უორენ ბაფეტი, რომელსაც ხშირად ომაჰას ორაკულს უწოდებენ, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორია. ბაფეტი არის Berkshire Hathaway-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი — ამ კომპანიის საკონტროლო პაკეტი მან 1960-იანი წლების შუა ხანებში შეიძინა.
უორენ ბაფეტს უწოდებენ ომაჰას ორაკულს, რადგან იგი ცხოვრობს და მუშაობს ომაჰაში, ნებრასკაში. ამასთან, საინვესტიციო საზოგადოება ყურადღებით ადევნებს თვალს მის საინვესტიციო ნაბიჯებს.
ომაჰას ორაკულის წარმატების გააზრება
უორენ ბაფეტი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია მსოფლიოში. ამჟამად მისი ქონება დაახლოებით $135 მილიარდს აღწევს და ამ მაჩვენებლით ინვესტორი მსოფლიოს მასშტაბით მე-8 ადგილს იკავებს. მისი საინვესტიციო სტილი ასეთია: უორენ ბაფეტი ეძებს ფუნდამენტურად ჯანსაღ კომპანიებს, რომელთა აქციების ფასიც, მოცემულ მომენტში, მათ შინაგან ღირებულებასთან შედარებით, საგრძნობლად დაბალია. ლეგენდარული ინვესტორი ასეთ აქციებს ყიდულობს და წლების განმავლობაში ინარჩუნებს. მის ზოგიერთ ყველაზე პოპულარულ ინვესტიციას შორის არის Coca-Cola, Gillette და Dairy Queen.
აქციების შინაგანი ღირებულების დასადგენად ინვესტორები სხვადასხვა მეტრიკას იყენებენ. შინაგანი ღირებულება არის ფინანსური ანალიზისა (კომპანიის ფინანსური წარმადობის, შემოსავლების, მოგების და ფულადი ნაკადების შესწავლა) და ფუნდამენტური ფაქტორების, მათ შორის კომპანიის ბრენდის, ბიზნეს მოდელის, სამიზნე ბაზრისა და კონკურენტული უპირატესობის შესწავლის ერთობლიობა.
უორენ ბაფეტის ცხოვრების ადრეული წლები
უორენ ბაფეტი 1930 წელს ომაჰაში, ნებრასკაში, ჰოვარდ და ლეილა ბაფეტების ოჯახში დაიბადა. მისი მამა იყო საფონდო ბირჟის ბროკერი, შესაბამისად ამ სფეროს შესახებ პირველადი ცოდნა ინვესტორმა ჰოვარდისგან მიიღო. უორენ ბაფეტმა თავისი პირველი აქცია 11 წლის ასაკში შეიძინა — მან Cities Service-ის სამი პრივილეგირებული აქცია იყიდა, თითო $38-ად და შემდეგ ისინი $40-ად გაყიდა. ამის შემდეგ, კომპანიის აქციების ფასი $200-მდე გაიზარდა. ბაფეტის აზრით, ამ ფაქტმა მას ასწავლა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოთმინება.
უორენ ბაფეტმა ბიზნესის ნიჭი ადრეული ასაკიდანვე გამოავლინა — თინეიჯერობისას იგი მართავდა გაზეთების მიწოდების ბიზნესს და საკუთარ საგადასახადო დეკლარაციას ავსებდა. საშუალო სკოლაში სწავლისას, ომაჰას ორაკულმა წამოიწყო პინბოლის აპარატების ბიზნესი, რომელიც შემდეგ $1,300-ად გაყიდა. მან ნებრასკას უნივერსიტეტიც სწორედ ბიზნესის ხარისხით დაამთავრა.
ომაჰას საინვესტიციო ფილოსოფიის ორაკული
უორენ ბაფეტი არის ბენჟამინ გრეჰემის სკოლის მიმდევარი და, შესაბამისად, ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტორი.
როგორც ღირებულებაზე ფოკუსირებული ინვესტორი, ბაფეტი ცდილობს ინვესტიცია ჩადოს კომპანიებში, რომლებიც მოცემულ მომენტში ბაზარზე სათანადოდ არ არის დაფასებული, მაგრამ მათ ფულის გამომუშავების პოტენციალი გააჩნიათ. ასეთი ხელსაყრელი ვარიანტების შესარჩევად იგი სიღრმისეულ კვლევას ატარებს და სამიზნე კომპანიების ბიზნეს საფუძვლებს აანალიზებს.
ბაფეტმა საინვესტიციო სამყაროში მოღვაწეობა დაიწყო სწორედ, როგორც ღირებულებაზე ორიენტირებულმა ინვესტორმა, იგი ცდილობდა აღმოეჩინა შეუმჩნეველი და, შესაბამისად, ბაზარზე დაუფასებელი კომპანიები.
როდესაც ლეგენდარულმა ინვესტორმა საკონტროლო პაკეტი შეიძინა Berkshire Hathaway-ში, რომელიც იმ პერიოდში ტექსტილი მწარმოებელი ჩამოშლილი კომპანია იყო მეგობარმა და მომავალში ბიზნეს პარტნიორმა — ჩარლი მანგერმა მას ეს გადაწყვეტილება არ მოუწონა. თუმცა რამდენიმე წელიწადში კომპანიას ისიც შეუერთდა. საბოლოოდ კი Berkshire დივერსიფიცირებულ ჰოლდინგურ ფირმად იქცა.
დროთა განმავლობაში ჩარლიმ ბაფეტი დაარწმუნა, რომ კონკრეტული აქციების საბაზრო ღირებულებით ყიდვას ან თუნდაც მათთვის პრემიის გადახდას შეიძლება აზრი ჰქონოდა, თუ კომპანიის მთავარი ღირებულება მომავალში იქნებოდა გამოვლენილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ შეიძლება კომპანიის აქციები ამჟამად ბაზარზე სწორად იყოს შეფასებული, მაგრამ ფასმა მომავალში გაცილებით მაღალ ნიშნულს მიაღწიოს.
უორენ ბაფეტმა ჩარლის დაუჯერა და საბოლოოდ ორივე მათგანმა, Berkshire Hathaway-სთან ერთად, უდიდეს წარმატებას მიაღწია. უკვე დიდი ხანია, რაც ბაფეტი საკუთარი საინვესტიციო ფილოსოფიის ჩამოყალიბებაში მანგერის როლს ხაზს უსვამს.