დაყოფა წარმოადგენს კორპორატიულ მოქმედებას, რომელიც კომპანიის ორ ან მეტ დამოუკიდებელ, ცალკეულ მართულ ერთეულად დაშლას გულისხმობს. ასეთი ღონისძიებების დასრულების შემდეგ, აქციონერების შეხედულებისამებრ, თავდაპირველი კომპანიის აქციები შეიძლება ერთ-ერთი ახალ სუბიექტის აქციებში გაიცვალოს.
დაყოფის გააზრება
კომპანიების დაყოფას ყველაზე ხშირად ორი ძირითადი მიზეზი აქვს:
სტრატეგიული უპირატესობა
ზოგიერთი კომპანია განიცდის დაყოფას, რადგან მისი მმართველო გუნდი ოპერაციების სტრატეგიული განახლებისკენ ისწრაფვის. ასეთ კომპანიებს შეიძლება ჰქონდეთ დისკრეტული ბიზნეს ხაზების ფართო სპექტრი — თითოეული მოითხოვს ცალკეულ რესურსებს, კაპიტალურ დაფინანსებას და შესაბამის მმართველ პერსონალს. ასეთი კომპანიების დაყოფამ შეიძლება დიდი სარგებელი მოუტანოს აქციონერებს, რადგან ამ სეგმენტების ცალკე მართვა ხშირად ზრდის თითოეული სუბიექტის მოგებას. იდეალურ შემთხვევაში, გამოყოფილი ერთეულების ერთობლივი მოგება აღემატება თავდაპირველი კომპანიის მთლიან მოგებას.
მთავრობის განკარგულება
კომპანიები ხშირად იყოფიან ხელისუფლების ჩარევის გამო, რისი საფუძველიც, როგორც წესი, მონოპოლისტური პრაქტიკის მინიმუმამდე დაყვანის მცდელობაა. უკვე დიდი ხანია, რაც კომპანიების ამ მიზნით დაყოფა ხორციელდება, რასაც ძირითადად ის განაპირობებს, რომ ანტიმონოპოლიური კანონები ათწლეულების წინ ამოქმედდა.
მაგალითი: 1990-იანი წლების ბოლოს, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ (DOJ) უჩივლა Microsoft-ს სავარაუდო მონოპოლისტური პრაქტიკის გამო. საინტერესოა, რომ საქმე გარიგებით დასრულდა და არა ტექნოლოგიური გიგანტის დაყოფით.
კიდევ ერთი რეალური ფაქტი ისტორიიდან — Hewlett-Packard
2015 წლის ნოემბერში Hewlett-Packard Company-მ დაასრულა დაყოფა, რის შედეგადაც ოფიციალურად ჩამოყალიბდა ორი ახალი ერთეული: HP Inc. და Hewlett-Packard Enterprises. დაყოფა განხორციელდა სტრატეგიული მიზნით, რადგან თითოეული მათგანი ფოკუსირებული იყო განსხვავებულ ბიზნეს მოდელზე.
Hewlett-Packard Enterprises ყიდის მოწყობილობებსა და პროგრამული უზრუნველყოფის სერვისებს მსხვილ ბიზნესებზე, რომლებიც დიდი მოცულობის მონაცემთა შენახვასა და ქლაუდ გამოთვლის ტექნოლოგიაზე არიან ფოკუსირებულნი.
მეორეს მხრივ, HP Inc. ორიენტირებულია პერსონალური კომპიუტერების, პრინტერების და სხვა მოწყობილობების წარმოებაზე, რომლებიც განკუთვნილია მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისთვის.
დაყოფამ საბოლოოდ თითოეულ ბიზნეს სუბიექტს საშუალება მისცა, უფრო ეფექტიანად მართოს საკუთარი ორგანიზაციული სტრუქტურა, მენეჯმენტის გუნდი, გაყიდვები, კაპიტალის განაწილების სტრატეგია, კვლევისა და განვითარების ინიციატივები.
დაყოფის შემდეგ, ორიგინალური კომპანიის მოქმედ აქციონერებსა და ახალ ინვესტორებს საშუალება მიეცათ, აერჩიათ, ორი ახალი სუბიექტიდან რომელში სურდათ წილის ფლობა. ინვესტორებმა, რომლებიც ფოკუსირებულნი იყვნენ უფრო სტაბილურ, ნელა მზარდ კომპანიაზე, სავარაუდოდ, აირჩიეს HP Inc.-ის აქციები, მათ, ვინც უპირატესობას ანიჭებდა უფრო სწრაფად მზარდ ბიზნესს, ალბათ, არჩევანი Hewlett-Packard Enterprises-ის აქციებზე გააკეთეს.