უორენ ედვარდ ბაფეტმა, ლეგენდარულმა ინვესტორმა, ტექსტილის მწარმოებელი დასუსტებული ფირმა გარდაქმნა ფინანსურ ძრავად, რომელიც მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ჰოლდინგური კომპანიის მამოძრავებლად იქცა.
ინვესტორი, რომელსაც ხშირად ომაჰას ორაკულს უწოდებენ, ამჟამად მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მე-5 ადგილს იკავებს და მისი ქონება $118 მილიარდს შეადგენს. მიუხედავად ამისა იგი ჯერ კიდევ იმ ხუთოთახიან სახლში ცხოვრობს, რომელიც 1958 წელს $31,000-ად შეიძინა.
ადრეული ცხოვრება და განათლება
უორენი ომაჰაში (ნებრასკა), ჰოვარდ და ლეილა ბაფეტების ოჯახში 1930 წლის 30 აგვისტოს დაიბადა. იგი სამი შვილიდან მეორე და ერთადერთი ბიჭი იყო. მისი მამა ბირჟის ბროკერი და ამერიკელი კონგრესმენი იყო — იგი ამ თანამდებობაზე ოთხი ვადით აირჩიეს.
უორენი, ფულის გამომუშავებით ადრეული ასაკიდანვე იყო დაინტერესებული — იგი გამაგრილებელ სასმელებს ყიდდა და გაზეთების დამრიგებლად მუშაობდა. 14 წლის ასაკში მან ამ მცდელობებიდან მიღებული შემოსავალი დააბანდა 40 ჰექტრის სიდიდის მიწის ნაკვეთში, რომელიც შემდეგ, მოგების მისაღებად, გააქირავა. მამის დაჟინებული თხოვნით მან პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩაბარება გადაწყვიტა, მაგრამ იგი ამ სასწავლებლით აღფრთოვანებული არ დარჩენილა და ორი წლის შემდეგ უორენი ნებრასკას უნივერსიტეტში გადავიდა.
სკოლის დამთავრების შემდეგ მამამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა იგი განათლების ფასეულობაში და წაახალისა, ასპირანტურა დაემთავრებინა. ბაფეტი ჰარვარდში არ მიიღეს, თუმცა იგი კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. უორენი ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების მამად წოდებულ ბენჟამინ გრეჰემთან სწავლობდა და კოლუმბიის უნივერსიტეტში გატარებულმა დრომ საფუძველი ჩაუყარა ლეგენდარული ინვესტორის ისტორიულ კარიერას, თუმცა ნელი დასაწყისით.
სწავლის დასრულების შემდეგ გრეჰემმა უარი თქვა ბაფეტის სამსახურში აყვანაზე და მას ისიც კი ურჩია, კარიერის უოლ სტრიტზე გაგრძელებისგან თავი შეეკავებინა. ბაფეტის მამა გრეჰემს დაეთანხმა და მომავალი ინვესტორი ომაჰაში, მამის საბროკერო ფირმაში სამუშაოდ, დაბრუნდა. 1952 წელს იგი სიუზან ტომპსონზე დაქორწინდა. ცოტა ხნის შემდეგ გრეჰემმა აზრი შეიცვალა და ბაფეტს ნიუ-იორკში სამუშაო შესთავაზა.
აღსანიშნავი მიღწევები
ნიუ-იორკში ბაფეტს მიეცა შესაძლებლობა, განევითარებინა ის საინვესტიციო თეორიები, რომლებიც მან კოლუმბიის უნივერსიტეტში ბენჟამინ გრეჰემისგან ისწავლა. ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირება, გრეჰემის თქმით, გულისხმობდა ისეთი აქციების ძიებას, რომლებიც მის საფუძველში არსებული აქტივების ღირებულებასთან („შინაგანი ღირებულება“) შედარებით უფრო იაფად იყიდებოდა. ბაფეტმა ეს კონცეფცია გააცნობიერა, მაგრამ შემდეგი ნაბიჯების გადადგმით იყო დაინტერესებული.
