სად დავაბანდოთ ფული? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, პირველ რიგში, იმის ცოდნა დაგჭირდება, თუ რასა და რას შორის ირჩევ — ანუ რა არის ფულის მუთაქაში შენახვის ალტერნატივა. თანამედროვე სამყაროში, ინვესტირების ყველაზე გავრცელებული ფორმა კაპიტალის ბაზრებში ინვესტირებაა, სადაც მიღებული მოგების პოტენციალი მნიშვნელოვნად აღემატება საბანკო ანგარიშზე თქვენი ფულის განთავსებით მიღებულ მოგებას. დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული საინვესტიციო პროდუქტებია: აქციები, ობლიგაციები, გაცვლითი სავაჭრო ფონდები (ETFs) და უძრავი ქონება. აღნიშნული საინვესტიციო პროდუქტები ერთმანეთისგან განსხვავებულია და შესაბამისად განსხვავებულია მოსალოდნელი მომგებიანობისა და რისკიანობის მაჩვენებლები.
ფინანსურ ინსტრუმენტებს შორის საბანკო ანგარიშზე განთავსების შემდეგ ყველაზე ნაკლებ რისკიანი საინვესტიციო პროდუქტი ობლიგაციებია. ობლიგაციების ყიდვისას ინვესტორი პერიოდულად იღებს საპროცენტო შემოსავალს კუპონის სახით. თუცა სხვადასხვა კომპანიისა თუ სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ობლიგაციები შესაბამისად განსხვავებული რისკის შემცველია.
დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული საინვესტიციო პროდუქტი აქციებში ინვესტირებაა. საფონდო ბირჟაზე სხვადასხვა სახის აქციებს შეხვდები.
აქციებს განასხვავებენ ზომის (მსხვილი კაპიტალიზაციის, საშუალო კაპიტალიზაციის, მცირე კაპიტალიზაციის აქციები), სექტორისა (ენერგეტიკა, ჯანდაცვა, ტექნოლოგიები, წარმოება და სხვა) და ზრდის პერსპექტივის მიხედვით (სწრაფად მზარდი, ღირებულებითი). აქვე გაითვალისწინე, როდესაც ფინანსური ანალიტიკოსები საფონდო ბირჟებზე ლაპარაკობენ ძირითადად ინდექსებზე საუბრობენ. მსოფლიოში ბევრი სხვადასხვა ინდექსი არსებობს, თუმცა ყველაზე პოპულარული S&P 500-ია, რომელიც აშშ-ს 500 უმსხვილეს საჯარო კომპანიას აერთიანებს, ხოლო NASDAQ კი აშშ-ს ტექნოლოგიურ კომპანიებს მოიცავს.