„მშობელი კომპანია“ არის ეკონომიკური ობიექტი, რომელიც ფლობს სხვა კომპანიის საკონტროლო პაკეტს. ეს მას ამ ფირმის ოპერაციების გაკონტროლების საშუალებას აძლევს. მშობელი კომპანიები შეიძლება შვილობილი ფირმის საქმიანობაში მეტად ან ნაკლებად აქტიურად იყოს ჩართული, რაც ამ უკანასკნელისთვის მინიჭებული მმართველობითი კონტროლის უფლების ხარისხზეა დამოკიდებული. თუმცა მშობელი კომპანია მუდამ ინარჩუნებს შვილობილი ფირმის აქტიური კონტროლის გარკვეულ დონეს.
როგორ მუშაობს მშობელი კომპანია?
მშობელი კომპანიები შეიძლება იყვნენ კონგლომერატები, რომლებიც შედგებიან სხვადასხვა, ერთი შეხედვით, ურთიერთდაკავშირებული ბიზნესისგან, რომლის მრავალფეროვან ბიზნეს ერთეულებს შეუძლიათ, “cross-branding”-ით (როდესაც ორი ბრენდი ერთად მუშაობს ახალი პროდუქტის შესაქმნელად) ისარგებლონ. თუმცა, მშობელი კომპანია განსხვავდება ჰოლდინგისგან. პირველი მათგანი ახორციელებს საკუთარ ბიზნეს ოპერაციებს, განსხვავებით ჰოლდინგისგან, რომელიც შექმნილია სპეციალურად შვილობილი კომპანიების ჯგუფის პასიურად ფლობისთვის — ხშირად საგადასახადო მიზნებისთვის.
მშობელი კომპანიები და მისი შვილობილი ფირმები შეიძლება ჰორიზონტალურად იყოს ინტეგრირებული, როგორც Gap-ის შემთხვევაში, რომელიც Old Navy-სა და Banana Republic-ის შვილობილ ფილიალებს ფლობს. ასევე შესაძლებელია ვერტიკალური ინტეგრაცია, წარმოების ან მიწოდების ჯაჭვის სხვადასხვა ეტაპზე მყოფი რამდენიმე კომპანიის ფლობით. მაგალითად, AT&T-ის მიერ Time Warner-ის შეძენა ნიშნავდა, რომ ის გახდა როგორც ფილმის წარმოების ბიზნესის, ასევე მაუწყებლობის მფლობელი.
მშობელ კომპანიად ჩამოყალიბება
ორი ყველაზე გავრცელებული გზა მშობელ კომპანიად ჩამოსაყალიბებლად არის მცირე ფირმების შესყიდვა ან კომპანიის გამოყოფა.
მსხვილი კომპანიები ხშირად ყიდულობენ მცირე ფირმებს კონკურენციის შესამსუბუქებლად, ოპერაციების გასაფართოებლად, ხარჯების შესამცირებლად ან სინერგიის მისაღწევად. მაგალითად, Meta-მ (ადრე ცნობილი, როგორც Facebook) შეიძინა Instagram მომხმარებლის საერთო ჩართულობის გასაზრდელად და საკუთარი პლატფორმის გასაძლიერებლად, ხოლო Instagram სარგებლობს მეტი მომხმარებლით და რეკლამის განსათავსებელი დამატებითი პლატფორმის არსებობით. თუმცა, Meta არ ახორციელებს ზედმეტ კონტროლს, მან Instagram-ს შეუნარჩუნა ავტონომიური გუნდი, მათ შორის თავდაპირველი დამფუძნებლები და აღმასრულებელი დირექტორი.
ბიზნესები, რომლებსაც სურთ თავიანთი ოპერაციების გამარტივება, ხშირად გამოყოფენ მთლიანი ორგანიზაციისგან ნაკლებად პროდუქტიულ ან დაუკავშირებელ შვილობილ კომპანიებს. მაგალითად, კომპანიამ შეიძლება გამოყოს თავისი ერთ-ერთი მომწიფებული ბიზნეს ერთეული, რომელიც არ იზრდება, რათა ზრდის უკეთესი პერსპექტივის მქონე პროდუქტზე ან სერვისზე ფოკუსირდეს. მეორეს მხრივ, თუ ბიზნესის ნაწილი სხვა მიმართულებით მიემართება და მშობელი კომპანიისგან განსხვავებული სტრატეგიული პრიორიტეტები აქვს, ის ამ შემთხვევაშიც შეიძლება მთლიან ეკონომიკურ ობიექტს გამოეყოს.
მნიშვნელოვანი საკითხები
იქიდან გამომდინარე, რომ მშობელი კომპანიები შვილობილ ფირმაში ხმის მიცემის უფლების მქონე აქციების 50%-ზე მეტს ფლობენ, მათ უნდა მოამზადონ კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, რომელიც ორი კომპანიის ფინანსურ მონაცემებს აერთიანებს და გამორიცხავს მათ შორის ნებისმიერ გადაკვეთას, მაგალითად, კომპანიის გადარიცხვების, გადახდებისა და სესხების მიმართულებით. ეს კომბინირებული ფინანსური ანგარიშგება კომპანიების მთელი ჯგუფის საერთო ფინანსური სიჯანსაღის სურათს წარმოაჩენს.