გსმენიათ გამონათქვამი: „ყველა კვერცხს ერთ კალათში ნუ მოათავსებთ“? ფერმერის საქმიანობასთან დაკავშირებული ეს კონცეფცია ინვესტიციების მართვაზეც ვრცელდება. დივერსიფიკაცია არსებითად საინვესტიციო თანხის სხვადასხვა აქტივებსა და მათ კატეგორიებს შორის სტრატეგიულად განაწილებას გულისხმობს, რისი მიზანიც რისკის დაბალანსება და მართვაა. დღეს კი შემოგთავაზებთ სამ საფეხურს ამ მიზნის მისაღწევად.
- რისკი გადაანაწილეთ
თუ მთელ ფულს ერთი კომპანიის აქციებში ჩადებთ, თქვენი წარმატება პირდაპირ იქნება დამოკიდებული ამ მის წარმადობაზე და აქციების ფასის მკვეთრი ვარდნის შემთხვევაში მნიშვნელოვნად დაზარალდებით. თუ მთელ ფულს ერთ ობლიგაციაში ჩადებთ და ემიტენტი საკუთარ თავს გაკოტრებულად გამოაცხადებს, შესაძლოა მთელი ფული დაკარგოთ. დივერსიფიკაცია კი, ფულის სხვადასხვა საინვესტიციო შესაძლებლობებში გადანაწილებით, რისკის დაბალანსებაში დაგეხმარებათ.
- მიმართეთ დივერსიფიკაციას აქტივთა კლასების მიხედვით
კარგად დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელი აერთიანებს აქტივთა სხვადასხვა კლასებს, რომლებსაც განსხვავებული დონის რისკი ახასიათებს. აქტივთა სამ ძირითად კლასს წარმოადგენს აქციები, ობლიგაციები და ფულადი სახსრების ალტერნატივები. ზოგიერთი ინვესტორი სიას ასევე ამატებს სხვა ინვესტიციებს, როგორიცაა, მაგალითად, უძრავი ქონება და საქონელი.
აქტივთა სამი ძირითადი კლასიდან, როგორც წესი, აქციები რისკის ყველაზე მაღალი დონით ხასიათდება, თუმცა ისინი ზრდის უდიდეს პოტენციალსაც გვთავაზობს. ობლიგაციები ნაკლებად ცვალებადია, მაგრამ მათი ანაზღაურება უფრო მოკრძალებულია. ფულადი სახსრების ალტერნატივები, ჩვეულებრივ, ყველაზე ნაკლებრისკიანად, მაგრამ ყველაზე დაბალი შემოსავლის მომტანად ითვლება.
ბაზრის მოცემულ პირობებში აქტივთა თითოეული კლასი განსხვავებულად მოქმედებს. მათი კატეგორიებად დაყოფა თქვენი პორტფელის დაბალანსებაში დაგეხმარებათ. ინვესტორები, როგორც წესი, საინვესტიციო თანხას სხვადასხვა აქტივებზე, რისკისადმი თავიანთი ტოლერანტობის დონის, პენსიაზე გასვლამდე დარჩენილი წლებისა და სხვა ფაქტორების საფუძველზე ანაწილებენ.
- არ დაგავიწყდეთ აქტივთა კლასებს შორის დივერსიფიკაცია
ამ ყველაფრის შემდეგ აუცილებელია გაითვალისწინოთ დივერსიფიკაცია თავად აქტივთა კლასებში. მაგალითად, აქციების შემთხვევაში, ამის დიდი შესაძლებლობები არსებობს. შეგიძლიათ მიმართოთ დივერსიფიკაციას კომპანიების ზომის (დიდი, საშუალო ან მცირე კაპიტალიზაციის აქციები), გეოგრაფიის (საშინაო ან საერთაშორისო), ასევე ინდუსტრიისა და სექტორის მიხედვით. თუ გსურთ აქციების დივერსიფიკაცია, თუმცა ამისთვის საჭირო დრო ან მიდრეკილება არ გაგაჩნიათ, შეგიძლიათ ინვესტიცია ურთიერთდახმარების ან გაცვლით სავაჭრო ფონდებში ჩადოთ. ასეთი ფონდები ფლობს წილებს მრავალ სხვადასხვა კომპანიაში.
დივერსიფიკაციის სტრატეგია უნდა იყოს მორგებული თქვენს პირად ფინანსურ მიზნებსა და რისკისადმი ტოლერანტობის დონეზე. თუ ამ საქმის თავად შესრულება არ შეგიძლიათ, შეგიძლიათ ფინანსური მრჩევლის დახმარებით ისარგებლოთ.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.