1956 წელს იგი დაბრუნდა ომაჰაში, დააარსა Buffett Associates და მოგვიანებით აქ სახლიც შეიძინა. 1962 წელს, 30 წლის ასაკში, როდესაც ჩარლი მენგერს შეუერთდა, უორენ ბაფეტი უკვე მილიონერი იყო. მათმა თანამშრომლობამ საბოლოოდ ბაფეტის იდეაზე დაფუძნებული საინვესტიციო ფილოსოფიის განვითარება გამოიწვია — უორენისთვის ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირება რაღაც უფრო მეტია, ვიდრე მცდელობა, მომაკვდავი ბიზნესისგან ბოლო რამდენიმე დოლარის ოდენობით მოგება მიიღო.
მათ შეიძინეს Berkshire Hathaway, განადგურების პირას მყოფი ტექსტილის ქარხანა. ეს დაიწყო, როგორც გრეჰემის კლასიკური, ღირებულებაზე ორიენტირებული თამაში, თუმცა იქცა გრძელვადიან ინვესტიციად, როდესაც ბიზნესმა სიცოცხლის გარკვეული ნიშნები გამოავლინა. ტექსტილის ბიზნესიდან მიღებული ფულადი ნაკადები სხვა ინვესტიციების დასაფინანსებლად გამოიყენებოდა. საბოლოოდ, თავდაპირველი ბიზნესი სხვა ჰოლდინგებმა დაჩრდილა. 1985 წელს ბაფეტმა ტექსტილის ქარხანა დახურა, მაგრამ კომპანიის სახელის გამოყენება განაგრძო.
სიმდიდრე და ქველმოქმედება
უორენ ბაფეტმა გააოცა მსოფლიო 2006 წლის ივნისში, როდესაც განაცხადა, რომ თავისი სიმდიდრის დიდ ნაწილს შემოწირულების სახით გადასცემდა ბილ და მელინდა გეითსების ფონდს, რომელიც ყურადღებას ამახვილებს მსოფლიო ჯანდაცვის საკითხებზე, აშშ-ის ბიბლიოთეკებსა და გლობალურ სკოლებზე, ასევე სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გამჭვირვალე საქველმოქმედო ორგანიზაციაა.
ბაფეტის შემოწირულებები Berkshire Hathaway-ის B კლასის აქციების სახით გაიცემა. 2022 წლის ივნისში, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა — მარკ სუზმანმა გაუგზავნა ელექტრონული წერილი ბილ და მელინდა გეითსების ფონდის თანამშრომლებს. ეს წერილი გავრცელდა ფონდის ვებსაიტზე და ცნობილი გახდა, რომ 2006 წლიდან ბაფეტის შენატანებმა $36 მილიარდს გადააჭარბა. ინვესტორი მოელის, რომ დროთა განმავლობაში აქციების ფასის ზრდა ამ შემოწირულებების ღირებულებას გაზრდის.
ბაფეტის საქველმოქმედო მოღვაწეობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. იგი 40 წლის განმავლობაში გასცემდა ფულს Buffett Foundation-ის მეშვეობით, რომელსაც შემდგომში სიუზან ტომპსონ ბაფეტის ფონდი ეწოდა.
საინვესტიციო სტილი
ბაფეტის საინვესტიციო ფილოსოფია ეფუძნება იმ აქციების შეძენას, რომელთა გამომშვები კომპანიები კარგად მართული და ბაზარზე მოცემული მომენტისთვის დაუფასებელია. ყიდვისას ინვესტორის მიზანია ფასიანი ქაღალდების განუსაზღვრელი ვადით შენარჩუნება. Coca-Cola, American Express და Gillette — ყველა მათგანი აკმაყოფილებდა ამ კრიტერიუმებს და მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებდა ადგილს Berkshire Hathaway-ის საინვესტიციო პორტფელში.
