ფაქტმა, თუ როგორ წარმოგვიდგენენ საგნებს — როგორ არის ისინი „ჩარჩოში ჩასმული“ — შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ჩვენ მიერ მათ აღქმაზე. ამას ეწოდება „ჩარჩოს ეფექტი“, რომელიც, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას ინვესტორების ან სხვა ადამიანების გადაწყვეტილებებზე ზემოქმედებისთვის. მოდით, განვიხილოთ ეს ტერმინი და გავიგოთ, როგორ შეგვიძლია მისი გადალახვა.
„ჩარჩოს ეფექტის“ გააზრება
„ჩარჩოს ეფექტი“ არის ქვეცნობიერი რეაქცია იმაზე, თუ როგორ არის წარმოდგენილი ინფორმაცია. როდესაც ადამიანი ამ ფენომენის ზემოქმედების ქვეშ არის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ის უარს ამბობს ლოგიკაზე და ემოციებზე დაყრდნობით მოქმედებს. ფსიქოლოგიაში ეს აიხსნება პერსპექტივის თეორიით, რომელიც თავდაპირველად ამოს ტვერსკიმ და დანიელ კანემანმა 1979 წელს შეიმუშავეს.
ამ თეორიის მიხედვით, ადამიანები ზარალის რისკს ასიმეტრიულად აფასებენ; მათზე უფრო მეტად დანაკარგის პოტენციალი ზემოქმედებს, ვიდრე იმავე სიდიდის მოგების პერსპექტივა. მიუხედავად იმისა, რომ გარდაუვალ ზარალს რაღაცის დაკარგვის პოტენციალი სჯობს, ჩვენი ტვინი, პოტენციურ მოგებასთან შედარებით, უპირატესობას გარანტირებულ სარგებელს ანიჭებს. პროცესში „ჩარჩოს ეფექტის“ ჩართვას კი შეუძლია, გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს.
მაგალითად, დავუშვათ, რომ 2 ვარიანტს გთავაზობენ: 1. საინვესტიციო პორტფელი მომდევნო 5 წლის ვადაში ზრდის 70%-იანი შანსით. 2. პორტფელი 5-წლიანი პერიოდის განმავლობაში დაღმასვლის 30%-იანი ალბათობით. რომელს აირჩევდით? რეალურად ეს შეთავაზებები იდენტურია, თუმცა განსხვავებულ შეგრძნებებს აღძრავს, რადგან სხვადასხვაგვარად არის ფორმულირებული, „ჩარჩოში ჩასმული“.
როგორ გამოიყენება „ჩარჩოს ეფექტი“
ქცევითი ეკონომიკა შეისწავლის, თუ როგორ შეუძლია შეცვალოს გადაწყვეტილების მიღების პროცესები ისეთმა ფაქტორებმა, როგორიც არის „ჩარჩოს ეფექტი“. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ ფენომენის გამოყენების ოთხი ძირითადი გზა არსებობს:
„სმენითი ჩარჩო“. შედეგზე ზემოქმედებისთვის ეს მოიცავს არა მხოლოდ ფორმულირებულ ინფორმაციას, რომელიც ხმამაღლა არის წარმოთქმული, არამედ — ხმის ტონსაც.
„ვიზუალური ჩარჩო“. ფერებმა, შრიფტებმა და წარწერის ზომებმაც კი შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს შეთავაზების შესახებ თქვენს დამოკიდებულებაზე და გადაწყვეტილებაზე.
სხეულის ენა. როდესაც საქმე „ჩარჩოს ეფექტს“ ეხება, პრეზენტატორის სხეულის ენას ძალიან დიდი გავლენა აქვს. ჩვენ ვენდობით და ვაფასებთ თავდაჯერებული და მეგობრული სხეულის ენის მქონე ადამიანების აზრს (უფრო ნეიტრალურთან შედარებით), მაშინაც კი, თუ მათი სიტყვები არც ისე აზრიანია ჩვენთვის.
ღირებულების შეთავაზებები. ეს არის კლასიკური გზა, რომლითაც რეკლამის განმთავსებლები აყალიბებენ შეთავაზებებს, როგორიც არის, მაგალითად ფასდაკლება. აქ ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს შედარებით დიდი რიცხვების წესი. გირჩევნიათ ავტომობილი $2,500-იანი ფასდაკლებით იყიდოთ, თუ — 5%-იანით? რა მოხდება, თუ რეალურად ეს ორი შეთავაზება იდენტურია?
როგორ შეიძლება „ჩარჩოს ეფექტის“ გადალახვა?
„ჩარჩოს ეფექტმა“ შეიძლება საინვესტიციო მოგზაურობაში ინდივიდის შეფერხება გამოიწვიოს, მაგრამ არსებობს ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც შესაძლებელია მის გადასალახად. პირველ რიგში, გახსოვდეთ თქვენი საინვესტიციო დროის ჰორიზონტი. გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორი არ მოქმედებს ნაჩქარევად, რადგან იგი კონკრეტულ აქციებს დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს. სანამ რაიმე საინვესტიციო გადაწყვეტილებას მიიღებთ, სჯობს, კარგად დაფიქრდეთ, ყველაფერი გააანალიზოთ და შემდეგ იმოქმედოთ.
ამასთან, დარწმუნდით, რომ ნამდვილად გესმით ის არჩევანი ან შეთავაზება, რომელიც თქვენს წინაშეა წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, აღმასვლის 70%-იანი შანსი უკეთესად ჟღერს, ვიდრე 30%-იანი ვარდნის ალბათობა, თუმცა, რეალურად, ეს ორი ვარიანტი იდენტურია. გააკეთეთ ზუსტად ის, რასაც გააკეთებდით საინვესტიციო შესაძლებლობის დამოუკიდებლად აღმოჩენისას, ჩაატარეთ საკუთარი, საფუძვლიანი კვლევა და მხოლოდ ამის შემდეგ გადადგით ნაბიჯი.
რატომ არის „ჩარჩოს ეფექტი“ ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი?
ინვესტორებმა უნდა გააანალიზონ „ჩარჩოს ეფექტი“, რადგან მათ მრავალ ვარიანტს შორის უწევთ არჩევანის გაკეთება. თუ უკეთ გააცნობიერებთ თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების გზებს, ეს ბევრად გაგიადვილებთ ხელსაყრელ შესაძლებლობებზე ფოკუსირებას. „ჩარჩოს ეფექტის“ თავიდან აცილების საუკეთესო გზა გონებაზე დაყრდნობით მოქმედება და საინვესტიციო პროცესიდან ემოციების გამორიცხვაა.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.