საქმეზე ფოკუსირებისა და კონცენტრაციის უნარის გამომუშავება საკმაოდ რთულია და, რა თქმა უნდა, ადამიანების უმრავლესობას სურს ამ თვისებების გაუმჯობესება. მაგრამ როგორ უნდა მივაღწიოთ ამას? ჩვენ ხმაურით აღსავსე სამყაროში ვცხოვრობთ და ხშირად გვიჭირს ერთ საკითხზე ფოკუსირება.
სტატიაში გაგიზიარებთ, როგორ უნდა შევძლოთ ორიენტაცია და გეტყვით, რეალურად რას უნდა მივაქციოთ ყურადღება.
ფოკუსი: რა არის და როგორ მუშაობს
ექსპერტები ფოკუსირებას განმარტავენ, როგორც თქვენი ინტერესის ან აქტივობის რაღაცაზე კონცენტრირების აქტს. ეს გარკვეულწილად მოსაწყენი განმარტებაა, მაგრამ მასში მნიშვნელოვანი ხედვის ამოკითხვა შეგვიძლია.
რა არის ფოკუსი?
ერთ კონკრეტულ ობიექტზე კონცენტრაციისთვის, ბევრი რამ უნდა უგულებელყოთ და ამისთვის არსებობს რამდენიმე გზა.
ფოკუსირებას მხოლოდ მაშინ ვახერხებთ, როდესაც მხოლოდ ერთ ვარიანტს ვაქცევთ ყურადღებას და სხვაზე არ ვფიქრობთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ელიმინაცია ფოკუსირების წინაპირობაა. როგორც ტიმ ფერისი ამბობს — ,,რასაც არ აკეთებ, განსაზღვრავს რისი გაკეთება შეგიძლია”.
რა თქმა უნდა, ეს არ მოითხოვს, რომ სხვა ყველაფერზე მუდმივად უარი ვთქვათ, მაგრამ დროის კონკრეტულ მონაკვეთში მაქსიმალურად უნდა ავარიდოთ თავი. ყოველთვის გვაქვს შესაძლებლობა რაღაც მოგვიანებით გავაკეთოთ, მაგრამ მოცემულ მომენტში ფოკუსირება მოითხოვს, რომ მხოლოდ ერთ საკითხზე ვკონცენტრირდეთ. ფოკუსირება პროდუქტიულობის გასაღებია, რადგან ყველა სხვა ვარიანტზე უარის თქმა მთლიანად მოგმართავთ დასახული მიზნის ხარისხიანად შესრულებისკენ.
რაც შეეხება მთავარ შეკითხვას: როგორ ვფოკუსირდეთ მნიშვნელოვან საკითხზე და უგულებელვყოთ ხელისშემშლელი ფაქტორები?
რატომ ვერ ვფოკუსირდებით?
ადამიანების უმრავლესობას ფოკუსირებაზე მეტად გადაწყვეტილების მიღება უჭირს. ოდესმე გქონიათ ისეთი დავალება, რომელიც აუცილებლად უნდა შეგესრულებინათ და თქვენ ეს გააკეთეთ, რადგან დადგენილმა ვადამ თქვენ მაგივრად მიიღო გადაწყვეტილება? შესაძლოა, თავიდან გააჭიანურეთ, მაგრამ როგორც კი საქმე გადაუდებელი აღმოჩნდა, იძულებული გახდით დავალების შესრულება დაგეჩქარებინათ.
როგორ უნდა ფოკუსირდეთ და გაზარდოთ თქვენი ყურადღება?
ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ დავძლიოთ ჩვენი მიდრეკილება სხვადასხვა სამუშაოს ერთდროულად შესრულების ჩვევაზე. ერთი საქმე უნდა აირჩიოთ, მაგრამ ჩვენს წინაშე არსებული მრავალი ვარიანტიდან საიდან ვიცით, რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება? საით უნდა მივმართოთ ჩვენი ენერგია? როგორ განვსაზღვროთ ერთი რამ, რისი გაკეთების ვალდებულებაც უნდა გვქონდეს?
უორენ ბაფეტის 2 LIST სტრატეგია ფოკუსირებისთვის
ლეგენდარული ინვესტორი — უორენ ბაფეტი იყენებს პროდუქტიულობის მარტივ, სამ საფეხურიან სტრატეგიას, რათა დაეხმაროს თანამშრომლებს, თავიანთი პრიორიტეტები განსაზღვრონ .
ერთ დღეს ბაფეტმა თავის პირად პილოტს სთხოვა სამ საფეხურიანი ვარჯიშის გავლა.
ნაბიჯი 1: ინვესტორმა დაიწყო იმით, რომ პილოტს, სახელად მაიკ ფლინტს სთხოვა, დაეწერა თავისი 25 საუკეთესო მიზანი. ფლინტს გარკვეული დრო დასჭირდა ყველა მათგანის ჩამოსაწერად (შენიშვნა: თქვენც შეგიძლიათ შეასრულოთ მოცემული სავარჯიშო. თანაც ისე, რომ ვადებიც შეამციროთ. მაგალითად, 25 საუკეთესო რამ, რისი მიღწევაც ამ კვირაში გსურთ).
ნაბიჯი 2: შემდეგ ბაფეტმა ფლინტს სთხოვა გადაეხედა სიისთვის და საუკეთესო 5 მიზანი შემოეხაზა.
ნაბიჯი 3: ამ ეტაპზე ფლინტს ორი სია ჰქონდა. 5 ელემენტი, რომლებიც შემოხაზა იყო სია A, ხოლო 20 ელემენტი, რომლებიც ამ ეტაპზე უგულებელყო — სია B.
ფლინტმა დაადასტურა, რომ ის დაუყოვნებლივ დაიწყებდა თავისი 5 საუკეთესო მიზნის შესრულებას. ბაფეტის აზრით, სანამ ფლინტი ამ 5 მიზანს არ მიაღწევს, მანამდე დანარჩენი სურვილები უნდა დაივიწყოს.
ბაფეტის მეთოდი გაიძულებს, მიიღო რთული გადაწყვეტილებები და აღმოფხვრა ისეთი ელემენტები, რომლებიც დროს დაგაკარგვინებს. ეს მხოლოდ ერთი გზაა თქვენი ფოკუსირების გასამძაფრებლად და ყურადღების გაფანტვის თავიდან ასაცილებლად. არ აქვს მნიშვნელობა რა მეთოდს გამოიყენებთ, მთავარია, კონცენტრაციის უნარი გაზარდოთ.