„სწორი გადაწყვეტილებები გამოცდილებას მოაქვს, გამოცდილება კი არასწორი გადაწყვეტილებებიდან მოდის“ – რიტა მეი ბრაუნი.
რიტა მეი ბრაუნი, ამ სიტყვების წარმოთქმისას, სავარაუდოდ, ინვესტირებას არ გულისხმობდა, მაგრამ ეს ფრაზა ინვესტირების სფეროსაც შესანიშნავად ერგება. ახალბედა ინვესტორებს მცირე გამოცდილება აქვთ და ბევრ შეცდომას უშვებენ. იდეალურ შემთხვევაში, ისინი შეცდომებზე სწავლობენ, დროთა განმავლობაში გამოცდილი ინვესტორები ხდებიან, უფრო ჭკვიანურ ნაბიჯებს დგამენ და, შესაბამისად, ნაკლებ შეცდომას უშვებენ.
როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი ინვესტორებისთვის, ყოველთვის სასარგებლოა საინვესტიციო შეცდომების განხილვა, რათა მათი დაშვება თავიდან აიცილოთ. ამ სტატიაში 7 გავრცელებულ საინვესტიციო შეცდომას განვიხილავთ.
- ინვესტირების გადადება
ბევრი ჩვენგანი ინვესტირებას გაცილებით გვიან იწყებს. ეს სამწუხარო ფაქტია, რადგან ჩვენს ადრეულ ინვესტიციას ზრდისთვის ყველაზე დიდი დრო აქვს. ქვემოთ მოცემული ცხრილი ნათლად გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინვესტირებით რაც შეიძლება მალე დაკავება.
8%-იანი ზრდა | ყოველწლიურად $5,000-ის ინვესტირება | ყოველწლიურად $10,000-ის ინვესტირება | ყოველწლიურად $15,000-ის ინვესტირება |
5 წლის განმავლობაში | $31,680 | $63,359 | $95,039 |
10 წლის განმავლობაში | $78,227 | $156,455 | $234,683 |
15 წლის განმავლობაში | $146,621 | $293,243 | $439,865 |
20 წლის განმავლობაში | $247,115 | $494,229 | $741,344 |
25 წლის განმავლობაში | $394,772 | $789,544 | $1,184,316 |
30 წლის განმავლობაში | $611,729 | $1,223,459 | $1,835,189 |
რა თქმა უნდა დროის უკან დაბრუნება და ინვესტირების უფრო ადრე დაწყება შეუძლებელია, მაგრამ შეგიძლიათ უბრალოდ შეწყვიტოთ ამ საქმის გადადება. დაიწყეთ ახლა და არა 5 წლის შემდეგ, ეს შედეგებს საგრძნობლად შეცვლის.
- დაბალი ფასის მქონე აქციის იაფად მიჩნევა
ბევრი ადამიანი, ფიქრობს, რომ $10-ის ღირებულების აქციის ყიდვა $50 ან $200-ის ღირებულების აქციის შეძენაზე უფრო იაფი გარიგებაა. ეს მსჯელობა სიმართლისგან შორს დგას. მხოლოდ აქციის ფასი ძალიან მწირ ინფორმაციას გვაძლევს, თუ ფასი დაახლოებით $5-ზე ნაკლები არ არის. ამ უკანასკნელ შემთხვევაში საქმე გვაქვს პენი აქციასთან (იაფი აქცია), რომელიც, სავარაუდოდ, დამატებით რისკებს მოიცავს.
აქციის ფასი, სულ მცირე ერთ სხვა მაჩვენებელს უნდა შეადაროთ იმისთვის, რომ ამ ინფორმაციისგან რაიმე ღირებული მიიღოთ. მაგალითად, გაამრავლეთ აქციის ფასი კომპანიის აქციების რაოდენობაზე და მიმდინარე საბაზრო კაპიტალიზაციას მიიღებთ. ახლა წარმოიდგინეთ ორი განსხვავებული აქცია, რომელთაგან თითოეულის ფასი $10-ს შეადგენს. თუ პირველ კომპანიას გამოშვებული აქვს 1 მილიარდი აქცია, მაშინ მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $10 მილიარდს შეადგენს. თუ მეორე კომპანიას ბრუნვაში 50 მილიარდი აქცია აქვს, მისი საბაზრო კაპიტალი $500 მილიარდის ტოლი იქნება და, შესაბამისად, ეს კომპანია პირველზე ბევრად უფრო დიდია.
აქციების ფასის შედარება თითო აქციაზე მოგებასთან (EPS) P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტს მოგცემთ, ხოლო ფასის შემოსავალთან შედარება – P/S (ფასი/გაყიდვები) მაჩვენებელს. ეს მაჩვენებლები გვიქმნის შეხედულებას იმის შესახებ თუ რამდენად სამართლიანად არის აქცია შეფასებული.
- მასების მიყოლა
თუ კონკრეტული კომპანიის აქციებს მაშინ ყიდულობთ, როდესაც ამას სხვები აკეთებენ, თქვენ მიჰყვებით მასებს და, შესაძლოა, საინვესტიციო პორტფელში ზედმეტად შეფასებულ აქციებს ამატებთ. უფრო ხშირად ეს მზარდი პოტენციალის აქციების შემთხვევაში ხდება. თუ პოზიციებს ყიდით მაშინ, როდესაც ბაზარი კრახს განიცდის, ამ შემთხვევაშიც უმრავლესობას ჰბაძავთ და, შეიძლება, იაფად დათმოთ ძალიან ძლიერი საფუძვლის მქონე აქციები, რომელსაც აღდგენის პოტენციალი გააჩნია. მიიღეთ ცოდნა ინვესტირების შესახებ იმისთვის, რომ მოიპოვოთ საფუძვლიანი პერსპექტივა და საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება შეძლოთ.
