მიუხედავად იმისა, რომ საფონდო ბირჟა ცვალებადობით არის გაჟღენთილი, არსებობს გარკვეული აპრობირებული პრინციპები, რომლებიც შეიძლება ინვესტორებს გრძელვადიანი წარმატების შანსების გაზრდაში დაეხმაროს.
ზოგიერთი ინვესტორი ანაღდებს მოგებას თავისი გაზრდილი ინვესტიციების გაყიდვით, ხოლო ინარჩუნებს არაეფექტურ აქციებს იმ იმედით, რომ ისინი აღდგება. თუმცა წარმატებული აქციების ფასები შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, ხოლო წარუმატებელი აქციების ფასები — განულდეს.
წარმატებული გრძელვადიანი ინვესტირების გააზრება
შეინარჩუნე „გამარჯვებული“
ადრე პიტერ ლინჩმა ისაუბრა ინვესტიციებზე, რომელთა ღირებულებაც 10-ჯერ გაიზარდა. მან საკუთარი წარმატება საინვესტიციო პორტფელში მცირე რაოდენობით ასეთი აქციების არსებობას მიაწერა.
მაგრამ ეს მოითხოვდა აქციების შენარჩუნების დისციპლინას მაშინაც კი, როდესაც მათი ღირებულება მრავალჯერ გაიზარდა — თუ ის ფიქრობდა, რომ მნიშვნელოვანი პოტენციალი ჯერ კიდევ არსებობდა.
გაყიდეთ „დამარცხებული“
არ არსებობს გარანტია იმისა, რომ გაჭიანურებული ვარდნის შემდეგ აქციის ღირებულება აღდგება და მნიშვნელოვანია, ცუდი ინვესტიციების პერსპექტივის მიმართ რეალისტური იყოთ. მიუხედავად იმისა, რომ „დამარცხებული“ აქციების იდენტიფიცირებამ შეიძლება, ფსიქოლოგიურად, წარუმატებლობაზე მიგანიშნოთ, გახსოვდეთ, რომ შეცდომების აღიარება და შემდგომი ზარალის შესაჩერებლად ინვესტიციების გაყიდვა სირცხვილი არ არის.
ორივე სცენარში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კომპანიების მათი ხარისხის მიხედვით შეფასებას, რათა დადგინდეს, ამართლებს თუ არა აქციების ფასი მომავალ პოტენციალს.
მოეშვით პანიკას
ინვესტიციების ღირებულების მოკლევადიანი მოძრაობების გამო პანიკის ნაცვლად, უმჯობესია თვალყური დიდ სურათს ადევნოთ. საინვესტიციო გადაწყვეტილება გრძელვადიანი პერსპექტივიდან გამომიდინარე მიიღეთ და მოკლევადიან ცვალებადობაზე დაყრდნობით ნუ იმოქმედებთ.
გადაწყვეტილებას მიმზიდველ რეკომენდაციებზე დაყრდნობით ნუ მიიღებთ
წყაროს მიუხედავად, თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებას სხვის რეკომენდაციაზე დაყრდნობით ნუ მიიღებთ. ყოველთვის თავად ჩაატარეთ კომპანიის ანალიზი, სანამ მასში თქვენი შრომით გამომუშავებულ ფულს დააბანდებთ. გრძელვადიანი წარმატება საფუძვლიან კვლევას მოითხოვს.
აირჩიეთ სტრატეგია და მას მიჰყევით
აქციების შერჩევის მრავალი გზა არსებობს და ერთ ფილოსოფიაზე კონცენტრირება მნიშვნელოვანია. სხვადასხვა მიდგომებს შორის მერყეობა ბაზართან სინქრონიზების მსურველ ინვესტორად გაქცევთ, რაც საშიში სტრატეგიაა.
ლეგენდარულმა ინვესტორმა — უორენ ბაფეტმა შეინარჩუნა ღირებულებაზე ორიენტირებული მიდგომა და უგულებელყო 90-იანი წლების ბოლოს დაფიქსირებული dot-com-ის ბუმი —შესაბამისად, თავიდან აიცილა მნიშვნელოვანი დანაკარგები, როდესაც ტექნოლოგიურმა სტარტაპებმა კრახი განიცადეს.
