უოლ სტრიტს აქვს მრავალი გზავნილი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შეიძლება მას შეუერთდნენ:
- „ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს, ბიზნესებსა და ინსტიტუტებს სიმდიდრის დაგროვებაში, შენარჩუნებასა და მართვაში, რათა მათ თავიანთი ფინანსური მიზნების განხორციელება შეძლონ.“
- „ჩვენი პროცესები კარგად მოწესრიგებული, მიზანმიმართული და დროში გამოცდილია. გაცნობიერებულია რისკები და ყველაფერი მყარი შედეგების მიღწევისკენ არის მიმართული.“
- „ინვესტირების სფეროს პროფესიონალები ადგენენ და მართავენ საინვესტიციო პორტფელს, რომელიც თქვენს მიზნებს შეესაბამება.“
ამ შეტყობინებების მიზანია, დაგარწმუნოთ, რომ ნამდვილად გჭირდებათ მაღალკვალიფიციური, ხშირად, მაღალანაზღაურებადი პროფესიონალების მომსახურება. რა თქმა უნდა, ზოგიერთ ადამიანს შეუძლია ასეთი სერვისები ძალიან კარგად გამოიყენოს. მაგრამ როდესაც ამას აკეთებთ, მოგიწევთ არცთუ უმნიშვნელო გადასახადის (შესაძლოა თქვენ მიერ ინვესტირებული აქტივების 1%-ის ან მეტის) ყოველწლიურად გადახდა. თუ კომპანია თქვენთვის $200,000-ის ღირებულების პორტფელს მართავს, ის შეიძლება ყოველწლიურად თქვენგან $2,000-ს ან მეტს იღებდეს. 10 წელზე მეტის შემთხვევაში ეს თანხა $20,000-ს უტოლდება.
მაგრამ ფინანსური პროფესიონალების შესახებ რამდენიმე საკითხი უნდა გახსოვდეთ:
- ყველა ერთნაირად ნიჭიერი არ არის. ზოგიერთი მათგანი შეიძლება თავის საქმეში არც ისეთი კარგი იყოს.
- ზოგიერთს შეიძლება ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდეს. თუ ისინი ფიდუციარები არ არიან, შესაძლოა, მათ თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე არ იმოქმედონ.
- მაშინაც კი, თუ ისინი კარგად მოგემსახურებიან, სოლიდური საკომისიო გადასახადი თქვენს ანაზღაურებას შეამცირებს.
შეგიძლიათ წარმატებას უოლ სტრიტის საინვესტიციო მრჩევლის გარეშე მიაღწიოთ
მთავარი საიდუმლო, რომელიც უოლ სტრიტს არ სურს, რომ იცოდეთ შემდეგია: თქვენ შეგიძლიათ მათი რჩევების გარეშეც საკმაოდ წარმატებული იყოთ. თუ ფიქრობთ, რომ პროფესიონალებისთვის ბევრი უნდა გადაუხადოთ თქვენი ფულის სამართავად, რადგან ინვესტირების შესახებ თავად ბევრი არაფერი იცით, კიდევ ერთხელ დაფიქრდით.
ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ ინვესტიცია ჩადოთ უბრალოდ საინდექსო ფონდში, რომელიც იმეორებს ისეთი ინდექსის წარმადობას, როგორიც არის S&P 500. საინდექსო ფონდების უმეტესობას საკმაოდ დაბალი საკომისიო გადასახადი გააჩნია, ხოლო ბევრი მათგანისთვის მცირე საკომისიოს გადახდა მოგიწევთ.
თუ ფიქრობთ, რომ საინდექსო ფონდების არჩევა ერთგვარი კომპრომისი იქნება და ეს უფრო ნაკლებ შემოსავალს მოგიტანთ, ვიდრე პროფესიონალების დახმარება, ეს გაითვალისწინეთ: 2021 წელს დასრულებული 10 წლიანი პერიოდის განმავლობაში დიდი კაპიტალიზაციის მქონე აქციების ურთიერთდახმარების ფონდების 83%-ის წარმადობა S&P 500-ის შედეგებს ჩამორჩა, ხოლო 20 წლიანი პერიოდის განმავლობაში ინდექსის მაჩვენებლებს ურთიერთდახმარების ფონდების 94% ჩამორჩა.
რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს საინდექსო ფონდი?
ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საფონდო ბირჟის საშუალო წლიური შემოსავალი დაახლოებით 10%-ს შეადგენს, თუმცა ის, სავარაუდოდ, უფრო დაბალი ან მაღალი იქნება თქვენი საინვესტიციო პერიოდის ფარგლებში, რომელიც შეიძლება 20 ან 40 წელი იყოს.
ქვემოთ მოცემული ცხრილი გვიჩვენებს, თუ რამდენი შეიძლება დააგროვოთ დროთა განმავლობაში, თუ საინდექსო ფონდში, რომლის საშუალო წლიური ანაზღაურება 8%-ს შეადგენს, ყოველწლიურად გარკვეული ოდენობის თანხას ჩადებთ:
ფინანსური პროფესიონალების შემთხვევა
მიუხედავად ზემოთ მოყვანილი არგუმენტებისა, არის შემთხვევები, როდესაც ფინანსური პროფესიონალების მომსახურებების გამოყენება გონივრულია. მაგალითად:
- თუ ფინანსურ მენეჯერს, მის გამოცდილებას კარგად იცნობთ და გრძელვადიან პერსპექტივაში მის მიერ სოლიდური ანაზღაურების გამომუშავების უნარს ენდობით. (გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ ინვესტორს, მოყვარულს თუ პროფესიონალს, შეიძლება არასახარბიელო წელი ჰქონდეს).
- თუ დახმარება გჭირდებათ ფინანსურ დაგეგმვაში, მაგალითად, საპენსიო გეგმის შედგენაში ან თქვენი ქონების დაგეგმვაში.
- თუ ინვესტირებას საკუთარ თავზე ვერ იღებთ.
ეს ყველაფერი სულაც არ ნიშნავს, რომ ფინანსური პროფესიონალების მომსახურება გამოუსადეგარი ან არასაჭიროა, უბრალოდ არ უნდა დაასკვნათ, რომ მათ თქვენთვის უკეთესი სამუშაოს შესრულება შეუძლიათ ვიდრე თავად შეძლებთ საკუთარი თავისთვის (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ინვესტიციებს დაბალი საკომისიო გადასახადების მქონე საინდექსო ფონდებში ჩადებთ). თუ პროფესიონალის დახმარების გამოყენებას განიხილავთ, პირველ რიგში საფუძვლიანი კვლევა ჩაატარეთ, რათა სასურველი პირობები და შედეგი მიიღოთ.