- გაწონასწორებულ მდგომარეობაში დაბრუნების მცდელობა
დავუშვათ, რომელიმე კომპანიის 100 აქცია $50-ად შეიძინეთ, ანუ მთლიანობაში $5,000-ის მოცულობის ინვესტიცია ჩადეთ. შემდეგ თითო აქციის ფასი $30-მდე შემცირდა, ანუ თქვენი ინვესტიცია ახლა $3,000 ღირს და $2,000-ის ონდებით ზარალი განიცადეთ. თუ კომპანიის საფუძვლებში არაფერი შეცვლილა და ფიქრობთ, რომ აქციებს აღდგენის უნარი გააჩნია, მაშინ პოზიციები უნდა შეინარჩუნოთ, მაგრამ თუ კომპანიის ფუნდამენტი შეირყა და აღარ გსურთ ამ აქციების ფლობა, მაშინ გაყიდეთ, ნუ დაელოდებით ფასის კვლავ $50-მდე ზრდას, ამით, შესაძლოა, $2,000-ზე ბევრად მეტი დაკარგოთ. არსებული $3,000-ს კი სხვა საინვესტიციო შესაძლებლობისთვის გამოიყენებთ.
- არასაკმარისი კვლევა
თუ ინვესტიციას ინდივიდუალურ აქციებში დებთ, ამას სხვისი რჩევის საფუძველზე ნუ გააკეთებთ, ჩაატარეთ საკუთარი კვლევა.
უნდა ისწავლოთ, თუ როგორ გამოიკვლიოთ კომპანია, შეისწავლოთ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, გამოწვევები და შესაძლებლობები. გაიგეთ, თუ როგორ მუშაობს მისი ბიზნეს მოდელი – როგორ გამოიმუშავებს კომპანია ფულს. შეიძლება, ერთი შეხედვით ჩანდეს, რომ ვებგვერდი ფულს ნივთების გაყიდვით გამოიმუშავებს, მაგრამ ასევე შესაძლებელია სინამდვილეში შემოსავლის უდიდესი ნაწილი რეკლამებზე მოდიოდეს.
ასევე ისწავლეთ ფინანსური ანგარიშგების წაკითხვა, რათა გაიგოთ, თუ რამდენად სწრაფად იზრდება კომპანია და არსებობს თუ არა რაიმე საგანგაშო ნიშნები, როგორიც არის სწრაფად მზარდი დავალიანება, ან მარაგები, რომლებიც უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე გაყიდვები. თუ ეს ყველაფერი ზედმეტად ბევრ სამუშაოდ გეჩვენებათ, შეგიძლიათ გადაერთოთ დაბალი საკომისიოს მქონე საინდექსო ფონდებზე, რომელიც მარტივი და ეფექტური გრძელვადიანი ინვესტიციაა.
- თქვენი მფლობელობების არასაკმარისი კონტროლი
მას შემდეგ, რაც აქციებს შეიძენთ, მნიშვნელოვანია, დროთა განმავლობაში, მათი გამომშვები კომპანიები აკონტროლოთ. ყოველ შემთხვევაში, წაიკითხეთ მათი კვარტალური და წლიური ანგარიშები, მაგრამ იდეალური იქნება, თუ მათ შესახებ ახალ ამბებს თვალყურს მიადევნებთ.
ამის გაკეთება დაგეხმარებათ მათი ბიზნესის უკეთ გაგებაში და მდგომარეობის უარესობისკენ ცვლილებასაც დროულად შეამჩნევთ. თუ კომპანიის აქციების ფასი მნიშვნელოვნად მცირდება, მიზეზი გამოიკვლიეთ.
- მოუთმენლობა
და ბოლოს, იქონიეთ მოთმინება. ენდეთ თქვენს კვლევასა და რწმენას, დაელოდეთ, სანამ თქვენ მიერ ჩადებული ინვესტიციები გაიზრდება და დიდ სარგებელს მოგიტანთ. ეს, რა თქმა უნდა, ყოველთვის სწორხაზოვნად არ მოხდება და გზიდან გადახვევებიც იქნება. შეიძლება, ამის გაკეთება რთული იყოს, მაგრამ კურსზე დარჩით. (რა თქმა უნდა, თუ თქვენ მიერ ჩატარებული კვლევა კომპანიისადმი ნდობის დაკარგვას იწვევს, გაყიდვა განიხილეთ).
დასკვნა
ზემოთ მოყვანილი ცხრილი ნათლად გვიჩვენებს, თუ რისი მიღწევაა შესაძლებელი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საფონდო ბირჟის კორექციებსა და კრახებს მიღმა.
ამ სტატიაში მოყვანილი შეცდომები საკმაოდ გავრცელებულია როგორც ახალბედა, ასევე გამოცდილ ინვესტორებშიც კი. რაც უფრო მეტი სახის საინვესტიციო შეცდომას შეისწავლით, თქვენი საინვესტიციო საქმიანობა მით უფრო წარმატებული იქნება. რაც უფრო მეტ ცოდნას დააგროვებთ, მით უფრო მეტი ფულის გამომუშავებას შეძლებთ.