საფონდო ბირჟამ ბოლო ხუთი ათწლეულის განმავლობაში წლის ყველაზე ცუდი პირველი ნახევარი დააფიქსირა. ძალიან ცოტა ინვესტორმა შეძლო ამ გამოწვევის გადალახვა, რადგან Nasdaq Composite Index და S&P 500 bear market-ის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ.
შემდეგი ექვსი თვე, შეიძლება, გრძელვადიან პერსპექტივაში სიმდიდრის საფუძვლის შექმნისთვის კრიტიკული აღმოჩნდეს. ამ სტატიაში კი მოცემულია სამი რამ, რასაც მსოფლიოს საუკეთესო ინვესტორები 2022 წლის მეორე ნახევარში ბაზრის დასამარცხებლად გააკეთებენ.
- შეინარჩუნეთ სიმშვიდე
დარჩება თუ არა საფონდო ბირჟა არასტაბილური მთელი წლის განმავლობაში? ალბათ ასეა. არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელმაც, შეიძლება, ფასების დიდი რყევები გამოიწვიოს. ალბათ ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი ის არის, შედის თუ არა აშშ-ის ეკონომიკა რეცესიაში.
მსოფლიოს საუკეთესო ინვესტორებმა იციან, რამდენად მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება მაშინ, როდესაც აქციები მშფოთვარე პერიოდს განიცდის.
ჯეკ ბოგლმა, რომელიც ყველა დროის ყველაზე გავლენიან ინვესტორებს შორისაა, CNBC-ს 2018 წელს განუცხადა რომ ინვესტორმა კურსი მუდამ უნდა შეინარჩუნოს. მან ასევე თქვა, რომ თუ ბაზარზე უკონტროლოდ შესვლასა და გამოსვლას შეეცდებით, „თქვენი ემოციები დაგამარცხებთ“. ბოგლი 2019 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისი სიტყვები კვლავ აქტუალურია.
- ჩადეთ ინვესტიცია შერჩევით
კიდევ ერთმა საკულტო ინვესტორმა – უორენ ბაფეტმა თქვა: „იყავი ფრთხილად მაშინ, როდესაც სხვები ხარბები არიან და გამოიჩინე სიხარბე მაშინ, როდესაც სხვებს ეშინიათ.“ გასაკვირი არ არის, რომ ბაფეტის Berkshire Hathaway-მა ბოლო თვეებში ბევრი აქცია შეიძინა. თუმცა, ინვესტორი განურჩევლად „ხარბი“ არ ყოფილა. მან 2022 წელს 16 სხვადასხვა აქცია იყიდა და ბევრი მათგანი ღირებულებითი აქციაა. მაგალითად, Berkshire-მა HP-ის სოლიდური წილი შეიძინა.
ბაფეტმა ყურადღება გაამახვილა გამარჯვებულ სექტორებზეც – განსაკუთრებით ენერგეტიკაზე. Chevron ახლა Berkshire-ის სიდიდით მეოთხე ჰოლდინგად ითლება.
გარდა ამისა, Berkshire-მა სხვა ენერგეტიკული კომპანიის – Occidental Petroleum-ის (OXY) აქციებიც შეიძინა. ახლა ის OXY-ში 16.4%-აინ წილს ფლობს, რის გამოც ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ბაფეტს, შესაძლოა, ნავთობისა და გაზის მწარმოებლის სრულად შეძენა სურდეს.
უნდა ჩადოთ თუ არა ინვესტიცია HP-ში, Chevron-სა და OXY-ში მხოლოდ იმიტომ, რომ ბაფეტი ასე მოიქცა? არა, მაგრამ ლეგენდარული ინვესტორის მსგავსი აზროვნების დანერგვა თქვენთვის სასარგებლო იქნება. შეხედეთ ბაზრის ვარდნას, როგორც შესაძლებლობას ძლიერი კომპანიების აქციების შესაძენად და, რაც მთავარია, ფრთხილად შეარჩიეთ მომდევნო ინვესტიცია.
- ფოკუსირდით გრძელვადიან პერსპექტივაზე
მართალია, ეს უკვე კლიშეა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირება ძალიან მნიშვნელოვანია. რთულია გაიხსენოთ რომელიმე დიდი ინვესტორი, რომელიც მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაზეა ფოკუსირებული.
Pershing Square Holdings-ის აღმასრულებელი დირექტორი – ბილ აკმანი წლების განმავლობაში საოცრად წარმატებული იყო. Forbes-ის თანახმად ჰეჯ-ფონდის მენეჯერის ქონება $2.8 მილიარდს შეადგენს. ის, რაც მან ინვესტორებთან ბოლოდროინდელ შეხვედრაზე თქვა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
„ჩვენ არ ვართ სავაჭრო ფირმა, რომელიც ცდილობს საკუთარი თავის პოზიციონირებას ისე, რომ 6 თვეში, 9 თვეში ან თუნდაც 12 თვეში ბაზრის წარმადობას აჯობოს. ჩვენ ვეძებთ ბიზნესს, რომლის ფლობასაც, ჩვენი აზრით, წლების, ზოგიერთ შემთხვევაში კი ათწლეულების განმავლობაში შევძლებთ.“
ეს ციტატა ეხმიანება ბაფეტის სიტყვებს, რომელიც Berkshire- Hathaway-ის აქციონერებისადმი მიძღვნილ ბოლო წერილში გააჟღერა. მან საკუთარი თავისა და დიდი ხნის ბიზნეს პარტნიორის – ჩარლი მანგერის შესახებ დაწერა:
„როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი საკუთრების ფორმა, ჩვენი მიზანია გვქონდეს მნიშვნელოვანი ინვესტიციები ბიზნესში, რომელსაც გააჩნია როგორც გრძელვადიანი ეკონომიკური უპირატესობები, ასევე პროფესიონალი აღმასრულებელი დირექტორი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ აქციებს მათი გრძელვადიანი ბიზნესის წარმადობის შესახებ ჩვენი მოლოდინების საფუძველზე ვფლობთ და არა იმიტომ, რომ მათ ბაზარზე დროებითი ნაბიჯების გადადგმის საშუალებად აღვიქვამთ. ეს პუნქტი გადამწყვეტია: მე და ჩარლი არ ვართ აქციების შემგროვებლები – ჩვენ ბიზნესის ამომრჩევლები ვართ.“
კარგი იქნება, რომ ინვესტორებს, რომლებიც მილიარდერები არ არიან, ისეთივე ხედვა გააჩნდეთ, როგორც აკმანსა და ბაფეტს. რა თქმა უნდა, აქციების გრძელვადიან პერსპექტივაში შეძენა არ მოგცემთ გარანტიას, რომ თქვენ ამ წლის მეორე ნახევარში ბაზარს დაამარცხებთ, მაგრამ ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში თქვენ მიერ ბაზრის დამარცხების პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის.