უორენ ბაფეტის რჩევის გათვალისწინება ყოველთვის კარგი იდეაა. მილიარდერი ინვესტორი უარს არ ამბობს ცოდნის გაზიარებაზე მასთან, ვისაც მისი მოსმენის სურვილი აქვს. მისი ყოველწლიური შეხვედრები და აქციონერების მიმართ დაწერილი წერილები გვთავაზობს მნიშვნელოვან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მივუდგეთ ინვესტირებას.
არსებობს ბაფეტის ერთ-ერთი კონკრეტული რჩევა, რომელიც დღეს, შეიძლება, ინვესტორებისთვის ძალიან ღირებული აღმოჩნდეს. ეს რჩევა გიხსნით მნიშვნელოვანი ზარალისგან, თუ ინვესტიციაში დიდი წაგება გაქვთ. ბაფეტი ამბობს: „ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ორმოში აღმოჩენისას უნდა გააკეთოთ არის თხრის შეწყვეტა“.
რა არის ამ ციტატის არსი?
ინვესტორებმა, რომლებმაც ზარალი განიცადეს, შეიძლება, ჩათვალონ, რომ ორმოში არიან. რაც უფრო დიდია დანაკარგი, მით უფრო ღრმაა ეს ორმოც და, შესაძლოა, არსებობდეს მოტივაცია, რომ ამ მდგომარეობიდან თავის დასაღწევად უფრო აგრესიული ინვესტირება დაგეხმარებათ.
მაგალითად, დავუშვათ, რომ გასულ წელს კოვიდ-19-ის ვაქცინის მწარმოებლის Moderna-ს აქციები შეიძინეთ, როდესაც ფასი თითქმის $497-ს შეადგენდა. თუ იმავე რაოდენობის აქციების იყიდით, ფასად, რომელიც ახლა დაახლოებით $128-ს უტოლდება, თქვენი ინვესტიციის საშუალო ღირებულება $312.50-მდე შემცირდება და თუ მიმდინარე ფასად აქციების ორმაგ რაოდენობას შეიძენთ, საშუალო ღირებულება $251-ს შეადგენს.
თუმცა ამ ნაბიჯით, თქვენ მნიშვნელოვნად მეტ ფულს დებთ ინვესტიციაში, რომელიც თავისუფალ ვარდნაშია. ზოგადად, ბაფეტი არ ეწინააღმდეგება ისეთი კარგი აქციების შეძენას, რომელთა ფასებიც დაეცა, მაგრამ პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც საქმე სარისკო შესყიდვასთან გვაქვს. თუ აქციას აღდგენის პერსპექტივა არ აქვს, შესაძლოა, უფრო ღრმა ორმოში აღმოჩნდეთ.
საშუალო ღირებულების შემცირება ყოველთვის კარგი სტრატეგია არ არის
მოდერნას შემთხვევაში, ჯანდაცვის კომპანიას წინ რთული გზა ელის. შემოსავალი გაურკვეველი რჩება, რადგან გლობალური ეკონომიკა იხსნება და ნორმალური მდგომარეობისკენ დაბრუნებას ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ ბუსტერ დოზებზე და, შესაძლოა, მის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე გარკვეული მოთხოვნა იქნება, ჯერ კიდევ არსებობს დიდი ალბათობა, რომ, შეიძლება, მოდერნას შემოსავალი მომდევნო წლებში შემცირდეს. მიუხედავად იმისა, რომ სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) კომპანიის ვაქცინას ექვსი თვიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გადაუდებელი გამოყენების უფლებამოსილება (EUA) მიანიჭა, ყოველი ხუთი მშობლიდან მხოლოდ ერთზე ნაკლებმა აღნიშნა, რომ ვაქცინას საკუთარ შვილს გაუკეთებს.
ასეთ სიტუაციაში ინვესტიციის ღირებულების საშუალო შემცირება, შესაძლოა, საშიში აღმოჩნდეს. აქციების ფასი მნიშვნელოვნად მცირდება და კომპანიის მომავალი გაურკვეველია. საშუალო ღირებულების შემცირება მხოლოდ იმ მიზეზით, რომ აქციების ფასმა დაიკლო, კარგი იდეა არ არის და, შესაძლოა, ინვესტორებს ძვირად დაუჯდეს.
გამოიჩინეთ კეთილგონიერება
თუ აქცია კარგი წარმადობით არ ხასიათდება, საუკეთესო ვარიანტი, შეიძლება, თქვენი აქციების გაყიდვა და სხვა აქციების მოძებნა იყოს. Moderna ერთ-ერთი მაგალითია იმ კომპანიებისა, რომლებსაც წინ რთული გზა ელის. ამ ინვესტიციის გაორმაგების და უფრო მეტი ფულის რისკის ქვეშ დაყენების ნაცვლად, უმჯობესი იქნება, თუ ინვესტორები უკეთეს მზარდი პოტენციალის აქციებს მოძებნიან.