პასიური ინვესტირება არის საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც გულისხმობს შემოსავლის მაქსიმალურად გაზრდას ყიდვა-გაყიდვის აქტივობების შემცირებით. პასიურ საინვესტიციო სტრატეგიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიმართულებაა საინდექსო ფონდებში ინვესტირება, რომლის დროსაც ინვესტორები ინვესტიციას დებენ ცნობილი ინდექსების, მაგალითად, S&P 500-ის, ფონდებში.
პასიური ინვესტირების გაგება
პასიური ინვესტირების მეთოდები გულისხმობს საკომისიოებისა და შეზღუდული წარმადობის თავიდან აცილებას, რაც შეიძლება ხშირმა ვაჭრობამ გამოიწვიოს. პასიური ინვესტირების მიზანი სიმდიდრის ეტაპობრივად დაგროვებაა. ის ასევე ცნობილია, როგორც “Buy and Hold” სტრატეგია, რომელიც ფასიანი ქაღალდის შეძენას და მის გრძელვადიან პერსპექტივაში ფლობას ნიშნავს. აქტიური ტრეიდერებისგან განსხვავებით, პასიური ინვესტორები არ ცდილობენ, მოგება მიიღონ ფასების მოკლევადიანი რყევების ან ბაზარზე შესვლისა და გამოსვლისთვის სწორი დროების გამოცნობის საშუალებით. პასიური საინვესტიციო სტრატეგიის ძირითადი დაშვება არის ის, რომ ბაზარი დროთა განმავლობაში პოზიტიურ ანაზღაურებას იძლევა.
პასიური მენეჯერები, როგორც წესი, მიიჩნევენ, რომ რთულია ფართო ბაზარზე უკეთესი წარმადობის დაფიქსირება, ამიტომ ისინი ცდილობენ, მთლიანი ბაზრის ან სექტორის მუშაობასთან შესაბამის შედეგებს მიაღწიონ. პასიური ინვესტირების მიზანია, გაიმეოროს ბაზრის წარმადობა ცალკეული აქციების კარგად დივერსიფიცირებული პორტფელების შექმნით, რაც ინდივიდუალურად განხორციელების შემთხვევაში, ვრცელ კვლევას საჭიროებს. 1970-იან წლებში საინდექსო ფონდების შემოღებამ ბევრად გააადვილა ბაზრის წარმადობასთან შესაბამისი შემოსავლების მიღება. 1990-იან წლებში კი გაცვლითმა სავაჭრო ფონდებმა (ETF), რომლებიც მიჰყვება ძირითად ინდექსებს, როგორიცაა SPDR S&P 500 ETF (SPY), კიდევ უფრო გაამარტივა პროცესი, რადგან ინვესტორებს საშუალება მიეცათ, ფონდების წილები აქციების მსგავსად შეეძინათ.
ამის საპირისპიროდ, აქტიური ინვესტორები საფონდო ბირჟაზე დიდი მოგების მიღებისკენ ისწრაფვიან. ისინი თავად ირჩევენ ფასიან ქაღალდებს. აქტიურ ინვესტორებს ერთი მიზანი აქვთ: აჯობონ ბაზრის საშუალო ანაზღაურებას. ისინი ამას სხვადასხვა სტრატეგიის საშუალებით აკეთებენ, მაგრამ მთავარი საფუძველს მოკლევადიანი რყევებით და გრძელვადიანი ტენდენციებით სარგებლობა წარმოადგენს.
აქტიური ინვესტირება დიდ დროსა, ძალისხმევას მოითხოვს და საინვესტიციო პორტფელში შემავალი ფასიანი ქაღალდების ღრმა ანალიზს მოიცავს. ამრიგად, ბევრი აქტიური ინვესტორი ყოველდღიურ ვაჭრობას მიმართავს, თუმცა ყველა მათგანი არა, რადგან ზოგიერთ აქტიურ ინვესტორს როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი მოგების მიღება სურს.
პასიური ინვესტირების უპირატესობები და ნაკლოვანებები
კარგად დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელის შენარჩუნება მნიშვნელოვანი ფაქტორია საინვესტიციო სამყაროში წარმატების მისაღწევად, ხოლო ფონდებში ინვესტირება მყისიერი დივერსიფიკაციის საშუალებას გვაძლევს. საინდექსო ფონდები ფართოდ ანაწილებს რისკს მრავალ ფასიან ქაღალდზე. გამარჯვებული აქციების აღმოჩენის ნაცვლად, ასეთი ფონდების მიზანი კონკრეტული ინდექსის წარმადობის გამეორებაა, ამიტომ ამ შემთხვევაში ფასიანი ქაღალდების მუდმივი ყიდვა-გაყიდვის საჭიროება არ არსებობს. შედეგად, ასეთ ფონდებს ახასიათებს უფრო დაბალი საკომისიო და საოპერაციო ხარჯები, ვიდრე — აქტიურად მართულ ფონდებს. საინდექსო ფონდი სიმარტივეს გვთავაზობს.
თუმცა, პასიური ინვესტირება მთლიან საბაზრო რისკს ექვემდებარება. საინდექსო ფონდები მიჰყვება ფართო ბაზარს, ამიტომ, როდესაც ეს უკანასკნელი ეცემა, ფონდიც ვარდნას განიცდის. კიდევ ერთი რისკი არის მოქნილობის ნაკლებობა. საინდექსო ფონდის მენეჯერებს, ჩვეულებრივ, ეკრძალებათ თავდაცვითი ზომების გამოყენება, როგორიცაა კონკრეტული აქციების წილის შემცირება, მაშინაც კი, თუ მენეჯერი ფიქრობს, რომ მათი ფასები შემცირდება. პასიურად მართულ საინდექსო ფონდებს ექმნება წარმადობის შეზღუდვები, რადგან ისინი შექმნილია იმისთვის, რომ კონკრეტულ ინდექსთან შესაბამისი წარმადობა დააფიქსიროს, ნაცვლად უკეთესი შედეგების მიღწევისა. მათი ანაზღაურება იშვიათად ჯაბნის ინდექსის წარმადობას და, როგორც წესი, საბოლოო ჯამში ეს მაჩვენებელი ოდნავ ნაკლებიც კი გამოდის ფონდის საოპერაციო ხარჯების გამო.