სიახლემ, რომ საქართველოს ბანკის საინვესტიციო ანგარიშის მართვის საკომისიო გადასახადი 2 თვის განმავლობაში $2-ის ნაცვლად $0 იქნება, დიდი ინტერესი და მრავალი კითხვა გამოიწვია. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ საჭირო ინფორმაციას საბროკერო მომსახურების საკომისიოს შესახებ.
რა არის საბროკერო მომსახურების საკომისიო?
საბროკერო საკომისიო არის გადასახადი, რომელსაც ბროკერი კლიენტების სახელით ტრანზაქციების შესრულებისთვის ან სპეციალიზებული მომსახურების გაწევისთვის იღებს. ბროკერები იღებენ საკომისიო შემოსავალს ისეთი სერვისებისთვის, როგორიც არის შესყიდვები, გაყიდვები, კონსულტაციები, მოლაპარაკებები და მიწოდება.
საკომისიოების გარეშე, ბროკერები და მსგავსი პლატფორმები ფულის გამომუშავებას ვერ შეძლებდნენ და, სავარაუდოდ, ეს ბიზნესებიც არ იარსებებდა. თქვენ კი ამ სერვისებზე წვდომა არ გექნებოდათ.
საბროკერო გადასახადის მრავალი ტიპი არსებობს სხვადასხვა ინდუსტრიებში, როგორიც არის ფინანსური მომსახურება, დაზღვევა, უძრავი ქონება და ა. შ.
საბროკერო გადასახადი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ბროკერის საკომისიო, შეიძლება იყოს ტრანზაქციის პროცენტი, ფიქსირებული საკომისიო ან ამ ორის კომბინირებული ვარიანტი. საბროკერო საფასური ინდუსტრიისა და ბროკერის ტიპის მიხედვით განსხვავდება.
ონლაინ საბროკერო გადასახადები
ადრე, სანამ ტექნოლოგიები განვითარდებოდა და ინტერნეტი სამყაროს შეცვლიდა, ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა მხოლოდ ფიზიკური სახით მიმდინარეობდა. დღევანდელი ტექნოლოგიები კი საშუალებას გვაძლევს, რომ სასურველი კომპანიის აქციონერი სახლიდან გაუსვლელად გავხდეთ. ჩვენს რეალობაში ეს ძალიან მარტივი და სწრაფი პროცესია, ამასთან, ონლაინ ბროკერები ყველაზე ნაკლებ საბროკერო გადასახადს გვთავაზობენ. მათი მთავარი როლი ინვესტირების მსურველთათვის ონლაინ ვაჭრობაზე წვდომის მინიჭებაში მდგომარეობს. მომხმარებელთა მომსახურება შეზღუდულია. საკომისიოები განსხვავდება და შეიძლება თითო კონტრაქტის ან თითო აქციის ღირებულებას ეფუძნებოდეს.
როდის გვიწევს საბროკერო გადასახადის გადახდა?
ტრადიციულად, ინვესტორებისა და ტრეიდერების უმეტესობას, ვაჭრობისთვის და საკუთარი ანგარიშების შესანარჩუნებლად, ბროკერებისთვის საკომისიოს გადახდა უწევდათ. საკომისიო გადასახადი შეიძლება გავრცელდეს როგორც სავაჭრო, ასევე არასავაჭრო საქმიანობაზე. ის, თუ როდის გიწევთ საბროკერო გადასახადის გადახდა, დამოკიდებულია თქვენ მიერ შერჩეულ საბროკერო ფირმაზე. ფინანსურ მრჩევლებს, რობო-მრჩევლებს, თვითმართვად საინვესტიციო პლატფორმებს და ფონდებს სხვადასხვა დაკავშირებული საკომისიო ხარჯები აქვს.
ვაჭრობასთან დაკავშირებული საკომისიო გადასახადები ძირითადად მოქმედებს ანგარიშის გახსნისას, ვაჭრობისას ან ანგარიშის დახურვისას.
არასავაჭრო საკომისიო გადასახადს შეიძლება უფრო რეგულარული ხასიათი ჰქონდეს. ზოგიერთი პლატფორმა თქვენი ინვესტიციების მართვისთვის და თქვენ მიერ გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფის შესანარჩუნებლად გადასახადს ყოველთვიურად ან ყოველწლიურად გარიცხავთ.
საქართველოს ბანკის შემთხვევაში, ყოველთვიური მომსახურების საკომისიო თვეში მინიმუმ $2.0-ს (ან პორტფელის ღირებულების 0.01%) შეადგენს. თუ თქვენი პორტფელის ღირებულება ნაკლებია $20,000-ზე, მაშინ ყოველთვიური მომსახურების საკომისიო იქნება $2.0, ხოლო თუ თქვენს საინვესტიციო ანგარიშზე პორტფელის ღირებულება $20,000-ს აღემატება, მაშინ ყოველთვიური საკომისიო შემდეგი ფორმულით გამოითვლება: თქვენი პორტფელის ღირებულება * 0.01%. მაგალითად თუ თქვენი პორტფელის ღირებულება $25,000-ს შეადგენს, ყოველთვიური საკომისიოს სახით $2.5-ის ($25,000*0.01%= $2.5) გადახდა მოგიწევთ.
საქართველოს ბანკის მიერ გაჟღერებული სიახლე კი ნიშნავს, რომ 2 თვის განმავლობაში (აგვისტო-სექტემბერი) საინვესტიციო ანგარიშის მართვის ყოველთვიური საკომისიო გადასახადის გადახდა არ მოგიწევთ. აპლიკაციაში სასურველი აქციის შეძენა მარტივად, მხოლოდ ერთ შესაბამის ღილაკზე თითის დაჭერით შეგიძლიათ, ამიტომ, გეძლევათ შესანიშნავი შანსი, რომ ინვესტირება სახლიდან გაუსვლელად ახლავე დაიწყოთ და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები საწყის ეტაპზე შეამციროთ.