ბევრი ადამიანის აზრით, იმისთვის, რომ მილიონერი გახდე აუცილებელია მდიდარი ოჯახის წევრი იყო ან ძალიან მაღალი შემოსავალი გქონდეს.
Ramsey Solutions-მა ამ კუთხით ყველაზე დიდი გამოკითხვა ჩაატარა და 10,000 მილიონერი გამოჰკითხა. როგორც აღმოჩნდა, მათი მხოლოდ 2% იყო მდიდარი ოჯახიდან. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ფინანსური წარმატების გასაღები არა მემკვიდრეობა, ლატარიის ბილეთი ან ექვსნიშნა შემოსავალი, არამედ დისციპლინირებული ხარჯვა და თანმიმდევრული ინვესტირებაა.

რეგულარული, თანმიმდევრული ინვესტირება
გამოკითხვაში ნათქვამია, რომ ოთხი მილიონერიდან სამის (75%) განცხადებით, გრძელვადიანი პერიოდის მანძილზე რეგულარული, თანმიმდევრული ინვესტირება მათი წარმატების მიზეზია. „ასე რომ, ამბავი ახალგაზრდა კომპიუტერული გენიოსის შესახებ, რომელმაც, აპლიკაციის შექმნის შედეგად ერთ ღამეში მილიონები გამოიმუშავა, გამონაკლისია და არა დამკვიდრებული წესი“.
მილიონერებად არ იბადებიან, მილიონერები ხდებიან
მილიონერები ერთ ღამეში არ ხდებიან. გამოკითხული მილიონერების მხოლოდ 5%-მა მიაღწია ამ მდგომარეობას 10 წელზე ნაკლებ დროში. მათგან უმეტესობას 28 წელი დასჭირდა, რომ მილიონერი გამხდარიყო. საშუალო ასაკი კი 49 წელს შეადგენდა.
მიზეზი, რის გამოც ამ მიზნის მიღწევას დაახლოებით 30 წელი სჭირდება, არის რთული პროცენტი. თქვენი სიმდიდრე დროთა განმავლობაში, რთული პროცენტის მეშვეობით, უფრო სწრაფად იზრდება. უორენ ბაფეტი – მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტორი თვლის, რომ რთული პროცენტი ინვესტორის საუკეთესო მეგობარია. ამ მექანიზმს ბაფეტი გორაკზე ჩამომავალ თოვლის გუნდას ადარებს.
თუ თვეში $350-ის ინვესტირებას აპირებთ და 12%-ის ოდენობით წლიურ ანაზღაურებას მიიღებთ, 30 წელიწადში მილიონერი გახდებით. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა, რომ დისციპლინა შეინარჩუნოთ და ფული რეგულარულად დაზოგოთ. სწორედ ასე დააგროვა ბაფეტმა სიმდიდრე. იგი მსოფლიოს მეხუთე უმდიდრესი ადამიანია და მისი ქონება $114.2 მილიარდს შეადგენს. უორენ ბაფეტმა ინვესტირება 11 წლის ასაკში დაიწყო და მილიარდერი 50 წლის ასაკამდე არ გამხდარა. ფაქტობრივად, მან თავისი სიმდიდრის 99% 50 წლის ასაკის შემდეგ გამოიმუშავა.
საზრიანი ხარჯვა და დაზოგვა
გამოკითხვამ აჩვენა, რომ მილიონერების 94% ხარჯავს იმაზე ნაკლებს, ვიდრე გამოიმუშავებს, ხოლო მათ 75%-ს საკრედიტო ბარათი არასოდეს ჰქონია. გახდე მილიონერი არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენს გამოიმუშავებ, არამედ იმაზე, თუ რამდენის დაზოგვა შეგიძლია. გამომუშავებულზე ნაკლების დახარჯვით მილიონერებმა შეძლეს ინვესტიცია განეხორციელებინათ და თავიანთი სიმდიდრისთვის მყარი საფუძველი შეექმნათ.
გამოკითხვა გვიჩვენებს, რომ 10 მილიონერიდან 8-ს მემკვიდრეობა არ მიუღია. მხოლოდ 31%-ს ჰქონდა საშუალოდ $100,000-ზე მაღალი წლიური ხელფასი და ერთი მესამედის წლიური ხელფასი არცერთ სამუშაო წელს ექვსნიშნა რიცხვს არ აღწევდა. კვლევაში მონაწილე მილიონერებმა ყურადღება ვალებისგან თავის შორს დაჭერაზე, ხარჯების კონტროლზე და თანმიმდევრული თანხების რეგულარულად ინვესტირებაზე გაამახვილეს.