ჯერალდინ ვაისი, რომელსაც ხშირად „დივიდენდების დიდებულ ქალბატონს“ უწოდებენ, 1926 წელს სან-ფრანცისკოში დაიბადა. 1945 წელს მან კალიფორნიის უნივერსიტეტი ბიზნესისა და ფინანსების განხრით დაამთავრა. ჯერალდინის ადრეული ინტერესი ინვესტიციების და ფინანსების მიმართ ბენჟამინ გრეჰემის წიგნებმა — Security Analysis და The Intelligent Investor — გააღვივა. ცნობილია, რომ ამ სფეროსთან დაკავშირებით მან წაიკითხა ყველა წიგნი, რომელიც სან დიეგოს ბიბლიოთეკაში იპოვა. საბოლოოდ იგი ინვესტირების ხელოვნებას წიგნების, მშობლების საუბრების მოსმენის და კოლეჯის განათლების საშუალებით დაეუფლა.
1962 წელს ჯერალდინმა ინვესტირება დაიწყო და სცადა მუშაობა ბირჟის ბროკერად ან ანალიტიკოსად დაეწყო. თუმცა მას უარი უთხრეს, რადგან არ სჯეროდათ, რომ ქალი ამ სფეროში წარმატების მიღწევას შეძლებდა. 1966 წელს მან პარტნიორთან — ფრედ უიტმორთან ერთად საინფორმაციო ბიულეტენი — Investment Quality Trends დააარსა. ამით იგი გახდა პირველი ქალი, რომელმაც საზოგადოებისთვის საინვესტიციო საკონსულტაციო სერვისის შეთავაზება დაიწყო. დარწმუნებულმა, რომ ამ სფეროში წარმატების მიღწევა შეეძლო, ჯერალდინმა უიტმორის წილიც შეიძინა და თავად გახდა ფირმის ერთპიროვნული მმართველი. იმ დროისათვის გავრცელებული შეხედულებების გამო, იგი საინფორმაციო ბიულეტენს ხელს ასე ასწერდა — „ჯ. ვაისი“, რათა მკითხველს ჯერალდინის სქესი ვერ გაეგო.
Investment Quality Trends-მა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და მოიპოვა ერთგული მკითხველები, რომლებიც, ჯერალდინის რჩევების წყალობით, ფულს გამოიმუშავებდნენ. 1977 წელს ვაისი გამოჩნდა პოპულარულ თოქ-შოუში — „უოლ სტრიტის კვირა ლუი რუკეიზერთან ერთად“ და გამოავლინა, რომ ქალი იყო. მართალია, Investment Quality Trends-ის მკითხველებისთვის ეს მოულოდნელი იყო, მაგრამ ისინი იმდენ ფულს გამოიმუშავებდნენ, რომ ამ რჩევების ავტორის სქესი საერთოდ არ აინტერესებდათ. ჯერალდინმა წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი პოპულარობა მოიპოვა და მისი ნამუშევრები გამოქვეყნდა ცნობილ ფინანსურ გამოცემებში, როგორებიც არის Los Angeles Times, Fortune, Barron’s და The Wall Street Journall.
ჯერალდინ ვაისი Investment Quality Trends-ს 36 წლის განმავლობაში აქვეყნებდა (სანამ 2002 წელს პენსიაზე გავიდოდა) და რთულ საბაზრო პირობებშიც კი საშუალოზე მაღალ ანაზღაურებას აღწევდა. ეს საინფორმაციო ბიულეტენი დღესაც გამოდის და ჯერალდინ ვაისის სტრატეგიას მიჰყვება.
როგორი იყო ჯერალდინის საინვესტიციო სტრატეგია?
ვაისი ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტორი იყო, მაგრამ იგი მიიჩნევდა, რომ ადამიანები, მოგების ნაცვლად, დივიდენდებზე უნდა ფოკუსირდნენ, რადგან ანგარიშებში მოგების მაჩვენებლებით მანიპულირება მარტივია. იგი ეძებდა მაღალი დივიდენდური ანაზღაურების მქონე და ლურჯი ჩიპის კომპანიებს, რომლებსაც ჰქონდათ ძლიერი ბალანსი, რაც დივიდენდების გადახდას და მათ გაზრდას გაამარტივებდა. იგი ისტორიული დივიდენდური ანაზღაურებების ცხრილებს ადგენდა. როდესაც კონკრეტული აქციის დივიდენდური სარგებელი ისტორიულ უმაღლეს მაჩვენებელს უთანაბრდებოდა ან აჭარბებდა, იგი ყიდულობდა. ამ მაჩვენებლის ისტორიულ მინიმუმთან მიახლოება ან მასზე დაბლა ჩამოსვლა კი გაყიდვის სიგნალს წარმოადგენდა.
ლურჯი ჩიპის აქციების გამოსავლენად ჯერალდი შემდეგ კრიტერიუმებს იყენებდა: ბოლო 12 წლის განმავლობაში აქციის დივიდენდური სარგებელი სულ მცირე ხუთ ცალკეულ შემთხვევაში გაიზარდა; მოგებამ ბოლო 12 წლიდან სულ მცირე შვიდში მოიმატა; არანაკლებ 25 წელია, რაც კომპანია დივიდენდებს უწყვეტად გასცემს; ამ აქციას სულ მცირე 80 ფინანსური ინსტიტუტი ფლობს; S&P რეიტინგი აქციისთვის “A” ან უფრო მაღალია. გარდა ამისა, ვაისი, აქციების შერჩევისას, ფუნდამენტურ მაჩვენებლებსაც იყენებდა.
ჯერალდი ასევე შედარებით კონცენტრირებული საინვესტიციო პორტფელის ფლობის მომხრე იყო, იგი მიიჩნევდა, რომ ინვესტორი არაუმეტეს 10-20 აქციას უნდა ფლობდეს.