S&P 500 ინდექსი (Standard & Poor’s 500) საბაზრო კაპიტალიზაციის (საბაზრო კაპიტალიზაციის გამოსათვლელად, ერთი აქციის ფასი აქციების რაოდენობაზე მრავლდება) მიხედვით შეწონილი ინდექსია, რომელიც აშშ-ში დაფუძნებულ 500 წამყვან კომპანიას მოიცავს. თუმცა, ამ ინდექსში გაერთიანებულია 505 აქცია, რადგან ზოგიერთ კომპანიას, მაგალითად, Alphabet-სა და Berkshire Hathaway-ის, რამდენიმე კლასის აქცია აქვს. ვინაიდან ეს კომპანიები აშშ-ის საბაზრო კაპიტალის დაახლოებით 80%-ს წარმოადგენს, S&P 500 საფონდო ბირჟის ერთ-ერთ საუკეთესო საზომად ითვლება.
S&P 500-ის წარმოშობა 1923 წლიდან იწყება, როდესაც Standard & Poor’s-მა შემოიტანა ინდექსების სერია, რომელიც 26 ინდუსტრიის მასშტაბით 233 კომპანიას მოიცავდა. ხოლო S&P 500 ისეთი სახით, როგორითაც დღეს არის ცნობილი, 1957 წელს დაინერგა.
მიუხედავად იმისა, რომ ინდექსში ინვესტიციას ვერ ჩადებთ, შეგიძლიათ შეიძინოთ წილი S&P 500-ზე ფოკუსირებულ საინდექსო, გაცვლით სავაჭრო (ETF) და ურთიერთდახმარების ფონდებში.
როგორ ირჩევს S&P 500 აქციებს?
ინდექსი, აქციების არჩევისას, არ კონცენტრირდება მხოლოდ საბაზრო კაპიტალზე. კომპანიამ უნდა დაამტკიცოს, რომ დიდთან ერთად სტაბილურიც არის და შემდეგი კრიტერიუმები დააკმაყოფილოს:
- მისი საბაზრო კაპიტალიზაცია მინიმუმ $8.2 მილიარდს უნდა შეადგენდეს
- დაფუძნებული უნდა იყოს აშშ-ში
- უნდა იყოს აშშ-ის შესაბამისი ბირჟის (როგორც არის NYSE ან NASDAQ) ლისტინგში
- უნდა ჰქონდეს დადებითი შემოსავალი როგორც ბოლო კვარტალში, ასევე გასული წლის განმავლობაში
- სტრუქტურირებული უნდა იყოს, როგორც კორპორაცია, რომელიც უშვებს ჩვეულებრივ აქციებს
S&P 500 თავის საზომში მხოლოდ თავისუფლად მცურავ აქციებს (აქციები, რომლებიც საჯარო ვაჭრობისთვის არის ხელმისაწვდომი) განიხილავს. ინდექსი ასევე რეგულირდება კომპანიის შერწყმის ან ახალი აქციების გაყიდვის გათვალისწინებით. იქიდან გამომდინარე, რომ ინდექსი შეწონილია, S&P 500-ის მთლიან ღირებულებაზე ყველა კომპანიას თანაბარი გავლენა არ აქვს.
მაგალითად, 2022 წლის თებერვლის მდგომარეობით, Apple-ის წონა 7%-ზე მეტია. შედარებისთვის, Fox Corporation-ის B კლასის აქციების წონა მხოლოდ 0.0155%-ს შეადგენს. შესაბამისად, ინდექსზე Apple-ის ზემოქმედების მასშტაბი ბევრად უფრო დიდია ვიდრე Fox Corporation-ის.
ინდექსში თითოეული კომპანიის წონა გამოითვლება ამ კონკრეტული კომპანიის საბაზრო კაპიტალის ინდექსის მთლიან საბაზრო კაპიტალთან შეფარდებით.
რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
S&P 500 ხშირად წარმოადგენს ეტალონს სხვა ფონდებისთვის. ბევრი ETF და ურთიერთდახმარების ფონდი პასიურად მიჰყვება მთლიანად S&P 500-ს ან მის ნაწილს, ეს კი ინვესტორებს ფართო ექსპოზიციაზე წვდომის საშუალებას აძლევს.
S&P 500 ინდექსი ასევე არის აშშ-ის საერთო ბაზრის სიჯანსაღის ერთ-ერთი საუკეთესო საზომი. ეს არის სასარგებლო ინსტრუმენტი მოცემულ ვადებში თქვენი პორტფელის მუშაობის შესაფასებლად.
საშუალო ანაზღაურება
თითქმის 100 წლის განმავლობაში S&P 500-ის წლიური საშუალო ანაზღაურება 10%-ს შეადგენს (დივიდენდების ჩათვლით). მაგრამ ამ შემოსავლების გაცნობიერება გრძელვადიანი პერსპექტივით აზროვნებით შეგვიძლია, რადგან კონკრეტულს წელს ინდექსმა შეიძლება დადებითი ან უარყოფითი მაჩვენებლები დააფიქსიროს.
და მაინც, გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორისთვის, 10%-იანი საშუალო შემოსავლის მიღება საკმაოდ კარგად ჟღერს.
ხარისხიან S&P-ზე დაფუძნებულ ფონდში ინვესტირება ცალკეულ აქციაზე ნაკლები კვლევის ჩატარებას ნიშნავს. რაც მთავარია, ისტორიულად, ინდექსმა დაამტკიცა, რომ შეუძლია დააფიქსიროს ძლიერი შედეგები, რომელიც შეგიძლიათ თქვენს პორტფელზეც ასახოთ.