როდესაც საქმე წარმატებულ საინვესტიციო ისტორიებს ეხება, მაიკლ ბერი ერთ-ერთი გამორჩეული ინვესტორია. თავდაპირველად იგი ინვესტირებით სამედიცინო სკოლაში სწავლის დროს დაინტერესდა და აქციების შერჩევაში ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.
საინვესტიციო სამყაროში მაიკლი ცნობილია იმით, რომ მან იწინასწარმეტყველა იპოთეკური კრიზისი, რომელიც აშშ-ში 2007-2010 წლების მანძილზე გრძელდებოდა. 2007 წელს მან მოკლე პოზიცია1 დაიკავა იპოთეკური ობლიგაციების ბაზარზე, რითაც გამოიმუშავა პირადი მოგება — $100 მილიონი, ხოლო მის მიერ დაარსებული ჰეჯ-ფონდის — Scion Capital-ის ინვესტორებს $700 მილიონი მოუტანა.
2015 წელს იპოთეკური ბაზრის კრიზისის შესახებ გადაღებულ ოსკაროსან ფილმში — The Big Short — კი მაიკლი ცნობილმა მსახიობმა — კრისტიან ბეილმა განასახიერა.
დღეს სწორედ ამ საინტერესო ინვესტორის შესახებ ვისაუბრებთ და მის საინვესტიციო მიდგომას განვიხილავთ.
მაიკლ ბერის საინვესტიციო მიდგომა
მაიკლ ბერი არის ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტორი, რომელმაც თავისი საინვესტიციო სტილი ბენჟამინ გრეჰემისა და დევიდ დოდის წიგნის — Security Analysis-ის საფუძველზე შეიმუშავა. ბერის ინვესტიციების ძირითადი კომპონენტი უსაფრთხოების ზღვარია. ერთხელ მან თქვა: „აქციების შერჩევის ჩემეული პროცესი 100%-ით უსაფრთხოების ზღვრის კონცეფციაზეა დაფუძნებული“.
უსაფრთხოების ზღვარი არის საინვესტიციო პრინციპი, რომლის მიხედვითაც ინვესტორი ყიდულობს ფასიან ქაღალდებს მხოლოდ მაშინ, როდესაც მათი საბაზრო ფასი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება მათსავე შინაგან ღირებულებას.
იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თუ კომპანია რეალურად უფრო მეტი ღირს ვიდრე მისი ამჟამინდელი აქციების ფასია, მაშინ ეს არის უსაფრთხო ინვესტიცია, რადგან ფასი საბოლოოდ კომპანიის ღირებულების შესატყვისად გაიზრდება.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ინვესტორი მიჰყვება ღირებულებაზე ორიენტირებულ საინვესტიციო სტრატეგიას, მაიკლ ბერის მიდგომის რამდენიმე უნიკალური ელემენტი ახასიათებს, რაც მას წარმატების მიღწევაში დაეხმარა. აი, რა განასხვავებს მაიკლის საინვესტიციო მიდგომას სხვებისგან:
- იგი ეძებს ღირებულებას ყველგან. მისი ყველაზე ცნობილი ინვესტიცია არა აქციები, არამედ იპოთეკური ობლიგაციების ბაზარზე შეძენილი პოზიციები იყო.
- მაიკლი გარე გავლენებს და ბაზრის განწყობებს უფლებას არ აძლევს, მის გადაწყვეტილებებზე იმოქმედოს. იგი თავის ინვესტიციებს აფუძნებს საკუთარ ტექნიკურ ანალიზზე და საპირისპირო შეხედულების მოსმენას არ უშინდება.
- მაიკლი ხშირად ახორციელებს ინვესტიციებს ბაზრის არაპოპულარულ სექტორებში.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ბოლოს Scion Asset Management მხოლოდ ცხრა განსხვავებულ აქციას ფლობდა. ეს შეეფერება ბერის სტილს, იგი არ დებს ინვესტიციებს მრავალ კომპანიაში იმ იმედით, რომ რამდენიმე დიდი გამარჯვებული დამარცხებულებს დააბალანსებს.
რა შეგვიძლია ვისწავლოთ მაიკლ ბერისგან ინვესტირების შესახებ?
მაიკლ ბერის ინვესტიციების მიღმა არსებული ზოგადი იდეა საკმაოდ მარტივია, მაგრამ იმის გამეორება, რასაც იგი აკეთებს, ბევრად რთულია. მაიკლი ცნობილია საფუძვლიანი კვლევების ჩატარებით და აშკარად ძლიერი ანალიტიკური გონებით — ეს ორი ფაქტორი მისი წარმატების გასაღებია.
მაიკლ ბერის წარმატებულ საინვესტიციო გზაში შეიძლება მრავალი ღირებული გაკვეთილი აღმოვაჩინოთ. აი, რამდენიმე მათგანი:
- ორიენტირდით ხარისხზე და არა რაოდენობაზე.
- ნუ შეგეშინდებათ არასტანდარტულად ფიქრისა და მოქმედების.
- იყავით მზად თქვენი ინვესტიციების შესანარჩუნებლად არასტაბილურობის პერიოდშიც კი.
[1] ეს არის საინვესტიციო აქტივობა, რომლის დროსაც ინვესტორი სესხულობს და ყიდის ფასიან ქაღალდებს იმ იმედით, რომ შემდგომში მათ უფრო იაფად შეიძენს.