საინტერესო ფაქტები
პირველი აქცია მან 11 წლის ასაკში შეიძინა.
სანამ 11 წლის ბიჭების უმეტესობა ბეისბოლს თამაშობდა და კომიქსებს კითხულობდა, ბაფეტმა აქციები შეიძინა. 1942 წლის გაზაფხულზე, 11 წლის ასაკში, ახალგაზრდა ინვესტორმა Cities Service-ის (ახლა ცნობილია როგორც CITGO) ექვსი პრივილეგირებული აქცია იყიდა — თითო $38-ად.
16 წლის ასაკში $53,000 გამოიმუშავა.
ბაფეტი ჯერ კიდევ პატარაობიდანვე თავდაჭერილი და ძალიან შრომისმოყვარე იყო.
როდესაც მისი მამა კონგრესმენი გახდა, ოჯახი საცხოვრებლად ომაჰადან, ვაშინგტონში გადავიდა. ბაფეტი ყოველ დილით The Washington Post-ს არიგებდა და თვეში დაახლოებით $175-ს გამოიმუშავებდა — ეს მეტია, ვიდრე მასწავლებლების უმეტესობის ხელფასი იმ პერიოდში.
გარდა ამისა, ის რამდენიმე დამატებითი საქმიანობითაც იყო დაკავებული, როგორიც არის მეორადი გოლფის ბურთების და კოლექციონერების მარკების გაყიდვა, მანქანების გაპრიალება. როდესაც ბაფეტი 16 წლის გახდა, მას უკვე $53,000 ჰქონდა გამომუშავებული.
1958 წლის შემდეგ უორენ ბაფეტს საცხოვრებელი არ შეუცვლია
როდესაც მილიარდერზე ფიქრობთ, როგორც წესი, სასახლეებს, დასასვენებელ სახლებს და ძვირადღირებულ ავტომობილებს წარმოიდგენთ. ბაფეტის შემთხვევაში ასე არასდროს ყოფილა. (ალბათ ამიტომაც ვართ ყველანი ასე მოხიბლული მისით.)
ინვესტორი 1958 წლიდან ცხოვრობს ომაჰაში, ხუთი საძინებლის მქონე სახლში, რომელიც თავდაპირველად $31,500-ად შეიძინა.
2013 წელს უორენ ბაფეტი დღეში, საშუალოდ, დაახლოებით $37 მილიონს გამოიმუშავებდა
2013 წლის დასაწყისში უორენ ბაფეტის ქონება $46.4 მილიარდს შეადგენდა, ხოლო იმავე წლის 11 დეკემბერს ეს მაჩვენებელი უკვე $59.1 მილიარდი იყო. გამოდის, რომ თითქმის მთელი წლის განმავლობაში ინვესტორი დღეში, საშუალოდ, დაახლოებით $37 მილიონს გამოიმუშავებდა.
სიმდიდრის თითქმის 99% მან 50 წლის ასაკის შემდეგ გამოიმუშავა
წარმატება ნებისმიერ ასაკში მოდის. მიუხედავად იმისა, რომ ბაფეტი 50 წლამდეც ძალიან წარმატებული იყო, მან სიმდიდრის 99% მას შემდეგ დააგროვა, რაც 50 წლის გახდა. ამჟამად ომაჰას ორაკული 92 წლისაა და მისი ქონება $110 მილიარდს აჭარბებს.
დღის 80%-ს ბაფეტი კითხვაში ატარებს
ლეგენდარული ინვესტორი დღეს გაზეთის კითხვით იწყებს, იგი დღის დაახლოებით 80%-ს კითხვაში ატარებს.
როდესაც ბაფეტს წარმატების გასაღების შესახებ ჰკითხეს, მან წიგნებზე მიუთითა და თქვა: „ყოველდღე 500 გვერდი წაიკითხეთ. ასე მუშაობს ცოდნა. ის გროვდება, როგორც რთული პროცენტი.“