„ფულის ილუზია“ არის ეკონომიკური თეორია, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანებს აქვთ მიდრეკილება, თავიანთი სიმდიდრე და შემოსავალი შეაფასონ ნომინალურად და არა — რეალურად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს თეორია გულისხმობს, რომ ადამიანები არ ითვალისწინებენ ინფლაციის დონეს ეკონომიკაში და მიაჩნიათ, რომ ფულის მსყიდველუნარიანობა გასული წლის შემდეგ არ შეცვლილა.
„ფულის ილუზიას“ ზოგჯერ „ფასის ილუზიასაც“ უწოდებენ.
„ფულის ილუზიის“ გააზრება
„ფულის ილუზია“ ფსიქოლოგიური საკითხია, რომელიც ეკონომისტების მწვავე დებატების საგანს წარმოადგენს. ზოგიერთი ექსპერტი ამ თეორიას არ ეთანხმება და ამტკიცებს, რომ ადამიანები თავიანთ შემოსავალს ავტომატურად რეალურ პირობებში განიხილავენ, ითვალისწინებენ ინფლაციას, რადგან ხედავენ ფასების ცვლილებას ყოველ ჯერზე, როდესაც მაღაზიაში შედიან.
ამავდროულად, სხვა ეკონომისტები ამტკიცებენ, რომ „ფულის ილუზია“ საკმაოდ გავრცელებულია და მაგალითად მოჰყავთ ისეთი ფაქტორები, როგორებიც არის ფინანსური განათლების ნაკლებობა, ასევე ბევრ საქონელსა და მომსახურებაზე ფასების სიმტკიცე, რის გამოც ადამიანები შეიძლება გაებან მახეში და ცხოვრების მზარდი ღირებულება დააიგნორონ.
„ფულის ილუზიას“ ხშირად ასახელებენ იმის მიზეზად, თუ რატომ არის ეკონომიკისთვის სასურველი ინფლაციის დაბალი დონე — 1%-2%. მაგალითად, ეს საშუალებას აძლევს დამსაქმებლებს, მოკრძალებულად გაზარდონ ხელფასები ნომინალური თვალსაზრისით, რეალურად მეტის გადახდის გარეშე. შედეგად, ბევრი ადამიანი, ვისი ხელფასიც იმატებს, თვლის, რომ მისი სიმდიდრის დონე იზრდება, მიუხედავად ინფლაციის რეალური მაჩვენებლისა.
აღსანიშნავია, რომ ადამიანების აღქმა ფინანსების შესახებ „ფულის ილუზიით“ არის „გაჟღენთილი“. მაგალითად, ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ადამიანები, ფულის რეალური ღირებულების უცვლელობის პირობებში, ხელფასის 2%-იან შემცირებას უსამართლოდ აღიქვამენ. თუმცა მათთვის სამართლიანია ანაზღაურების 2%-იანი ზრდა მაშინ, როდესაც ინფლაციის დონე 4%-ს შეადგენს.
„ფულის ილუზიის“ ისტორია
ტერმინი „ფულის ილუზია“ პირველად ამერიკელმა ეკონომისტმა — ირვინგ ფიშერმა გამოიყენა თავის წიგნში — Stabilizing the Dollar. მოგვიანებით ფიშერმა 1928 წელს დაწერა ამ თემისადმი მიძღვნილი მთელი წიგნი, სახელწოდებით The Money Illusion.
ტერმინის პოპულარიზაციას კი ხელი ბრიტანელმა ეკონომისტმა — ჯონ მეინარდ კეინსმა შეუწყო.