ინვესტიცია რისკებისგან თავისუფალი არასდროს არის. თქვენ ეს საფონდო ბირჟაზე ფულის პირველივე დაბანდებიდანვე უნდა იცოდეთ, მაგრამ ყველაფერი უფრო თვალსაჩინო ხდება მაშინ, როდესაც ხედავთ, რომ თქვენი საინვესტიციო პორტფელის ღირებულება დღითიდღე მცირდება. ამის შემდეგ თქვენ შეიძლება ზარალის დაუყოვნებლის შეჩერება მოგინდეთ, თუმცა ხშირად ამ მიზნით განხორციელებული ქმედება უარეს შედეგამდე მიგიყვანთ.
ხშირად საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ უბრალოდ არაფრის კეთებაა, მაგრამ ეს ყველაზე რთული მისიაა.
ემოციებზე დაფუძნებული ინვესტირება საზიანოა
ზოგიერთი ინვესტორი, საინვესტიციო პორტფელის ღირებულების შემცირების შემდეგ ბაზრიდან ფულის ამოღების გადაწყვეტილებას იღებს, რათა სიტუაციის გაუარესება თავიდან აიცილოს. მაგრამ ეს ნაბიჯი, როგორც წესი, ემყარება მცდარ ვარაუდს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ არ შეიცვლება. სინამდვილეში, ასე არ ხდება. ბოლო 30 წლის განმავლობაში S&P 500-ის საშუალო წლიური ზრდის ტემპი 10.7%-ს შეადგენს და ეს მიუხედავად რამდენიმე წლის მანძილზე უზარმაზარი დანაკარგებისა.
როდესაც თქვენ ყიდით ინვესტიციებს, რომლებიც ამჟამად ცუდი წარმადობით ხასიათდება, ამით მოკლევადიან ზარალს მუდმივ დანაკარგად აქცევთ. თუ თქვენს ინვესტიციებს შეინარჩუნებთ (იმ შემთხვევაში, თუ ისინი საფუძვლიანი კვლევის ჩატარების შემდეგ შეიძინეთ და ამ დროის განმავლობაში ბიზნესის ფუნდამენტი არ შეცვლილა), შესაძლოა, მათი გაუმჯობესების შემდეგ დიდი სარგებელი მიიღოთ.
ამასთან, ნამდვილად არსებობს ისეთი სიტუაციები, როდესაც თქვენს საინვესტიციო სტრატეგიაში გარკვეული ცვლილებები უნდა შეიტანოთ. მთელი თქვენი ფულის რამდენიმე აქციაში ან ცალკეულ ინდუსტრიაში ჩადება შეიძლება საშიში იყოს. თუ ამ კომპანიების მმართველები ცუდ გადაწყვეტილებებს მიიღებენ ან ინდუსტრიას საფრთხე დაემუქრება, შეიძლება ფული დაკარგოთ. ასე რომ, თქვენი პორტფელი სათანადოდ დივერსიფიცირებული უნდა იყოს.
ასევე, უნდა გადააფასოთ რისკისადმი თქვენი ტოლერანტობა. თუ პენსიაზე გასვლის პირას ხართ, მთელი თქვენი ფულის აქციებში დაბანდება სწორი არჩევანი არ იქნება. ამის თავიდან ასარიდებლად ერთი წესი არსებობს – 110%-ს თქვენი ასაკი გამოაკელით. მაგალითად, თუ 50 წლის ხართ (110 – 50 = 60), გამოვა, რომ თქვენი ფულის 60% აქციებში უნდა დააბანდოთ, ხოლო 40% – ობლიგაციებში.
ინვესტიციების უსაფრთხოდ იგნორირება
მას შემდეგ, რაც საინვესტიციო პორტფელს გადახედავთ და დარწმუნდებით, რომ თქვენი ფული სათანადოდ არის დივერსიფიცირებული და თქვენი ინვესტიციები რისკისადმი თქვენი ტოლერანტობის ხარისხს შეესაბამება, შეეცადეთ, გარკვეული დროით ავტოპილოტი ჩართოთ.
მოერიდეთ თქვენი პორტფელის ყოველდღიურად ან თუნდაც ყოველკვირეულად შემოწმებას. თუ არ გეგმავთ თქვენი ფულის მომდევნო 5-7 წლის განმავლობაში გამოყენებას, ეს ყოველდღიური რყევები თქვენთვის მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს. იმ ფულით, რომლის ადრე გამოყენებას აპირებთ, ინვესტიცია საერთოდ არ უნდა ჩადოთ.
თუ მაინც აღმოაჩენთ, რომ ფულს კარგავთ, შეეცადეთ ობიექტური იყოთ და მუდამ ინვესტიციის გრძელვადიან პოტენციალზე ორიენტირდეთ.