ალვალიდ ბინ ტალალი არის Kingdom Holding Company-ის დამფუძნებელი — ეს არის საუდის არაბეთის კონგლომერატი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინვესტიციებს ახორციელებს სასტუმროებში, უძრავ ქონებასა და საჯარო კომპანიებში.
ალვალიდ ბინ ტალალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ინვესტორია, მისი ქონება ამჟამად $18.7 მილიარდს შეადგენს.
ადრეული ცხოვრება და განათლება
პრინცი ალვალიდ ბინ ტალალი 1955 წლის 7 მარტს საუდის არაბეთში, სამეფო ოჯახში დაიბადა. იგი საუდის არაბეთის პირველი მონარქის — მეფე იბნ საუდის შვილიშვილი და ერის უკანასკნელი მეფის — აბდულა საუდის ძმისშვილია. მისი დედა, პრინცესა მონა ალ სოლჰი, ლიბანის პირველი პრემიერ-მინისტრის ქალიშვილი იყო.
1975 წელს ალვალიდ ბინ ტალალი სწავლის გასაგრძელებლად შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. 1979 წელს მან მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი კალიფორნიის მენლოს კოლეჯში, ხოლო 1985 წელს — მაგისტრის ხარისხი სირაკუზის უნივერსიტეტში.
სწავლის დასრულების შემდეგ ალვალიდ ბინ ტალალი დაბრუნდა საუდის არაბეთში, რათა ბიზნეს კარიერა დაეწყო.
აღსანიშნავი მიღწევები
1980 წელს ალვალიდმა Kingdom Holding Company დააარსა. როგორც ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტორი, იგი იყენებს Kingdom Holding-ს, როგორც საშუალებას, საერთაშორისო მასშტაბით დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელის შესანარჩუნებლად, რომელიც მოიცავს მრავალ სექტორს, მათ შორის საბანკო, უძრავი ქონებისა და ჯანდაცვის სფეროებს.
როდესაც Kingdom Holding დაარსდა, საუდის არაბეთის მთავრობამ მოითხოვა, რომ ქვეყანაში მოღვაწეობით დაინტერესებულ კომპანიებს ადგილობრივი პარტნიორები და წარმომადგენლები ჰყოლოდათ. მომგებიანი შესაძლებლობის გამო, ალვალიდ ბინ ტალალი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენელი გახდა და, ამასთან, იგი ფლობდა წილებს პროექტებში, რომლის განხორციელებასაც ხელს უწყობდა. 1989 წლისთვის მან $1 მილიარდის მოცულობის პირადი ქონება დააგროვა.
შემდეგ Kingdom Holding-მა საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციის მიზნით, United Saudi Commercial Bank შეიძინა, რომელიც საბოლოოდ საუდის არაბეთის სამეფოს უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის — Samba Financial Group-ის მფლობელობაში აღმოჩნდა. 1990-იან წლებში Kingdom Holding-მა შეერთებულ შტატებში Citigroup-ის 4.9%-იანი წილი შეიძინა და ამ უკანასკნელს კვლავ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საუდის არაბეთის კონგლომერატის საინვესტიციო პორტფელში.
ალვალიდ ბინ ტალალის მნიშვნელოვანი ინვესტიციები მოიცავს წილებს Four Seasons Hotel Ltd.-ში, Euro Disney-ში, Lyft-ში, Hotel George V-ში პარიზში და Savoy Hotel-ში ლონდონში. ის იყო X პლატფორმის (ყოფილი Twitter) და News Corporation-ის (Wall Street Journal-ისა და HarperCollins-ის მშობელი კომპანია) ერთ-ერთი პირველი ინვესტორი. ამასთან, 2018 წლის აგვისტოში მან $250 მილიონის მოცულობის ინვესტიცია ჩადო სოციალური ქსელის კომპანია Snap Inc.-ში.
2022 წლისთვის Kingdom Holding-ს საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის $10.3 მილიარდს შეადგენდა. ამ დროისათვის კი ეს მაჩვენებელი $7 მილიარდამდეა შემცირებული.
საინტერესო ფაქტები
- ალვალიდ ბინ ტალალი ზედამხედველობს Alwaleed Philanthropies-ს, რომელიც სამ განყოფილებას მოიცავს. Alwaleed Philanthropies Global ყურადღებას ამახვილებს საქველმოქმედო და ჰუმანიტარულ პროექტებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Alwaleed Philanthropies Lebanon აქცენტს აკეთებს ლიბანის სოციალურ და საზოგადოებრივ საჭიროებებზე, ხოლო Alwaleed Philanthropies Saudi Arabia საუდის არაბეთის სამეფოს საჭიროებებზეა ორიენტირებული.
- 2016 წლის დეკემბერში ალვალიდ ბინ ტალალი შეუერთდა ბილ გეითსის Breakthrough Energy Coalition-ს $50 მილიონიანი ინვესტიციით. ეს კომპანია მიზნად ისახავს, დააჩქაროს ინოვაციები მდგრად ენერგიასა და სხვა ტექნოლოგიებში, რათა სათბურის აირების ემისიები შეამციროს.