დივიდენდური აქციები, შესაძლოა, დროთა განმავლობაში სიმდიდრის დასაგროვებლად შესანიშნავი საშუალება იყოს. მიუხედავად ამისა, მხოლოდ დივიდენდურ შემოსავალზე ფოკუსირებამ, შეიძლება, დიდი პრობლემები შეგიქმნათ.
როგორც ინვესტორმა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დივიდენდურ აქციებსა და თქვენი საინვესტიციო პორტფელის დანარჩენ ნაწილს შორის ბალანსი იპოვოთ. ამ სტატიაში მოცემულია 3 ფაქტორი, რომლის დივიდენდურ აქციებში ინვესტირებისას გათვალისწინება სწორედ ამ ბალანსის პოვნაში დაგეხმარებათ.
- ნუ მიიჩნევთ დივიდენდებს შემოსავლის გარანტირებულ წყაროდ
შესაძლოა, დივიდენდები აღიქვათ ისე, როგორც ნაღდი ფულის საიმედო წყარო. ამ მიდგომის გამოწვევა მდგომარეობს იმაში, რომ დივიდენდები არასოდეს არის გარანტირებული. გარდა ამისა, თუ კომპანია იძულებულია, რომ დივიდენდური ანაზღაურება შეამციროს, როგორც წესი, მისი აქციების ფასიც მცირდება. ამან კი შეიძლება როგორც შემოსავლის წყაროს, ასევე საკმარისი ფულადი სახსრების გარეშე დაგტოვოთ.
- ხანდახან დივიდენდური შემოსავლიანობა ზედმეტად კარგია იმისთვის, რომ ნამდვილი იყოს
ერთადერთი გზა, რომლითაც კომპანიას დროთა განმავლობაში თავისი დივიდენდების შენარჩუნება შეუძლია, არის დივიდენდების გადახდა მუდმივი მოგებიდან ან ოპერაციული ფულადი ნაკადებიდან. თუ კომპანიის დივიდენდების მდგრადი მხარდაჭერა შესაძლებელი აღარ არის, მისი აქციების ფასი, დივიდენდების სავარაუდო შემცირების მოლოდინში იკლებს. აქციების ფასის ეს ვარდნა კი იწვევს იმას, რომ დივიდენდური შემოსავალი ძალიან მაღალი ჩანს.
სინამდვილეში, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია მიმზიდველი, თუ კომპანია მოახერხებს აღდგენას იმ დონემდე, სადაც მას დროთა განმავლობაში თავისი უწყვეტი ოპერაციებიდან დივიდენდების მხარდაჭერა შეეძლება. თუ ეს ვერ მოხერხდება, მაშინ უფრო სავარაუდო შედეგი დივიდენდების შემცირება და აქციების ფასების შემდგომი ვარდნა იქნება.
- სწრაფი ზრდის პოტენციალი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მიმდინარე შემოსავალი
თუ დივიდენდებს სტრუქტურული უარყოფითი მხარე გააჩნია, ეს იმაში მდგომარეობს, რომ კომპანიის მიერ ამ მიმართულებით გადახდილი თითოეული დოლარი შეიძლებოდა რეინვესტირების სახით ბიზნესის მომავალ გაფართოებაში ჩადებულიყო. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიებს, რომლებიც დივიდენდებს არ იხდიან, დივიდენდების გამცემ კომპანიებთან შედარებით, ზრდის მეტი პოტენციალი აქვს. შედეგად, თუ თქვენი საინვესტიციო პორტფელის ზრდის შესაძლებლობაზე ხართ ორიენტირებული, უკეთესი იქნება ისეთი კომპანიის მოძიება, რომელიც ბიზნესის ზრდის მიზნით რეინვესტირებას მიმართავს. თუმცა, თუ ასეთ კომპანიაში ინვესტირებას გადაწყვეტთ, აუცილებელია, რომ მისი საქმიანობა და ფინანსური მდგომარეობა საფუძვლიანად გამოიკვლიოთ, მხოლოდ დივიდენდების არ გადახდა ნამდვილად არ ნიშნავს მაღალი ზრდის პოტენციალს.
გრძელვადიან პერსპექტივაში ინვესტიცია ჩადეთ ჯანსაღ კომპანიებში
არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ტიპის ბიზნესში ინვესტირებით ხართ დაინტერესებული, გრძელვადიანი პერსპექტივა არის ის, რაზეც ყურადღება აუცილებლად უნდა გაამახვილოთ. როგორც დივიდენდურმა ასევე დივიდენდების არ გადამხდელმა აქციებმა, შეიძლება, თქვენს საინვესტიციო პორტფელში დიდი როლი შეასრულოს, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ არცერთი მათგანი არ არის თქვენი ფულადი სახსრების უახლოესი საჭიროებისთვის შესაბამისი ინვესტიცია.
გრძელვადიანი პერსპექტივის შენარჩუნებით და იმ კომპანიების გრძელვადიანი პერსპექტივის გათვალისწინებით, რომლებშიც ინვესტიციას ახორციელებთ, თქვენი ყიდვა-გაყიდვის გადაწყვეტილება უფრო საზრიანი იქნება. ეს დაგეხმარებათ, რომ გრძელვადიანი სიმდიდრისთვის უკეთესი საფუძველი შექმნათ.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.