ჯულიან რობერტსონი იყო ამერიკელი ინვესტორი და ჰეჯ-ფონდის მენეჯერი, რომელმაც სახელი თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჰეჯ-ფონდის — Tiger Management-ის დაარსებით (1980 წელი) გაითქვა.
ჯულიანმა Tiger 2000 წელს დახურა და გააგრძელა ჰეჯ-ფონდის ახალგაზრდა მენეჯერების, ასევე უმაღლეს განათლებასა და სამედიცინო კვლევებზე ფოკუსირებულ ფილანთროპიულ საწარმოებში მენტორობა.
1980-იან და 90-იანი წლების დასაწყისში რობერტსონს ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც „ჰეჯ-ფონდების მამას“ და „უოლ სტრიტის ჯადოქარს“.
ადრეული ცხოვრება და განათლება
ჯულიან რობერტსონი 1932 წლის 25 ივნისს სოლსბერიში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ჯულიან ჰარტ რობერტსონ უფროსის (ტექსტილის კომპანიის ხელმძღვანელი) და დიასახლისის — ბლანშ სპენსერ რობერტსონის ოჯახში დაიბადა. მშობლიურ ქალაქში საეპისკოპოსო საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, იგი ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში ჩაირიცხა, რომელიც 1955 წელს დაამთავრა.
ჯულიანი საზღვაო ძალებში ორი წლის განმავლობაში მსახურობდა, რის შემდეგაც (1957 წელს) იგი საცალო ბროკერის რანგში Kidder, Peabody, & Co.-ის ნიუ-იორკის ოფისს შეუერთდა. შემდეგ მან კარიერულად წინ წაიწია და Webster Securities-ში აქტივების მართვის განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა. 1979 წელს მან ერთწლიანი პაუზა აიღო და ოჯახთან ერთად ახალ ზელანდიაში გადავიდა საცხოვრებლად, რათა რომანი დაეწერა.
აღსანიშნავი მიღწევები
ახალ ზელანდიაში ყოფნისას ჯულიანს ფონდის შექმნის იდეა გაუჩნდა. 1980 წელს, ნიუ-იორკში დაბრუნების შემდეგ, მან ერთ-ერთი პირველი ჰეჯ-ფონდი — Tiger Management დააარსა. ფონდის საწყისი აქტივები, სავარაუდოდ, დაახლოებით $8 მილიონს შეადგენდა. მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში კი ეს მაჩვენებელი $22 მილიარდამდე გაიზარდა. ფონდის წარმატება განაპირობა ჯულიანის უნარმა, აღმოეჩინა საინვესტიციო შესაძლებლობები გლობალური მაკრო სავაჭრო სტრატეგიის ფარგლებში. რობერტსონი ხშირად იყენებდა გრძელ-მოკლე სტრატეგიას, გრძელ პოზიციებს (აქციების ან დერივატივების ყიდვა მათი ფასების გაზრდის მოლოდინით) იკავებდა საუკეთესო აქციებზე, ხოლო მოკლეს (საინვესტიციო აქტივობა, რომლის დროსაც ინვესტორი სესხულობს და ყიდის ფასიან ქაღალდებს იმ იმედით, რომ შემდგომში მათ უფრო იაფად შეიძენს) — მისი აზრით, ყველაზე უარეს აქციებზე.
ჯულიან რობერტსონი ასევე ცნობილი იყო იმით, რომ მან, 1990-იანი წლების ბოლოს, ტექნოლოგიურ ინვესტიციებს თავი აარიდა. ეს ნაბიჯი Tiger Management-ისთვის ორლესული ხმალი აღმოჩნდა. მართალია, ფონდი „ტექნოლოგიური ბუშტის“ კოლაფსის დროს კარგი წარმადობით ხასიათდებოდა, მაგრამ დაზარალდა კაპიტალის გადინების გამო, რადგან ინვესტორებმა თავიანთი ფული სილიკონ ველიში გადაიტანეს. კიდევ ერთი არახელსაყრელი ნაბიჯი US Airways-ში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიცია აღმოჩნდა.
2000 წელს ჯულიანმა, არასახარბიელო წარმადობის გამო, Tiger Management დახურა მან დაწერა, რომ Tiger-ის წარმატება დაფუძნებული იყო შეფასებისა და ვაჭრობის რაციონალურ მიდგომაზე. ინტერნეტ აქციების ირაციონალური ზრდის ფონზე ეს სტრატეგია ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა.
სიმდიდრე და ქველმოქმედება
ფონდის მართვაზე უარის თქმის შემდეგ ჯულიანი აქტიურ საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა. მან დააარსა სტიპენდიები თავის ალმა მატერში და Duke University-ში და ერთგული იყო The Giving Pledge კამპანიის (ეს არის იმ ქველმოქმედთა მოძრაობა, რომლებიც ვალდებულებას იღებენ, თავიანთი სიმდიდრის უმეტესი ნაწილი საქველმოქმედო მიზნებს მოახმარონ) რომელიც ბილ გეითსმა და უორენ ბაფეტმა წამოიწყეს.
Forbes-ის ცნობით, ჯულიან რობერტსონმა საქველმოქმედო მიზნებს (გარემოს დაცვა, განათლება, სამედიცინო კვლევები) $1.3 მილიარდი შესწირა. 2022 წლის 5 აპრილის მონაცემებით, რობერტსონის ქონება $4.8 მილიარდს შეადგენდა. ჯულიან რობერტსონი 2022 წლის 23 აგვისტოს, 90 წლის ასაკში, ნიუ-იორკში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.