის რა სახის გადასახადის დაფარვა გიწევთ.
- განაგრძეთ ავტომობილის მოვლა
ავტომობილის ტექნიკური პრობლემები ხშირად დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა ზოგიერთი მათგანის თავიდან აცილება მარტივია. დაიცავით ავტომობილის მოვლის გრაფიკი და რაიმე უმნიშვნელო პრობლემის მოგვარებას მომავლისთვის ნუ გადადებთ, რათა საბოლოოდ დიდი ხარჯის გაღება არ მოგიწიოთ.
- ყოველი ხელფასიდან გარკვეული თანხა ინვესტირებისთვის გადადეთ
ინვესტირება დროთა განმავლობაში სიმდიდრის დასაგროვებლად შესანიშნავი საშუალებაა. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს ყურადღებით მიუდგეთ და გარკვეული სტრატეგია შეიმუშაოთ. ინვესტირებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თანმიმდევრულობას, ამიტომ ყოველი ხელფასიდან გარკვეული თანხის გამოყოფით ამ სასარგებლო ჩვევის გამომუშავებას შეძლებთ.
- ნუ იდარდებთ შეცდომებზე
ხანდახან, როდესაც ახალი, უკეთესი ჩვევების დანერგვას ვცდილობთ, მარცხს განვიცდით. სასარგებლო ჩვევების ჩამოყალიბების პროცესში მნიშვნელოვანია, რომ შეცდომების დაშვების შემთხვევაში არ დანებდეთ. თუ საკრედიტო ბარათს ზედმეტად იყენებთ ან ხშირად ხართ იმპულსური შესყიდვებით დაკავებულები, გახსოვდეთ, რომ ამ მდგომარეობის გამოსწორებას დრო და მიზანმიმართულობა სჭირდება. ამიტომ, ნუ იდარდებთ, თუ პრობლემას უმოკლეს ვადებში ვერ გადაჭრით.