არსებობს ოთხი სხვადასხვა ძირითადი ტიპის ინვესტორი და თითოეულ მათგანს თავისი განსხვავებული ქცევითი მიკერძოება ახასიათებს. საკუთარი პიროვნების ტიპის გააზრება დაგეხმარებათ, განსაზღვროთ თქვენი გრძელვადიანი საინვესტიციო მიზნები და მათთან მისაღწევი გზები. დღევანდელ სტატიაში ინვესტორების სწორედ ამ ოთხ ტიპს განვიხილავთ.
შემნახველი
„შემნახველი“ არის ინვესტორი, რომელიც უფრო მეტ აქცენტს აკეთებს ფინანსურ უსაფრთხოებაზე და სიმდიდრის შენარჩუნებაზე, ნაცვლად საკუთარ თავზე რისკების აღებისა. ასეთი ინვესტორები იცავენ თავიანთ აქტივებს და მათ დანაკარგები აშფოთებთ.
შემნახველებს შეიძლება არასწორი გადაწყვეტილების მიღების შიში ჰქონდეთ, შესაბამისად, მათ მოქმედებების განხორციელება უჭირთ. უფრო მეტიც, ისინი ხშირად შეპყრობილნი არიან ინვესტიციების მოკლევადიანი წარმადობით. მათ ურჩევნიათ, თავი აარიდონ გადაწყვეტილების მიღებას და სტატუს კვო დაიცვან.
დამოუკიდებელი
დამოუკიდებელ ინვესტორებს ორიგინალური იდეები აქვთ და ინვესტირების პროცესში ჩართვა უყვართ. მათ რისკისადმი საკმაოდ მაღალი ტოლერანტობა ახასიათებთ, სჯერათ გრძელვადიანი ინვესტიციების და ფინანსური მიზნების მისაღწევად მათზე აკეთებენ ფსონს. „მიმდევრებისგან“ განსხვავებით, ისინი საკმაოდ კარგად ერკვევიან ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე პროცესებში.
დამოუკიდებელი ინვესტორები არიან ანალიტიკური და კრიტიკული მოაზროვნეები, რომლებსაც ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ. გარდა ამისა, მათთვის ძნელია იმის აღიარება, რომ ისინი ცდებიან, როდესაც მათი ინვესტიციების ღირებულება მცირდება.
მიმდევარი
მიმდევარი ინვესტორი პასიურია და მიდრეკილია, თავისი მეგობრებისა და კოლეგების კვალს მიჰყვეს. მას ინვესტიციების შესახებ საკუთარი იდეები არ გააჩნია. მიმდევარი ინვესტორები ხშირად ფინანსური ბაზრების შესახებ ნაკლები ცოდნით და მათდამი ნაკლები ინტერესით ხასიათდებიან. გარდა ამისა, მათი გადაწყვეტილების მიღების პროცესი შეიძლება გრძელვადიან გეგმას მოკლებული იყოს. როგორც წესი, მიმდევარი ინვესტორები საკუთარი კვლევის ჩატარების ნაცვლად სხვების მიბაძვაზე არიან ფოკუსირებულნი.
შემგროვებელი
შემგროვებელი ინვესტორი დაინტერესებულია სიმდიდრის დაგროვებით და დარწმუნებულია, რომ ამისთვის შესაბამისი უნარები გააჩნია. ასეთი ინვესტორებისთვის რისკი უცხო არ არის. შემგროვებლები, როგორც წესი, ინფორმაციის ნაწილზე დაყრდნობის ნაცვლად, დეტალებს უღრმავდებიან. ხშირად მათ წარმატებული ბიზნეს გამოცდილება გააჩნიათ და მიიჩნევენ, რომ საინვესტიციო სამყაროშიც შეძლებენ წარმატების მიღწევას. უფრო მეტიც, მათი რწმენით, მათ მიერ არჩეული ნებისმიერი გზა სწორი იქნება.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.