P/E კოეფიციენტზე ზედმეტად ნუ ორიენტირდებით
ინვესტორები ხშირად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტს, მაგრამ ერთ მეტრიკაზე ზედმეტად აქცენტირება რეკომენდებული არ არის. P/E კოეფიციენტები საუკეთესოდ სხვა ანალიტიკურ პროცესებთან ერთად გამოიყენება.
ამიტომ დაბალი P/E კოეფიციენტი სულაც არ ნიშნავს, რომ აქცია აუცილებლად დაუფასებელია ან მაღალი P/E კოეფიციენტის შემთხვევაში, ავტომატურად, ზედმეტად დაფასებულია.
ფოკუსირდით მომავალზე და გრძელვადიანი პერსპექტივა შეინარჩუნეთ
შესაძლოა, წარსული მონაცემები მომავალზე მიგვითითებდეს, მაგრამ ის გარანტიას არასოდეს წარმოადგენს.
1989 წელს თავის წიგნში “One up on Wall Street” პიტერ ლინჩი ამბობს, რომ მხოლოდ წარსულის გათვალისწინების შემთხვევაში Subaru-ს აქციებს არასოდეს შეიძენდა, რადგან კომპანიის აქციების ფასი უკვე 20-ჯერ იყო გაზრდილი. თუმცა მან ბიზნესის საფუძვლები გამოიკვლია და დაასკვნა, რომ აქციები ჯერ კიდევ იაფი იყო, ჩადო ინვესტიცია და შვიდმაგი მოგება მიიღო. ამიტომ ინვესტიციის მომავალი პოტენციალის გათვალისწინებით განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია.
მიუხედავად იმისა, რომ ფულის გამომუშავება აქტიური მოკლევადიანი ვაჭრობითაც შეგიძლიათ, ეს უფრო მეტ რისკს შეიცავს, ვიდრე ინვესტიციების ყიდვისა და გრძელვადიან პერსპექტივაში შენარჩუნების სტრატეგიები.
გაიფართოვეთ თვალსაწიერი
ბევრი დიდი ფირმის სახელი საყოველთაოდ არის ცნობილი, თუმცა ასევე ბევრ კარგ კომპანიას ბრენდის ცნობადობა აკლია. გარდა ამისა, ათასობით პატარა ბიზნესს გააჩნია პოტენციალი, ლურჯი ჩიპის კომპანიად იქცეს. სინამდვილეში, მცირე კაპიტალიზაციის აქციები ისტორიულად უფრო მეტ ანაზღაურებას გამოიმუშავებდა, ვიდრე მათი დიდი კაპიტალიზაციის კოლეგები.
1926 წლიდან 2017 წლამდე აშშ-ში მცირე კაპიტალის აქციების საშუალო ანაზღაურებამ 12.1% შეადგინა, ხოლო დროის ამ მონაკვეთში S&P 500-ის შემოსავალმა 10.2% შეადგინა.
რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი თქვენი საინვესტიციო პორტფელის მცირე კაპიტალიზაციის აქციებს უნდა დაუთმოთ. თუმცა აუცილებელია, თვალსაწიერი გაიფართოოთ და ყურადღება ასეთ კომპანიებსაც მიაქციოთ.
წინააღმდეგობა გაუწიეთ პენი (იაფი) აქციების ყიდვის სურვილს
ზოგიერთი ადამიანი შეცდომით მიიჩნევს, რომ დაბალფასიანი აქციების შემთხვევაში, დასაკარგიც ნაკლებია. სინამდვილეში, პენი აქციები, როგორც წესი, უფრო სარისკოა, ვიდრე ძვირადღირებული აქციები, რადგან ისინი ნაკლებად რეგულირდება და ხშირად მეტი მერყეობით ხასიათდება.
ყურადღება მიაქციეთ გადასახადებს, მაგრამ ამის შესახებ ნუ ინერვიულებთ
გადასახადების ყველაფერზე მაღლა დაყენებამ შეიძლება ინვესტორებს არასწორი გადაწყვეტილებები მიაღებინოს. მიუხედავად იმისა, რომ უნდა ეცადოთ, საგადასახადო ვალდებულება მინიმუმამდე დაიყვანოთ, მაღალი შემოსავლის მიღება მთავარი მიზანია.